Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯერჯერობით გაურკვეველია, შედგება თუ არა პუტინისა და ტრამპის შეხვედრა აპეკის სამიტზე


პუტინისა და ტრამპის შეხვედრა "დიდი ოცეულის" სამიტზე. 2017 წლის ივლისი
პუტინისა და ტრამპის შეხვედრა "დიდი ოცეულის" სამიტზე. 2017 წლის ივლისი

ჯერჯერობით გაურკვეველია, მიმდინარე კვირაში ვიეტნამში, აპეკის სამიტის კულუარებში, შედგება თუ არა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის. მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

პუტინისა და ტრამპის სავარაუდო შეხვედრა

  • პუტინმა და ტრამპმა პირველი შეხვედრა ივლისში გამართეს ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის დროს.
  • აგვისტოში ტრამპმა ყოყმანით მოაწერა ხელი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს.
  • დაძაბულობის გაზრდის ერთ-ერთი ფაქტორია სირიაში მიმდინარე კონფლიქტი.
  • სავარაუდო შეხვედრაზე მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ.

პუტინმა და ტრამპმა პირველი შეხვედრა პირისპირ ივლისში გამართეს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ცნობებზე სასაუბროდ. მიმდინარე კვირაში ორივე აპირებს მონაწილეობა მიიღოს აპეკის, ანუ აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების, სამიტში, რომელიც ვიეტნამის ქალაქ დანანგშია დანიშნული.

კრემლი, რომელსაც სურს გაუმჯობესდეს აშშ-რუსეთის გაუარესებული ურთიერთობა, ამბობს, რომ ცდილობს მიაღწიოს ამგვარი შეხვედრის დანიშვნას, ტრამპმა კი „ფოქს ნიუსს“ აზიაში გამგზავრებამდე უთხრა, რომ, შესაძლოა, ვიეტნამში პუტინს შეხვდეს სირიაზე, უკრაინასა და ჩრდილოეთ კორეაზე სასაუბროდ.

პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტოებს ხუთშაბათს უთხრა, ეს შეხვედრა პარასკევს გაიმართებაო:

„ამ ეტაპზე შეხვედრის დროზე მიმდინარეობს მოლაპარაკება. შეხვედრა [ნოემბრის] ათში გაიმართება“.

მაგრამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი, რომელიც პეკინში ახლდა თან ტრამპს, ამბობს, რომ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი გაიმართება თუ არა ოფიციალური მოლაპარაკება ტრამპსა და პუტინს შორის.

ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდება, თუკი საკმარისად სერიოზული სალაპარაკო ექნებათ საიმისოდ, რომ ოფიციალური შეხვედრა დაინიშნოს...
რექს ტილერსონი

ამასთან, ტილერსონმა გამოთქვა ეჭვი, რამდენად ექნებათ ლიდერებს საკმარისი დრო სასაუბროდ და, შესაბამისად, რამდენადაა მიზანშეწონილი ამგვარი შეხვედრის დანიშვნა.

თუმცა ტილერსონი ამბობს, რომ ტრამპმა და პუტინმა, შესაძლოა, არაოფიციალურად და სპონტანურად გაისაუბრონ, თუ ერთმანეთს სამიტის კულუარებში შეხვდებიან.

„ისმის კითხვა, რამდენად გვაქვს საკმარისი საფუძველი ოფიციალური შეხვედრისთვის. რუსებთან რამდენიმე რთულ საკითხზე ვმუშაობთ, როგორც იცით“, - განაცხადა ტილერსონმა და დასძინა: „ორი ლიდერი ერთმანეთს შეხვდება, თუკი საკმარისად სერიოზული სალაპარაკო ექნებათ საიმისოდ, რომ ოფიციალური შეხვედრა დაინიშნოს“.

რექს ტილერსონი
რექს ტილერსონი

პუტინმა და ტრამპმა პირველი შეხვედრა ივლისში გამართეს ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტის დროს, და განიხილეს ცნობები რუსეთის ჩარევის შესახებ აშშ-ის არჩევნებში, თუმცა შეთანხმდნენ, რომ კონცენტრაციას მოახდენენ უკეთეს ურთიერთობაზე და არა წარსულის სამართლებრივ განსჯაზე.

მაგრამ მას შემდეგ ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა.

აგვისტოში ტრამპმა ყოყმანით მოაწერა ხელი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს. ეს მოსკოვმა შეაფასა ნაბიჯად, რომელმაც ბოლო მოუღო იმედებს ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ. პუტინმა ვაშინგტონს უბრძანა ნახევარზე მეტით შეამციროს თავისი საელჩოსა და საკონსულოს მუშაკთა რაოდენობა რუსეთში.

დაძაბულობის გაზრდის ერთ-ერთი ფაქტორია, ასევე, სირიაში მიმდინარე კონფლიქტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG