Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთისთვის გაგზავნილ მესიჯში დასავლეთის ქვეყნები გაეროს სთხოვენ გააგრძელოს სირიის გამოძიება


24 ოქტომბერს გაართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა
24 ოქტომბერს გაართული გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა

დასავლეთის გავლენიანი ქვეყნები გაეროს უშიშროების საბჭოში რუსეთს დაუპირისპირდნენ და მოითხოვეს გაგრძელდეს მანდატი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიება სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა, ოთხშაბათს თქვა, მოსკოვი ეწინააღმდეგება გაეროს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საგამოძიებო მანდატის გახანგრძლივებას გაეროსა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციისთვის, რომლებიც იძიებენ სირიაში მომხდარ თავდასხმასო.

სერგეი რიაბკოვი
სერგეი რიაბკოვი

რიაბკოვის განცხადებას რამდენიმე საათით წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან საერთაშორისო მკვლევართა ანგარიშის უარყოფა. ანგარიში 4 აპრილს ტოქსიკური გაზით განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებს სირიის მთავრობას.

ერთობლივ განცხადებაში ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრები ამბობენ, რომ სავსებით ენდობიან ანგარიშს. ისინი სირიის მთავრობას მოუწოდებენ დაასრულოს მომწამვლელი გაზის გამოყენება ნებისმიერი ფორმით და, ბოლოს და ბოლოს, გაასაჯაროვოს ინფორმაცია მის არსენალში არსებულ ქიმიურ იარაღზე.

„ამდენად, მოვუწოდებთ გაეროს უშიშროების საბჭოს შეინარჩუნოს გამოძიების არსებული შესაძლებლობა“, - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია: „ამგვარი ანგარიშის შემდეგ, უშიშროების საბჭოს და მისი ყველა წევრის ერთობლივი პასუხისმგებლობაა დაიცვას [იარაღის] გაუვრცელებლობის საერთაშორისო რეჟიმი და უერთგულოს წარსულში დადებულ პირობებს“.

სირიის ხელისუფლება უარყოფს მისი მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენებას. 4 აპრილს განხორციელებულმა თავდასხმამ ბიძგი მისცა აშშ-ის მიერ რამდენიმე დღეში განხორციელებულ სარაკეტო იერიშს სირიის ერთ-ერთ საჰაერო ბაზაზე. საფრანგეთი გამოდის გაფრთხილებით, რომ ქიმიური თავდასხმის განმეორების შემთხვევაში პასუხი სამხედრო ხასიათის იქნება.

რუსეთმა, რომელიც სირიის მთავრობის მთავარი მოკავშირეა, გასულ თვეში გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადო საგამოძიებო მანდატის გახანგრძლივებას.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას. თურქეთი, 2017 წელი
აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებას. თურქეთი, 2017 წელი

მანამდე გამოძიებამ დაადგინა, რომ სირიის მთავრობის ძალებმა 2014 და 2015 წლებში სამჯერ გამოიყენეს ქლორის გაზი, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტებმა კი გამოიყენეს იპრიტი, იგივე „მდოგვის გაზი“.

სირია 2013 წელს დათანხმდა გაენადგურებინა თავისი ქიმიური იარაღის არსენალი და გაეთვალისწინებინა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის პირობები იმ შეთანხმების საფუძველზე, რომელსაც რუსეთმა და აშშ-მა მიაღწიეს მას შემდეგ, რაც დამასკის შემოგარენში ნერვული გაზით იერიშს ასობით ადამიანი შეეწირა. დასავლეთის ქვეყნებმა ამაში სირიის მთავრობა დაადანაშაულეს. სირიის ხელისუფლება ბრალს უარყოფდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG