Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის, „ფაროსანას“ შემოტევისა და სწავლის დაწყების კვირა


მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 10 სექტემბერს, თავისი მომხრეების დახმარებით, გადაკვეთა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი და უკრაინაში შევიდა, უკრაინის სახელმწიფოსგან „დამატებით დაცვას“ მოითხოვს. სააკაშვილის ადვოკატმა, მარკიან გალაბალამ 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ, აღნიშნული მოთხოვნით, სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურში შესაბამისი განაცხადი უკვე შეტანილია, რამაც უნდა შეაჩეროს სააკაშვილის ექსტრადირებაზე მოთხოვნის შესრულება. თავად სააკაშვილმა ასევე თქვა, რომ უკრაინისკენ მომავალ გზაზე, ავტობუსში ყოფნისას, მას უკრაინის პასპორტი მოპარეს – ახლა მას აღარც პასპორტი აქვს, აღარც მოქალაქეობა, თუმცა ბრძოლას მის აღსადგენად კიევის სასამართლოში აპირებს. ამასობაში, უკრაინის პოლიციამ, მომხდართან დაკავშირებით, უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე.

იმ შემთხვევაში, თუ 10 სექტემბერს, ღამით უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტთან მომხდარში მონაწილე პირებს დანაშაული დაუმტკიცდებათ, მათ 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ „დანაშაული“ უწოდა უკრაინის ტერიტორიაზე ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესვლას, საპასპორტო კონტროლის გარეშე.

საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, მხოლოდ უკრაინის საქმეა, თუმცა, თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს საზღვარს გადმოკვეთს, კანონის წინაშე აგებს პასუხს იმისთვის, რაც მას ბრალად ედება.

დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დევნა, რომელიც იმთავითვე დაკვეთილია ვლადიმერ პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს მას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება...
ზაზა ბიბილაშვილ

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში შესვლის ფაქტს საგანგებო პრესკონფერენციით გამოეხმაურნენ თავად სააკაშვილის პარტიაშიც, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა ბიბილაშვილმა მოუწოდა ხელისუფლებას – დაუყოვნებლივ აღუდგინონ სააკაშვილს მოქალაქეობა.

„დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ. დევნა, რომელიც იმთავითვე დაკვეთილია ვლადიმერ პუტინის მიერ. დაუყოვნებლივ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა და მიეცეს მას საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დაბრუნების და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება“.

გასული კვირის ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომელიც პარლამენტში ქალების კვოტებით მიღებას ითვალისწინებს. ინიციატივა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა 37 000-ზე მეტი ხელმოწერის შეგროვების შედეგად წარადგინა. ეს თაოსნობა გულისხმობს არჩევნებში პარტიების მიერ პროპორციული სიის 50 პროცენტის ქალებით დაკომპლექტებას. იმ შემთხვევაში, თუ პარტია მაინც მამაკაცებს მიანიჭებს უპირატესობას, ის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრირებას მხოლოდ ამ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ შეძლებს. როგორც „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბაია პატარაიამ განაცხადა, დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილება შეეხება მხოლოდ პროპორციულ სიებს და არა მაჟორიტარ დეპუტატებს. შესაბამისად, ქალების რიცხოვნება პარლამენტში, დაახლოებით, 25 პროცენტს გაუტოლდება.

საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, შექმნილი ჩიხიდან გამოსავალი შესთავაზა გასულ კვირაში საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკურ ძალებსა და საპარლამენტო უმრავლესობას. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს ოპოზიციურ პარტიებს, აიღონ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული და ორი მოსმენით უკვე მიღებული კონსტიტუციის პროექტი და მონიშნონ ის პუნქტები, რომლებიც წინააღმდეგობას იწვევდა და, ამის გათვალისწინებით, დაწერონ ალტერნატიული ვერსია:

„ეს შეიძლება იყოს კიდევ ერთი შანსი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, რომ დაფიქრდეს იმაზე, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. ძალიან უცნაური იყო მთელი ის პოლემიკა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ზეპირად გვითხარით, წერილობით გამოგვიგზავნეთ და ა.შ. აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი იყო“.

თუმცა, გიორგი მარგველაშვილის მოწოდება – ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების არსებულ დოკუმენტზე დაყრდნობით დაწერონ კონსტიტუციის პროექტის ახალი ვერსია – მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიისათვის, რომლის ლიდერებმა პრეზიდენტის ინიციატივაში პარლამენტის დისკრედიტაციის მცდელობა დაინახეს.

უკანასკნელი თვეების მანძილზე, დასავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის უმძიმეს თავსატეხად იქცა მავნებელი მწერის, ე.წ აზიური ფაროსანას შემოტევა. გასულ კვირაშიც გრძელდებოდა სამეგრელოში სამუშაოები მავნებლის წინააღმდეგ, რომელმაც წელს დასავლეთ საქართველოს დიდ ტერიტორიაზე სხვადასხვა ნარგავის ნაყოფი გაანადგურა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში, ამჯერად, ავიაციაც ჩაერთო. პარალელურად, მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 11 სექტემბერს ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის წინ ხალხი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ფაროსანასგან მიყენებულ ზარალთან მოსახლეობა მარტო არ უნდა დატოვოს.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ვადა 18 სექტემბრამდე მისცეს. მათი თქმით, მავნებელმა მთელი მოსავალი გაანადგურა, რის გამოც, ბანკის ვალების გადახდა არ შეუძლიათ. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აქციების გაგრძელებით იმუქრებიან. თავის მხრივ, სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპენსაციების გაცემა მათი პრეროგატივა არ არის. იგივე აზრი გამოთქვა ზუგდიდის გამგებლის პირველმა მოადგილემ, მამუკა წოწერიამაც. მისი თქმით, სახელმწიფო მხოლოდ ტექნიკური სამუშაოებით ეხმარება მოსახლეობას და, ინდივიდუალურად, ზარალის ანაზღაურება გათვალისწინებული არ არის:

„მთელი რესურსები მობილიზებულია ისეთ კომპლექსურ ღონისძიებებზე, როგორიცაა შეწამვლები და ცნობიერების ამაღლება მოსახლეობის, თუ როგორ უნდა შეებრძოლონ სოკოვან დაავადებებს და მავნებლებს. ინდივიდუალური კომპენსაციების თემა არ განიხილება“.

აუდიტის სამსახურმა 13 სექტემბერს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო პოლიტიკური პარტიების ფინანსებისა და შემოწირულებების მონიტორინგის შედეგები. აუდიტის სამსახურის ხელთ არსებული მონაცემების თანახმად, 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ განხორციელებულმა შემოწირულებამ 7 მილიონ 300 ათასი ლარი შეადგინა. პირობით რეიტინგში, 323 675 ლარით მეორე ადგილზე აღმოჩნდა „ევროპული საქართველო“, 15 600 ლარით მესამეზე – „პატრიოტთა ალიანსი“, შემდეგ 15 300 ლარით – ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, 12 204 ლარი მიიღო „ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ“, 9 215ლარი – „ეროვნულმა ფორუმმა“, 5432 კი – „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ფინანსური შემოწირულობების ოდენობის მიხედვით, ასე დაჯგუფდა პოლიტიკური პარტიების პირველი შვიდეული. აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, აღნიშნულ სამსახურს პარტიების შემომწირველი 101 პირის შემოსავლებთან დაკავშირებით გაუჩნდა კითხვები და მათგან ნაწილი პასუხების გასაცემად დაბარებულია:

„ამ ეტაპზე, ჩვენ დაბარებული გვყავს 14 ფიზიკური პირი. აქედან ექვსი არის „ევროპული საქართველოს“, ხოლო რვა არის „ქართული ოცნების“ შემომწირველი, რომელთა შემოსავლებთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. ვინაიდან, ცალკეულ შემთხვევაში, მათი შემოსავალი მიმდინარე წელს ნაკლები არის მათ მიერ განხორციელებული შემოწირულობის ან მცირედით აღემატება. შესაბამისად, ჩვენ ამ პირებთან ვაპირებთ გასაუბრებას, რომ მათ მივცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულება და დასაბუთება მათ მიერ განხორციელებული შემოსავლების წარმომავლობის“.

ირაკლი მექვაბიშვილი
ირაკლი მექვაბიშვილი

გასული კვირის ხუთშაბათს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილის კანდიდატურის წარდგენას. საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ მექვაბიშვილის პროფესიული გამოცდილება მნიშვნელოვნად წაადგება სახელმწიფო აუდიტის შემდგომ ინსტიტუციონალურ განვითარებას. ირაკლი მექვაბიშვილი, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) უფროს ბანკირად მსახურობდა. ახალი გენერალური აუდიტორი პარლამენტმა 20 სექტემბერს, პლენარულ სხდომაზე უნდა აირჩიოს.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატი დაახასიათა, როგორც უაღრესად მაღალი რანგის ფინანსისტი, რაზეც მეტყველებს მისი შთამბეჭდავი კარიერა „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“:

„ის „ევრობანკის“ უფროსი ბანკირია, ბოლო ათი წლის განმავლობაში ახორციელებს საფინანსო-საინვესტიციო პროექტებს საფინანსო ინსტიტუტებში – როგორც საქართველოში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში, ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება მნიშვნელოვნად გამოადგება სახელმწიფო აუდიტის ინსტიტუციონალურ განვითარებას. გარდა ამისა, ასევე მნიშვნელოვანია მჭიდრო ურთიერთობა პარლამენტისა და აუდიტის სამსახურისა, რადგანაც პარლამენტს აქვს ერთადერთი ბერკეტი – აუდიტის სამსახური, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი სამთავრობო ხარჯების კონტროლი“.

გასულ კვირაში გაიმართა გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნები. 139 დელეგატის მხარდაჭერით, ირაკლი პეტრიაშვილი საქართველოს გაერთიანებულ პროფკავშირებს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ უხელმძღვანელებს. მისმა კონკურენტმა, ენერგეტიკის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარემ, ამირან ზენაიშვილმა დელეგატთა 62 ხმა მოიპოვა. ორი ბიულეტენი კი გაბათილდა. საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მიმდინარე არჩევნებში სამი წარდგენილი კანდიდატურიდან ერთმა – ხელოვნების მუშაკთა პროფკავშირების მოქმედმა თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა, კენჭისყრამდე მცირე ხნით ადრე, კანდიდატურა მოხსნა. გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებს წინ დაპირისპირება უძღოდა, რასაც, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, პოლიტიკური ელფერი ჰქონდა. ანალოგიური აზრი დააფიქსირა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელმა, ლინა ღვინიანიძემ რადიო თავისუფლებასთან:

„არსებობდა, ასევე, ძალიან დიდი კრიტიკა შიგნით, რომელიც მიანიშნებდა იმაზე, რომ დაუშვებელია, ამ კრიტიკის პირობებში, არსებულ თავმჯდომარეს მეოთხედ ეყარა კენჭი. მეორე მხრივ, არსებობდა სხვა კანდიდატი, რომელიც ცხადად აჩვენებდა ხელისუფლების შესაძლო ინტერესს, რომ გავლენა მოეხდინა საარჩევნო პროცესებზე და მისი შედეგებით გაენეიტრალებინა პროფესიული კავშირების, როგორც მნიშვნელოვანი აქტორის როლი მომავალში“.

კვირის ბოლო სამუშაო დღეს, საქართველოს მასშტაბით, 2085 სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

წელს სკოლის ცხოვრებაში რამდენიმე სიახლეა: განათლების მინისტრის ბრძანებით, სასკოლო კვების ორგანიზებისას აიკრძალება – საღეჭი რეზინის, კანფეტების, შოკოლადის, არომატიზებული წასახემსებლების (მაგალითად, ჩიფსების, ჟელიბონის და ა.შ.) გაყიდვა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში, საპილოტე რეჟიმში, სამაგიდო თამაშების შეტანას გეგმავს. ეს თამაშებია – ასოებისგან სიტყვების შედგენა, თამაშები ისტორიული მოვლენების შემეცნებისთვის, ლიტერატურული ნაწარმოებების შესასწავლი თამაშები და სხვ.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG