Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ სიხარულიძე − ექიმი-ნარკოლოგი


22 ოქტომბერი, კვირა

27 წელია, ნარკოლოგიაში ვმუშაობ. რა იყო შაბათი და კვირა, არ ვიცოდი და ვერც წარმომედგინა, რომ დასვენების დღეები არსებობდა. ჯერ კვირა დღეს დავიწყე სახლში დარჩენა, მერე შაბათიც მივამატე. ადრე ვფიქრობდი, მე თუ არ ვიქნები კლინიკაში, არაფერი გაკეთდება-მეთქი, მაგრამ მერე „გაიზარდნენ“ ჩემი ექიმები და თავს უფლება მივეცი, შაბათ-კვირას შინ დავრჩენილიყავი.

დილა ჩვეულებრივად დაიწყო, ყავითა და ფეისბუკით, წინა შაბათ-კვირას კახეთში გატარებული დღეების ამსახველი სურათების თვალიერებით. კახეთში ვიზიტს რამდენიმე სერიოზული მიზეზი ჰქონდა:პარასკევს კაჭრეთში სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დაწესებულებების თანამშრომლებს − ფსიქოლოგებს, სოცმუშაკებს − ტრენინგი ჩავუტარე. ძალიან მიყვარს კაჭრეთის „ამბასადორი“, ლამაზიდა კარგი ადგილია, თან ტრენინგიც საინტერესო იყო ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, ანუ ე.წ. ბიოსა და სააფთიაქო ნარკომანიაზე. ბევრი შეკითხვა და სერიოზული დაინტერესება იყო. როგორც გავიგე, ადრე თუ მოზარდებში წებოს მოხმარების პრობლემა იდგა, ახლა ბევრი ანსააფთიაქო ნარკოტიკს მოიხმარს, ან ბიოს, თანამშრომლებს კი ძალიან მწირი ინფორმაცია აქვთ. დავგეგმეთ, რომ, რაკი უფრო ღრმა ცოდნა სჭირდებათ, ჩვენი შეხვედრებიც გაგრძელდება. როგორც ყოველთვის, ტრენინგი იმაზე მეტ ხანს გაგრძელდა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ბევრი შეკითხვა გაჩნდა და საინტერესო საუბარი გამოგვივიდა.

მეორე მიზეზი ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო და მესამე − თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალი ელისო ვირსალაძის პატრონაჟით. ყველაფერი დაიწყო თელავში ღვინის ფესტივალ „თელავინოთი“. თელავი ლამაზად მორთული დაგვხვდა ბევრი ხალხითა და ბევრი ღვინით. საღამო გაგრძელდა ფესტივალის გახსნით და მერე იყო შეხვედრა „მალას გარდენში“, თელაველებთან შეხება და მათი შეყვარება, საოცარი იუმორი... აი, ასე აღვნიშნეთ რუსუდანის დაბადების დღე. მერე იყო ვანოსა და ფიქრიას საოცარი სახლი. იმდენი საოცარი ნივთია ამ სახლში, იმდენი სიყვარული და სითბო ტრიალებს... ამას ემატება ახლად დაწურული ღვინის სურნელი. ასე დასრულდა წინა შაბათი.

კვირა კი დაიწყო ლიკოსა და მანანას სახლში მათი საოცარი ვერანდით, საიდანაც ხელის გულზე მოჩანს კავკასიონი. იქ რომ ზიხარ, ხვდები, რომ ასეთი ქვეყანა მეორე არ არსებობს და რატომ უნდა წახვიდე აქედან ან რატომ არ უნდა მოუარო ამ ქვეყანას? მერე იყო „ჩურჩხელების სამოთხე“ −ასე დავარქვი იმ ადგილს. ჩვენმა მეგობარმა ნინო ზაუტაშვილმა მიგვიყვანა ოჯახში, სადაც ჩურჩხელებს ამზადებენ. ამდენი გემრიელობა ერთად არ მენახა! ყველამ ბევრი ჩურჩხელა წამოვიღეთ და ძალიან ვიხალისეთ. ასე დამთავრდა კახური ვოიაჟი. მადლობა ჩვენს მეგობარს, მარინა ბეჟანიშვილს, რომ ასეთი ლამაზი დღეები გაგვატარებინა თელავში.

და ახლა, რაც მთავარია, ძალიან მეცინება, მაგრამ ასეა: მამამთილიგავხდი და დღეს ჩემი ვაჟი და მისი მეუღლე საქორწინო მოგზაურობიდან ბრუნდებიან. კი, ახალი წევრი გვყავს ოჯახში − სოფო. კარგი გოგოა. მართალია, ჯერ კარგად არ ვიცნობ და ცოტას ვნერვიულობ, მაგრამ იმედია,ყველაფერი კარგად იქნება.

ხვალ ლექციები მეწყება სამედიცინო უნივერსიტეტში, ახალი ნაკადი მოდის და უნდა გადავიკითხო ხვალინდელი მასალა. ასე რომ, დღეს ვისვენებ, მაგრამ უნდა დავრეკო ყველა ფილიალში, გავარკვიო, ხომ კარგად არის ყველაფერი. თუმცა თვითონაც არ მომასვენებენ, ისინიც დარეკავენ, ბევრი კითხვა ექნებათ...

23 ოქტომბერი, ორშაბათი

დილა, ყავა და ისევ ფეისბუკი. ხო, ბევრი მეილი მოსულა, უნდა გადავიკითხო. ამ ბოლო დროს გამოვეთიშე საჯარო აქტივობას. აღარ ვჩნდები არსად, პოსტიც კი არ დამიწერია ფეისბუკზე. მხოლოდ ზაფხულში დავწერე ჯემფესტზე, გოგონა რომ დაიღუპა, მაშინ. გადავწყვიტე, დამეწერა, როგორ უნდა გაუფრთხილდნენ თავს და რა უნდა გააკეთონ ზედოზირების დროს. სამწუხაროა, საქართველოში სანამ ტრაგედია არ მოხდება, მანამდეარავინ საუბრობს ამ პრობლემებზე. სამაგიეროდ, მერე, როცა უბედურება დატრილდება, ყველა ძალიან ჭკვიანი ხდება. სისტემური პრობლემები არსებობს, მაგრამ ლოკალურად ცდილობენ, ჩააქრონ ხანძარი, ეს კიარ შველის ზოგად სიტუაციას, უნდა ვაღიაროთ რეალობა და მუდმივადსირაქლემას პოზაში არ ვიყოთ.

ახლა ჩემი აქტიურობა სხვა რამეშია − ვმუშაობ, ვმუშაობ, ვმუშაობ. ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპია. ცოტა არ იყოს, მედიაზეც გაბრაზებული ვარ, მაგრამ, იმედია, გადამივლის, ან ისინი აღარ დამიძახებენ... ვნახოთ. დღესაც კი დამირეკეს ტელევიზიიდან, კომენტარი მთხოვეს კანონპროექტზე, მაგრამ რაღაცსულელურ მიზეზებს ვიგონებ.

გადავხედო მეილებს, რა ხდება. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიმოწერაში ირჩევა იუსტიციის მინისტრის გუშინდელი კომენტარი და გაუქმებული უწყებათაშორისი საბჭოს გაუქმებული სხდომა. პირველ ეტაპზე მეც ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში და გადამისამართების კომისიების შექმნა ჩემი იდეაც არის.დოზებზეც ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ მერე გამოვეთიშე ამ პროცესს. მარტის მერე, როცა დიდი პრობლემები იყო ჩემს კლინიკაში, აღარ ვარ ასე აქტიურად ჩართული. არ ვიცი, რამდენად სწორია, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე ასე აჯობებს, თუმცა ვადევნებ თვალს და ვიცი ყველა იმ მოვლენის შესახებ, რაც ხდება. ზოგადად, ჩემი დამოკიდებულება ამ პროცესის მიმართ ცოტა სკეპტიკურია, ვინაიდან ვთვლი: მთავრობასა და პარლამენტს არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ ასეთი რადიკალური და რევოლუციური ნაბიჯები გადადგან, პასუხისმგებლობას გაურბიან. არადა, სიტუაცია იმდენად მომწიფდა, რომ ნამდვილად დროა, ნარკოპოლიტიკაში ცვლილებები მოხდეს. დასჯამ არაფერი მოგვიტანა. ახალი გამოკვლევის თანახმად, ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა და არც ისე უმნიშვნელოდ − თითქმის ათიათასით და 60 ათასს ვარაუდობენ. ნამდვილად არ არის კარგი ტენდენცია, თან ეს არ ითვალისწინებს ალკოჰოლის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებისა და სააფთიაქო ნარკოტიკის მომხმარებელს, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ რიცხვს. შეიძლება, გააორმაგოს კიდეც.

იმაზე, რომ დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია, საუბარიც ზედმეტია. იმედია, დადგება დრო, როცა ყველა გაითავისებს, რომ რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა დასრულდეს. ამ კანონპროექტში მთელი აქცენტი გადატანილია მკურნალობა-რეაბილიტაციასა და პროფილაქტიკაზე, რომელიც რეპრესიას მზრუნველობით შეცვლის.

გადავიკითხე მეილები და გიაც მოვიდა, რომ სამსახურში წამიყვანოს. სამსახურამდე გავარჩევთ ამინდს, მსოფლიო პოლიტიკის მოვლენებს და დაიწყება ჩვეულებრივი დღე ფიქრიას მოდუღებული ყავით: პაციენტები,შემოვლა კლინიკაში, მერე სტუდენტებთან ლექცია, მერე კიდევ საორგანიზაციო საკითხების გავლა ზაზასთან და პაატასთან ერთად,რომლებიც ჩემი პარტნიორები და მეგობრები არიან, დავგეგმავთ ხვალინდელ დღეს. ბოლოს ვიკითხავ, გვაქვს კიდევ რაიმე გასავლელი, და დავიშლებით ხვალამდე.

24 ოქტომბერი, სამშაბათი

დილა, ყავადა ფეისბუკი, ისევ და ისევ. ისე, ძალიან დამოკიდებული კი ვარ ამ სოციალურ ქსელზე. ახლა მოვა გია და წავალ სამსახურში. დღეს ცოტა განსხვავებული და დატვირთული დღე მაქვს: უნდა მოვიდნენ საქართველოს ნარკოტიკების მომხმარებელთა ქსელის, Genpud-ის ბიჭები, სტუმრები ჰყავთ რეგიონალური ორგანიზაციიდან, მასალებს ამზადებენ საქართველოს სიტუაციაზე. ჩემთან ინტერვიუ უნდა ჩაწერონ და გადაიღონ ჩვენს კლინიკაში არსებული სერვისები. პირველი ინტერვიუ იქნება ექვსთვიანი შესვენების მერე.

მანამდე − დილის კონფერენცია. ბოლო დროს ძალიან მოიმატა მომართვიანობამ და პაციენტი ბევრი გვყავს. კლინიკაში საკმაოდ მძიმე კონტინგენტი შემოდის.

უახლოესი დღეები ცოტა მძიმე მაქვს. უნდა წავიდე სამივე ქალაქში, სადაც ფილიალები გავხსენით, და შევამოწმო, როგორ მუშაობენ, ვნახო პაციენტები და ასე შემდეგ... უნდა მოვემზადო.

25 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დილიდან ვემზადები გორში წასასვლელად, იქაური ფილიალი უნდა ვნახო. ეს ბოლო ხუთი თვეა, ძალიან დაძაბულ რეჟიმში მიწევს ცხოვრება. ჩემოდანს არც კი ვინახავ, ხუთ წუთში მზად ვარ წასასვლელად. ამ ექვს თვეში ექვსი ფილიალი გავხსენით. დღეს გორის ფილიალის დღეა. გორში მალე ჩავდივარ და ეს მომწონს, საინტერესო ქალაქია. ისე, ამ ქალაქის მერი რომ ვიყო, ბევრად უფრო გამოვიყენებდი სტალინის სახელს, მოგვწონს ის თუ არა. ასე, არც ოსვენციმი მომწონს და არც ბუხენვალდი, ორივე მზარავს, მაგრამ ისტორიაა და ტურისტებს აინტერესებთ. ეს ისე, ლირიკული გადახვევის სახით... თუმცა ნამდვილად ვისურვებდი, რომ ბევრად უფრო განვითარებული იყოს ყველა ქალაქი ჩვენს ქვეყანაში. გორში თავისი სპეციფიკაა, თავშეკავებული ხალხია, დინჯი. ბევრ პაციენტს ვიცნობ, ბევრს გაუვლია ჩემს ხელში, ხშირად ვერ ვიხსენებ, მერე მახსენებენ თავს: „აი, გახსოვთ, ციხეში რომ შემოდიოდით 2012-ში, მე ის ვარ.“

გახსენებაც კი მიჭირს იმ პერიოდის, იმდენად მძიმე და ერთ-ერთი ყველაზე რთული ეტაპი იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში. როცა 2012-ში ახალი ხელისუფლება მოვიდა, ნათია ლანდიამ და აჩიკო თალაკვაძემ მთხოვეს, დავხმარებოდი ციხეში ფსიქოტროპულ პრეპარატებზე დამოკიდებული პატიმრების კონსულტირებასა და მკურნალობაში. როცა პირველად მოვხვდი დაწესებულებაში, მეგონა, ჯოჯოხეთში ვიყავი, ამდენი გაუბედურებული და დაბერებული ახალგაზრდა უწინ არ მენახა. მართლა ძალიან მძიმე ვითარება იყო, მაგრამ მაგარი ხალხი გავიცანი: ხათუნა წიწავა, მიშა ივანიშვილი, ციხის მედპერსონალი. მე და ნათია მთელ დღეებს ვატარებდით სხვადასხვა დაწესებულებაში, ხანდახან დღეში 100 პატიმარს ვნახულობდით და დილის 4-5 საათზე გამოვდიოდით იქიდან დაღლილები და ემოციებისგან დაცლილები. ორი წელი ვიყავი იქ და მერე მივხვდი, რომ მორალურად ვეღარ ვუძლებდი და წამოვედი.

გორში ყველაფერი რიგზე დამხვდა. გავარჩიეთ ზოგი შემთხვევა ექიმებთან, განვიხილეთ დოკუმენტაცია. მოკლედ, გორში ყველაფერი წესრიგშია. საღამოს ქუთაისისკენ გავეშურეთ.

26 ოქტომბერი, ხუთშაბათი

ქუთაისი. ბნელა, 7 საათის მერე ქალაქი ცარიელია. არც მანქანებია, არც ხალხი. ძალიან მწყინს, რომ ასეთი სიტუაციაა აქ და არაფერი ხდება. ქუთაისში ახალ ფილიალს ვხსნით, ბევრი საქმე გვაქვს. ხვალ პაციენტები უნდა მივიღოთ და ყველაფერი კარგად მოვაწყოთ, კომფორტული გარემო უნდა შევუქმნათ მედპერსონალსაც და პაციენტებსაც.

დილის ყავა და საუზმე სასტუმროში. მერე ფილიალში მივდივართ. ქუთაისელები ძალიან მაგარი ხალხია, ბევრი იუმორი და ხალისია. „სტაფი“ ცოტას ნერვიულობდა, მაგრამ დავაწყნარეთ, რომ აქ ვართ, იმუშავეთ და მოგეხმარებით-მეთქი. ცოტას ჩვენც ვღელავდით. დაიწყო პაციენტების მოსვლა. ბევრი ამბავს კითხულობდა: რა და როგორ იქნებოდა. ზოგმა იცოდა, რა ხდებოდა და დაიწყო ქუთაისშიც საქმე. ერთი კაცი მოვიდა და რაღაც ქილა გამომიწოდა. რა არის-მეთქი, და თაფლი მოგიტანე, ყველაფერი ტკბილად რომ იყოსო! აი, ასეთია ქუთაისი, სიმონ! :-)

შუადღისას დათიკოს (მეტსახელად ჩანჩურას) სასადილო მიგვასწავლეს, გემრიელად შეჭამთო. რომ მივედით, ტიპური ქუთაისური სასადილო დაგვხვდა. რას შეჭამთო, გვკითხა ქალბატონმა. ჩვენც ვუთხარით, რას შემოგვთავაზებთ-მეთქი. ბიფშტექსსო. რომ მოიტანეს, შუაში დავდგით, ყველას რომ გადაგვეღო. არა, ეს ერთი კაცის ულუფა არისო. ძალიან ბევრი ვიცინეთ და შევუდექით სადილს. იმხელა ულუფა იყო, ძლივს მოვერიეთ, მაგრამ უგემრიელესი კი გამოდგა! ასე დამთავრდა ჩვენი სტუმრობა ქუთაისში. საღამოს ბათუმისკენ დავიძარით.

27 ოქტომბერი, პარასკევი

ბათუმი. ნეტა იცოდეს ვინმემ, როგორ მიყვარს ეს ქალაქი! ეს არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მშვიდად და კარგად ვგრძნობ თავს. არ აქვს მნიშვნელობა, რა ამინდია, ყველანაირ ამინდში მომწონს ბათუმი. ყველა ქუჩა და ადგილი ვიცი. არ არსებობს წელი, რომ აქ არ ჩამოვიდე. რა ვქნა,არც ერთ ქალაქს არ ეწყინოს, მაგრამ ბათუმი განსაკუთრებით მიყვარს. ბათუმელები ძალიან მაგარი ხალხია. იქ მაშინვე მათ კილოზე გადავდივარ,ჩემი გურული ფესვები იღვიძებს.

პირველი ფილიალი აქ გავხსენით. მეგონა, გაუჭირდებოდათ მუშაობა,მაგრამ ყველაფერი კარგად წავიდა. სამწუხაროდ, ნარკოტიკის ძალიან ბევრი მომხმარებელია აჭარაში. აქსულ სხვა ნარკოსცენაა. თბილისისგან განსხვავებით, მომხმარებლები გადადიან თურქეთის საზღვარზე, იქ რჩებიან ორ-სამ დღეს, მოიხმარენ ნარკოტიკს და უკან ბრუნდებიან. ყველაზე უარესი ის არის, რომ სერვისები საერთოდ არ არის. ჩემი აზრით, პროგრამის გახსნამ აქ სიტუაცია მკვეთრად უნდა შეცვალოს, თუმცა სტაციონარი, ალბათ, აუცილებელია და ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. ძალიან მაგარი სტაფი მყავს ბათუმშ: ნატო და ხათუნა.

28 ოქტომბერი, შაბათი

ბათუმი, ზღვა... ვიფიქრე, ცოტა მეტ ხანს დავიძინებ-მეთქი, მაგრამ დაიწყო დილის ზარები, შეკითხვები. მაინც მომიწია ადგომა. ისევ ყავა და ფეისბუკი. სამსახურში ცოტა მოგვიანებით წავალ, ჯერ ზღვაზე გავალ და დიდხანს ვიჯდები ნაპირზე. რა ვქნა, მიყვარს ეს სივრცე და მამშვიდებს. აქ თავისუფლად ვსუნთქავ და უფრო ადვილად ვფიქრობ.

ზღვას რომ ვუყურებ, სოხუმი მახსენდება. სტუდენტობაში იქაც ბევრი ლამაზი დღე მაქვს გატარებული. აგუძერა, კელასური, გაგრა, ბიჭვინთა. ეჰ...

2016 წელს სოხუმში აღმოვჩნდი. მაიკო ბარათაშვილმა „აფხაზეთის თანადგომიდან“, რომელიც, დიდი ხანია, აფხაზეთში მუშაობს, შემომთავაზა, მონაწილეობა მიმეღო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების საკანონმდებლო ბაზის მომზადებაში. რამდენიმეჯერ მომიწია სოხუმში ჩასვლა. ძალიან ვღელავდი, რა და როგორ იქნებოდა. ყველაზე მეტად ენგურის ხიდზე დავითრგუნე, „საზღვარს“ რომ გადავდიოდი. ძალიან დამწყდა გული, რომ აღარ დამხვდა ის ლამაზი და ქათქათა, ყვავილებით სავსე სოხუმი, სადაც ბევრი ხალხი, ზღვა და მზე იყო. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შევხვდი და იქაური კოლეგები ყველანაირად მახალისებდნენ, მაინც ძალიან მძიმე შთაბეჭდილებებით ჩამოვედი.

ბევრი გეგმა მაქვს და ბევრი რამის გაკეთება მინდა. ვნახოთ, რა გამომივა. კი, ახალი ეტაპია, მაგრამ, ვფიქრობ, ყველაფერს მივაღწევ და გავაკეთებ. არ მიყვარს პათეტიკა, მაგრამ ნამდვილად არ ვაპირებ ამ ქვეყნიდან წასვლას. აქ მსურს ვიცხოვრო, გავაგრძელო საქმიანობა, ბევრს დავეხმარო. იმედია, ეს წელი გადამწყვეტი იქნება და ეს უაზრო ნარკოპოლიტიკაც დასრულდება. ერთი რიგითი მოქალაქე ვარ, ექიმი. უნდა გავაკეთო ის, რაც მევალება ამ ქვეყნისთვის. ხვალაც აქ ვიქნები.

ორშაბათს თბილისში უნდა დავბრუნდე. ისევ პაციენტები, სტუდენტები. და ასე, ყოველდღე...

თავისუფლების დღიურები
please wait

No media source currently available

0:00 0:14:23 0:00
გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG