Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთველი და არჩევნები


რთველი კახეთში, 2015 წელი
რთველი კახეთში, 2015 წელი

შემოდგომის მოახლოებასთან ერთად კვლავ აქტუალურია ყურძნის ფასისა და სახელმწიფო სუბსიდირების საკითხები. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2016 წლის რთვლის სუბსიდირებისათვის 25 მილიონი ლარი დაიხარჯება. დახმარებას, ტრადიციულად, მიიღებენ მხოლოდ კახელი და რაჭველი მევენახეები. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობამ ეტაპობრივად უარი უნდა თქვას მევენახეთა სუბსიდირებაზე, თუმცა ჯერ ეს დრო არ დამდგარა. რატომ ვერ ამბობს მთავრობა უარს მევენახეების დაფინანსებაზე?

გელა მთივლიშვილი, კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, რომელსაც რქაწითლის ჯიშის ყურძენი ჰექტარ-ნახევარზე აქვს გაშენებული, არ აპირებს მოწეული მოსავლის გაყიდვას ან ღვინის ქარხანაში ჩაბარებას. ურჩევნია უარი თქვას სისტემურ შხამქიმიკატებზე და დააყენოს ბიოღვინო, მოიძიოს გასაღების ბაზარი, სავარაუდოდ, ევროპის რომელიმე ქვეყანაში და ასე აანაზღაუროს გაწეული ხარჯი და მიიღოს მოგება. გელა მთივლიშვილი წინააღმდეგია მევენახეობის სუბსიდირებისა, თუმცა ისიც იცის, თუ რატომ ვერ ამბობს უარს მთავრობა ამ პრაქტიკაზე:.

რთველი და არჩევნები
please wait

No media source currently available

0:00 0:05:59 0:00
გადმოწერა

„2016 წლის 8 ოქტომბერს არჩევნებია. შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებამდე კახეთში უნდა დასრულდეს რთველი. გლეხს კილოგრამ ყურძენში რომ 60 თეთრი გადაუხადონ, ყველა იქნება უკმაყოფილო, ისევე როგორც უკმაყოფილო იყო შარშან. პოლიტიკურად ანგაჟირებული იქნება ეს აქციები თუ წაქეზებული, ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. პროტესტი და უკმაყოფილება აუცილებლად იქნება! ამიტომ ფიქრობენ, რომ სუბსიდიით ფასის გაზრდა ამ პროტესტს მეტ-ნაკლებად შეამცირებს“, უთხრა გელა მთივლიშვილმა რადიო თავისუფლებას.

იმისათვის, რომ კახელი მევენახეების უკმაყოფილება შემცირდეს, მთავრობის განკარგულებაში 25 მილიონი ლარია. სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას თქმით, წინა წლის მსგავსად, ბენეფიციარები სუბსიდიას ყურძნის ჩაბარებიდან 15 დღეში მიიღებენ, მაგალითად, რაჭაში ერთ კილოგრამ ალექსანდროულსა და მუჯურეთულში 2 ლარს. კახეთში კი, ოთარ დანელიას თქმით, ასეთი სუბსიდიები იქნება:

ოთარ დანელია
ოთარ დანელია

„რქაწითელის ნაწილში გვექნება 45-თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო საფერავის ნაწილში გვექნება 20-თეთრიანი სუბსიდირება. ველოდებით, დაახლოებით, 147 ათას ტონამდე გადასამუშავებელ ყურძენს და, საერთო ჯამში, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ, შარშანდელთან შედარებით, 203 ათასი ტონით მეტი მოსავალი იქნება“.

ოთარ დანელიას თქმით, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს შიდა ბაზარზე ყურძნის მოთხოვნისა და მოსალოდნელი ფასების კვლევა, რომლის მიხედვითაც, ყურძნის საბაზრო ფასი, სავარაუდოდ, კრიტიკულ ზღვარზე დაბალი იქნება. ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორის, გიორგი სამანიშვილის, თქმით, საქართველოში ყურძნის მიწოდება კვლავ აჭარბებს მოთხოვნას:

„რა თქმა უნდა, ექსპორტი გაიზარდა და მოთხოვნილება ყურძენზე უფრო მაღალია, ვიდრე შარშან იყო, მაგრამ ყურძნის წარმოება მაინც უფრო მეტია, ვიდრე არის მოთხოვნილება ყურძნის ბაზარზე. ამიტომ ჭარბი ყურძენი მაინც რჩება და სუბსიდირება საჭირო არის. მეორე ფაქტორი არის ის, რომ საექსპორტო ღვინის საშუალო ფასი შემცირდა, წინა წლებთან შედარებით, რაც ღვინის კომპანიების მხრიდან ლოგიკურად იწვევს მოთხოვნის შემცირებას და ცდილობენ ყურძნის ის ფასი შეინარჩუნონ, რაც საექსპორტო ბაზრებზე არის. ამის დასაბალანსებლად და იმისათვის, რომ მევენახეს ნაკლები შემოსავალი არ აეღო, გადაწყდა სუბსიდიების გაცემა“.

გიორგი სამანიშვილის თქმით, ერთი ბოთლი ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2016 წელს, 2014 წლის საშუალო ფასთან შედარებით, 0,78 დოლარით ანუ 25 %-ით, ნაკლებია, თუმცა, ყველა ამ მონაცემის მიუხედავად, ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას სუბსიდირების მანკიერ პრაქტიკაზე, რასაც ჩიხში შეჰყავს სოფლის მეურნეობის ეს დარგი.

ჯამში, მივიღებთ იმას, რომ ჭარბი ყურძენი აღარ დარჩება და ვისაც უნდა, რომ მოგება ნახოს, ეცოდინება, რომ არ უნდა იყოს მხოლოდ ყურძნის მწარმოებელი და რომ უნდა აწარმოოს და გაყიდოს ღვინო. ასეა ყველა ქვეყანაში და ასე იქნება საქართველოშიც: ღვინის გაყიდვა ბევრად მომგებიანია, ვიდრე ყურძნისა...
გიორგი სამანიშვილი

„საკმარისია სახელმწიფომ ერთხელ უარი თქვას სუბსიდირებაზე ან უფრო ნაკლები თანხის სუბსიდია გასცეს, რომ მევენახეებისა და მეღვინეების დიდი ნაწილი ვერ გაყიდის ღვინოსა და ყურძენს, რადგანაც სუბსიდირების პირობებში შექმნილი იყო ბევრის წარმოების სტიმული. ყველა მთავრობა მსგავსი მეთოდით ცდილობს მევენახეების გულის მოგებას, რაც ავტომატურად ნიშნავს წინასაარჩევნო „მოსყიდვას“. ცხადია, ეს არის პოპულისტური და ეკონომიკურად არასწორი ნაბიჯი“, უთხრა ზვიად ხორგუაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ღვინის ეროვნულ სააგენტოშიც იციან, რომ მევენახეობის სუბსიდირება ეკონომიკურად გაუმართლებელია, თუმცა იმასაც შენიშნავენ, რომ დარგის დაფინანსების ლამის ათწლიანი პრაქტიკა და მძიმე სოციალური ფონი შეუძლებელს ხდის სუბსიდიის მყისიერ შეწყვეტას. სააგენტოს დირექტორის თქმით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გაიზარდოს მცირე და საშუალო მარნების რაოდენობა, რათა არ დარჩეს ჭარბი ყურძენი. გიორგი სამანიშვილი მიიჩნევს, რომ ტენდენცია დამაიმედებელია: თუ ათი წლის წინ სააგენტოში მხოლოდ ოცამდე ექსპორტიორი კომპანია იყო დარეგისტრირებული, წელს მათი რაოდენობა 265-ია.

„ჯამში, მივიღებთ იმას, რომ ჭარბი ყურძენი აღარ დარჩება და ვისაც უნდა, რომ მოგება ნახოს, ეცოდინება, რომ არ უნდა იყოს მხოლოდ ყურძნის მწარმოებელი და რომ უნდა აწარმოოს და გაყიდოს ღვინო. ასეა ყველა ქვეყანაში და ასე იქნება საქართველოშიც: ღვინის გაყიდვა ბევრად მომგებიანია, ვიდრე ყურძნისა“, უთხრა გიორგი სამანიშვილმა რადიო თავისუფლებას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG