Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სპარსი პოეტების ახალი მოძრაობები


„პოეზიის ანთოლოგია სიგარეტის კოლოფის უკანაა
და ვინ დაიჯერებს, რომ ცარიელ სიგარეტის კოლოფს
წყლის რუში არ აგდებენ...“

ამბობს აჰმად რეზა აჰმადი ერთ თავის ლექსში, რომელიც შესულია „კავკასიური სახლის“ მიერ წელს გამოცემულ წიგნში „თანამედროვე სპარსული პოეზია“, თავიდან ბოლომდე რომ მოამზადა გიორგი ლობჟანიძემ თარგმანებით, შესავალი წერილით, განმარტებებითა და პოეტთა შესახებ ცნობებით. ამ წიგნს სიტყვა „ანთოლოგია“ არ აწერია, მაგრამ 550-გვერდიან ტომს, რომელიც XX-XXI საუკუნეებს მოიცავს და სადაც 20 ავტორია წარმოდგენილი, ნეტა სხვა რა შეიძლება უწოდო? და, მართალია, წინათქმაში არგუმენტირებულად ასაბუთებს გიორგი ლობჟანიძე, თუ რატომ არ წააწერა მან თავის ამ დიდ ნაშრომს ეს სიტყვა, ვინ იცის, იქნებ არაცნობიერად ამის მიზეზი ისიც იყო, რომ საბჭოთა გამოცდილების მქონე ადამიანებს კარგად გვახსოვს ბევრი წყალწყალა და, როგორც აჰმად რეზა აჰმადის ლექსშია, სიგარეტის ცარიელი კოლოფივით წყალს გატანებული ანთოლოგია და ამის გამო დღემდე „ანთოლოგიებს“ ეჭვის თვალით ვუყურებთ და დღემდე ამის ბევრი მიზეზიც გვრჩება... თუმცა ეს სულ სხვა თემაა, პრობლემაა, ამ სპარსმა პოეტმა რაღაცნაირად მკაფიოდ რომ დაგვანახა ერთი ფრაზით. ჩვენ კი, ჯობს, ახლა შევეცადოთ იმ სპარსული პოეზიის საზღვრები მოვხაზოთ, რომელიც გიორგი ლობჟანიძემ წინ დაგვიდო.

სულაც სხვა რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო ნიმა იუშიჯი, აჰმად შამლუ, სოჰრაბ სეფეჰრი და ფორუყ ფაროხზადი, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა. მაგრამ აქ არიან წარმოდგენილი ახალი თაობის ავტორებიც...
თეა შურღაია

„მე მსოფლიოდან უკან დავიხიე
ირანის საზღვრებში,
ირანიდან უკან დავიხიე
თეირანის საზღვრებში,
თეირანიდან უკან დავიხიე
დარუსის საზღვრებში
და ჩემს სახლშიც
უკან დავიხიე
საკუთარ ლოგინამდე“
- წერს ბიჟან ჯალალი.

რას ნიშნავს ეს უკან დახევა საკუთარ ლოგინამდე? კომპრომისს? კონფორმიზმს? თუ პირიქითაა და საკუთარი ლოგინიდან ლექსის წერა ყველაზე დიდი გაბედულებაა? აი, მაგალითად, სიმინ ბეჰბაჰანის „ბოზის სიმღერა“. ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი, ირანში ქალ პოეტს ასეთი სტრიქონები ეწერა:

„ვაი! კარებზე ვინ მიკაკუნებს?!
მოსულა ქმარიც ამაღამდელი!
ნაღველო, გულზე ხელი ამაღე,
ჟამი არ არის შენი გამხელის!
და ბაგევ, ჩემო ცბიერო ბაგევ,
ამოეფარე იდუმალ ნიღაბს,
ორიოდ გროშით მეტი რომ მომცენ,
იცინე, ჰკოცნე, კეკლუცი იყავ!“

ერთი სიტყვით, ძალიან სხვადასხვა რაღაცები ხდება ამ წიგნში, ხოლო თუ რა ხდება, ამაში უკეთ გარკვევას ირანისტთან და მთარგმნელთან, თეა შურღაიასთან ერთად შევეცდები.

თეა შურღაია: "ჩემი აზრით, ეს არის განსაკუთრებული მოვლენა და მნიშვნელოვანი ფაქტი. მართალია, წიგნი მაშინ გამოიცა, როცა საკმაოდ ცხელოდა და ჩვენს საზოგადოებას ლექსებისთვის იმდენად არ სცხელოდა, მაგრამ გიორგიმ გაგვანებივრა, გაგვაზარმაცა თავისი კარგი თარგმანებით, იმიტომ რომ გიორგის მიერ გამოცემული მორიგი მშვენიერი თარგმანი უკვე ეს ისეთი რაღაცაა, ფანჯარა რომ გააღო, გაიხედო ზაფხულში და მზიანი ამინდი დაგხვდეს. ჩვეულებრივი ამბავია ანუ. არადა, არ არის ნამდვილად ჩვეულებრივი ამბავი. ძალიან ბევრი ტენდენცია, რაც ირანის ლიტერატურაში, კონკრეტულად პოეზიაში რაც ხდებოდა, არის აქ ასახული. XX საუკუნე, ზოგადად, ირანისტული ლიტერატურის თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანია, მრავალფეროვანია, და თუკი რევოლუციური ცვლილება შეიძლება ვუწოდოთ რაიმე ფაქტს, სწორედ ამ პერიოდში ხდება. და ეს ჩვენ გვაკლდა. უნდა გითხრათ, რომ ამას გარკვეული მიზეზებიც ჰქონდა. ქართული საზოგადოება შეჩვეული იყო სხვაგვარ სპარსულ პოეზიას და ეს ერთგვარი სტერეოტიპი, თუ გნებავთ გემოვნება, ერთგვარი ესთეტიკა, იმდენად გამჯდარი იყო არა მარტო ჩვენს წინაპრებში, არამედ წინა თაობის მთარგმნელებში, რომ სპარსული პოეზია აღიქმებოდა მხოლოდ, ვთქვათ, ხაიამი, ჰაფეზი და ა.შ. სხვათა შორის, ბევრი კლასიკოსი ავტორი შეიძლება ისე ცნობილი არ არის ქართული საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ ხაიამმა გადაფარა ლამის ყველაფერი. მე მახსოვს, ბატონ ვახუშტისთან ლექციაზე გვქონდა ასეთი საუბარი: ვკითხე, რატომ არ თარგმნით თანამედროვე პოეზიას? ასეთი პასუხი მივიღე: რაღაც ხომ უნდა დაგიტოვოთ თქვენ, მომავალ თაობასო. შეიძლება ნაწილობრივ ეს ხუმრობა იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, ამას ჰქონდა სხვა საფუძველიც. ბატონი ვახუშტი, ისევე როგორც ბევრი სხვა, არაჩვეულებრივი, გენიოსი მთარგმნელი იყო და მასაც ჰქონდა გარკვეული ლიტერატურული გემოვნება, იმიტომ რომ ის ავტორები, რომელთაც ახლა გიორგი თარგმნის, როგორიც იყო ფორუყ ფაროხზადი, მაშინ უკვე ფორუყი იყო და შეიძლებოდა ყურადღება მიქცეულიყო ამაზე.

გიორგი ლობჟანიძე
გიორგი ლობჟანიძე

​​კანტიკუნტად გამოჩნდა ეს თარგმანები, მაგრამ არ იყო ეს რაოდენობრივად და თვისობრივად ისეთი, რომ თუნდაც ერთ პატარა კრებულად გამოცემულიყო. აი, ნიმა იუშიჯიც მაშინ პირველად „ხომლში“ გამოჩნდა, ჯემალ აჯიაშვილის თარგმანებით, რამდენიმე სხვა ავტორთან ერთად. ეს იყო 2-3 ლექსი. და მაშინ დაიკარგა ეს, ფაქტობრივად. სხვა საქმეა ის, რომ მე პირადად არა ვარ მაინცდამაინც მაღალი აზრის ჯემალ აჯიაშვილის ამ კონკრეტულ თარგმანებზე, ვინაიდან მქონდა საშუალება, რომ ამ ტექსტების ორიგინალებიც მენახა, მაგრამ ფაქტი თავისთავად მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ მაშინ არ ითარგმნებოდა თანამედროვე სპარსული პოეზია. როგორც ჩანს, ჩვენი მკითხველი საზოგადოებაც არ იყო მზად ამ ტიპის პოეზიის მისაღებად. ჩვენთანაც ახალი სიტყვა ითქვა პოეზიაში და ჩვენ, მკითხველიც, მოვემზადეთ უკეთ იმისთვის, რომ ეს სათანადოდ დაგვეფასებინა".

თეა შურღაია მართალია. დიდ ნაწილს იმ პოეზიისა, რომელსაც ამ წიგნში შეხვდებით, სულ სხვა პოეტური გუმანის მქონე მკითხველი სჭირდება და, საბედნიეროდ, ასეთი მკითხველი დღეს საქართველოში უკვე არის. აქ ყველა იპოვის თავისას, იმიტომ რომ აქ ყველა პოეტი თავისებურად მოძრაობს.

„ქარი ჩინართან პაემანზე მიდიოდა.
მე უფალთან პაემანზე მივეშურებოდი“.

ეს სოჰრაბ სეფეჰრის მოძრაობაა.

„არც წასვლაში იყო მოძრაობა
და არც დარჩენაში ყოფილა უძრაობა“.

ეს კი - აჰმად შამლუსი.

„მეწველი ძროხა
ისევე მიდის,
როგორც სოფლელი კაცი,
კუდში რომ მისდევს მას
უკან,
რძის ორი ვედროთი“.

ეს კი - აბას ქიაროსთამის, დიდი რეჟისორის, რომელიც არაჩვეულებრივი პოეტიცაა, 240 მინიატურით პასტორალურ კოლაჟს რომ აწყობს, პოეტურ კადრებს ერთმანეთს რომ აფენს და თან ისე, რომ ნარატივსაც არ კარგავს.

მოვუსმინოთ კვლავ თეა შურღაიას:

თეა შურღაია
თეა შურღაია

"ნიმა იუშიჯი არ გვყავდა დაფასებული, სწორედ ის ადამიანი, ვინც ახალი პოეზია შექმნა და ეს ახალი ლექსი სხვა სახელითაც, ნიმასეული ლექსის სახელითაც მოიხსენიება, რაც თავისთავად მიუთითებს ამ ავტორის მნიშვნელობაზე. და ეს კრებული სწორედ ამ ავტორით იწყება და, მე ვფიქრობ, არაჩვეულებრივი თარგმანით. სულაც სხვა რომ არ ყოფილიყო და ყოფილიყო ნიმა იუშიჯი, აჰმად შამლუ, სოჰრაბ სეფეჰრი და ფორუყ ფაროხზადი, უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა. მაგრამ აქ არიან წარმოდგენილი ახალი თაობის ავტორებიც, მათ შორის ისინი, რომელთაც ქართული საზოგადოება „ლაივში“ იცნობს. ისინი ჩვენთან იყვნენ სტუმრად, ანუ ეს ცოცხალი მხარეც ამ ლიტერატურული ურთიერთობების და პროცესისა უკვე ჩანს ამ წიგნში".

წელს, მაისში, თბილისის პირველი საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი გაიმართა და მისი მონაწილე იყო რასულ იუნანი. და რაკი ასეა, მისი ერთი მოძრაობაც დავაფიქსიროთ:

„ეს ნაშუადღევი
რა ნაღვლიანია,
თითქოს ყველა მატარებლითა და ავტობუსით
შენა მშორდებოდე...“

ნაღვლიანი კი არა, რაღაცნაირი, სასტიკი ხედვაა, მოძრაობას რომ შეგაძულებს, სამყაროს გაშეშება რომ მოგინდება...

ალბათ მიმიხვდით განზრახვას: შეუძლებელი იქნებოდა ამ პატარა სიუჟეტში ასეთი წიგნის ანალიზი. ამიტომ, უბრალოდ, შევეცად, ამ სხვადასხვა პოეტური ნატეხებით თქვენში მისი წაკითხვის ჟინი აღმეძრა. იმედი მაქვს, რომ ეს მოვახერხე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG