Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თუკი ტრამპს ყველაფერი გამოსდის..." - რა აშინებს მოსკოვს, ირანში აშშ-სა და ისრაელის მასშტაბური საბრძოლო ოპერაციის დაწყების შემდეგ

ალექსანდრ დუგინი ფიქრობს, რომ ირანის შემდეგ, აშშ-ის სამიზნე რუსეთი იქნება.
ალექსანდრ დუგინი ფიქრობს, რომ ირანის შემდეგ, აშშ-ის სამიზნე რუსეთი იქნება.

კრემლის "მეგობართა წრე" იშლება; რუსეთი არ და ვერ ეხმარება მოკავშირეებს - ბოლო დროს გამოკვეთილი ეს ორი ტენდენცია კიდევ უფრო გამყარდა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის მიმდინარე სამხედრო ოპერაციისას. რუსეთისთვის არასასურველ და ხშირად სახიფათო პროცესებზე კრემლის მომხრეებიც მიუთითებენ.

მოსკოვის მხარდამჭერებს რჩებათ იმედი, რომ თეირანისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიუხედავად, ჯერ არაფერი დასრულებულა და ირანი აშშ-სა და ისრაელს ჯეროვან პასუხს გასცემს.

ვერცერთ მეგობარს ვერ უშველა

ირანის უმაღლესი სასულიერო ლიდერის - აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილის დადასტურების შემდეგ, მალევე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ სირიისა და ვენესუელის ყოფილი ლიდერებიც გაიხსენა და Х-ზე დაწერა, რომ პუტინმა „ვერცერთს [მეგობარს] ვერ უშველა“ და „რუსეთი არ არის სანდო მოკავშირე“.

„ღრმა შეშფოთებისა“ და სტაბილიზაციისკენ მოწოდებების მიღმა, კრემლი, ჩანს, მართლაც ვერაფრით ეხმარება ირანს, რომელიც მისი ერთ-ერთი მთავარი მოკავშირე და მომმარაგებელი იყო უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის დათვლით, უკრაინასთან ომის მიმდინარეობისას, ამ დრომდე რუსეთმა 57 000 კამიკაძე დრონით - „შაჰიდი“ [Shahed] - შეუტია უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკულ ობიექტებს. ირანმა რუსეთს დრონების ასაწყობი ტექნოლოგიებიც გადასცა. წლის დასაწყისში Bloomberg-მა დათვალა, რომ რუსეთმა ირანისგან 2,7 მილიარდი დოლარის ბალისტიკური რაკეტები შეიძინა. მომარაგებაში იყო საბრძოლო მასალები, ელექტრონული მოწყობილობები - ჯამში, 4 მილიარდი დოლარის.

  • ირანი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან. 2025 წელს ხელი მოეწერა და ოქტომბრის დასაწყისში ძალაში შევიდა ახალი ხელშეკრულება „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“.
  • რუსეთის საგარეო უწყება მაშინ აცხადებდა, რომ, სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტი ითვალისწინებდა ძალების გაერთიანებას „რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად“ და „საერთო გამოწვევებთან და საფრთხეებთან ბრძოლას“ - „მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების პირობებში“.


28 თებერვალს, როცა ირანის წინააღმდეგ ისრაელმა და აშშ-მა საბრძოლო ოპერაცია დაიწყეს, რუსეთმა თეირანს ძალების გაერთიანება ვერ შესთავაზა. მოსკოვიდან მოითხოვეს, რომ ვითარება “პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების კალაპოტს” დაჰბრუნებოდა და გამოხატეს მზადყოფნა “სამშვიდობო გამოსავლის ძებნაში” დახმარებისთვის; 2 მარტს სერგეი ლავროვმა აშშ-ის მოქმედებებს “მიუღებელი” უწოდა და მხარეებს საბრძოლო მოქმედებების “დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ” მოუწოდა.

მიზანმიმართული დაბომბვისას ხამენეისა და მისი ოჯახის წევრების სიკვდილს, პუტინმა „ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევა“ უწოდა. ექსპერტებმა შენიშნეს, რომ კრემლის ლიდერი არ იყო ხისტი ვაშინგტონის მიმართ.

„სირია, ვენესუელა - ყველგან ვნახეთ, რომ რუსული პასუხი იყო ნული. რუსეთი არ და ვერ ეხმარებოდა... ასადი [სირია] რუსეთისგან მიტოვებული აღმოჩნდა რეალურად - იმავეს ვხედავთ ახლა ირანში... თუკი აშშ მიაღწევს სამხედრო და პოლიტიკურ მიზნებს, ძალის უდიდესი დემონსტრირებით - შესაძლოა, ამას მოჰყვეს დომინოს ეფექტი, მაგალითად - კუბაში, ნიკარაგუაში, სხვა ქვეყნებში შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და არა მაინცდამაინც ძალის გამოყენებით... უბრალოდ, დარწმუნდება ყველა ეს რეჟიმი, რომ რუსეთისა და ჩინეთის იმედად ყოფნა უაზრობაა და ამჯობინებს ამერიკის მხარეს გადასვლას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას “საგარეო პოლიტიკის საბჭოს” მკვლევარმა, გიორგი კობერიძემ. ის დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერც კუბისა და სხვა მოკავშირეების დაცვას ვერ შეძლებს.

დაკარგვისა და მიტოვების სერიები

რუსეთისა და მისი მოკავშირეების მყიფე ურთიერთობების მაგალითებს შორის ექსპერტები ჩამოთვლიან ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთისა თუ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს - რომლებსაც მოსკოვთან მეგობრობამ იმედგაცრუება მოუტანა და რომლებიც, სხვადასხვა ვითარებაში, კრემლს ერთმანეთის მიყოლებით ეცლებიან ხელიდან.

ქვეყნების ნაწილში ხელისუფლებაც გამოიცვალა - დიდწილად აშშ-ის ძალისხმევის შედეგად.

  • 2023 წელს - რუსეთისგან დაპირებული მხარდაჭერა ვერ მიიღო სომხეთმა, აზერბაიჯანთან ყარაბაღის გამო ბოლო ომის დროს. 2025 წელს, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით, ორი ქვეყანა მშვიდობაზე და "ტრამპის გზის" აშენებაზე შეთანხმდა. სომხეთი და აზერბაიჯანი დღეს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან. ერევანი ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებასაც.
  • 2024 წელს - რუსეთმა ვეღარ შეძლო სირიის დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცვა, რომელსაც მრავალი წელი ამაგრებდა. რეჟიმი დაემხო, ასადმა და მისმა ცოლმა მოსკოვს შეაფარეს თავი.
  • 2025 წელს - 12-დღიანი ომის დროს, ისრაელისა და აშშ-ის თვითმფრინავებმა დაბომბეს ირანი, რამაც ბირთვული ობიექტები მნიშვნელოვნად დააზიანა, მაგრამ ბოლომდე ვერ გაანადგურა; ირანმა ურანის გამდიდრებასა და ბალისტიკური რაკეტების წარმოება-განვითარებაზე უარი არ თქვა. სამხედრო ოპერაცია 8 თვის შემდეგ განმეორდა.
  • 2026 წელს - იანვრის დასაწყისში ვენესუელაში, აშშ-ის შეზღუდული სამხედრო სპეცოპერაციის დროს, დედაქალაქ კარაკასიდან, საკუთარი საძინებლიდან გაიტაცეს ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი. მათ აშშ-ში ასამართლებენ. 2026 წლის 26 თებერვალს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს ვენესუელა აშშ-ის მეგობარი და პარტნიორია.
  • 2026 წელს - 28 თებერვალს ირანს ჯერ ისრაელმა დაარტყა; ხოლო რამდენიმე საათში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში „მასშტაბური სამხედრო ოპერაციები“ დაიწყო. მან ასევე განაცხადა, რომ თეირანის “ტერორისტულ რეჟიმს აღარასოდეს ექნება ბირთვული იარაღი!” ბრძოლები ახლაც გრძელდება.



მოსკოვმა, პუტინის მმართველობის დროს, კიდევ არაერთი მეგობარი დაკარგა, მათ შორის:

  • სადამ ჰუსეინი - ერაყის დიქტატორი, რომელიც ქვეყანას 24 წლის განმავლობაში მართავდა. ჰუსეინი 2003 წელს ჩამოაგდეს, მასობრივი განადგურების იარაღთან და ტერორიზმთან ბრძოლის დეკლარირებული მიზეზით, ერაყში აშშ-ის შეჭრის შემდეგ. ეს ყველაფერი 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ში მომხდარ ტერაქტებს მოჰყვა. სადამ ჰუსეინი მოგვიანებით ადგილობრივმა ძალებმა ჩამოახრჩვეს.
  • მუამარ კადაფი - ლიბიის ყოფილი დიქტატორის [1979-2011] რეჟიმი 2011 წელს დაამხვეს და კადაფი მოკლეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თურქეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ლიბიის კონფლიქტში ჩარევაში, მათ შორის - კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ გამოყენებით.


ამ დღეებში უკრაინაში იხსენებენ ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩსაც - რომელმაც, კრემლის მხარდაჭერით, უარი თქვა ქვეყნის პროევროპულ კურსზე, რასაც ევრომაიდანი და რევოლუცია მოჰყვა. კრემლმა ის ვეღარ დაიცვა. ევრომაიდნის მონაწილეთა დახვრეტის შემდეგ, იანუკოვიჩს უკრაინაში აღარ დაედგომებოდა - ქვეყანა მან 2014 წელს ყირიმის გავლით დატოვა. მალევე რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია მოახდინა. როგორც მედია წერს, იანუკოვიჩი ახლა რუსეთში ცხოვრობს - მოსკოვის გარეუბანში ან როსტოვში. იანუკოვიჩი “პრორუსული უკრაინის” ბოლო გამოკვეთილი სიმბოლოა. ახლა უკრაინა, რომელიც რუსული აგრესიის ქვეშაა, ევროკავშირში გაწევრიანების რეალური კანდიდატია.

რუსეთი ვეღარც "ჩრდილოვან ფლოტს" ვერ პატრონობს.

ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, აშშ-მა, მოკავშირეებთან ერთად, დაიწყო აქტიური “ნადირობა” "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერებზე, რომლებსაც ვენესუელისა და ირანის სანქცირებული ნავთობი გადააქვთ. ტანკერებს აპატიმრებენ კარიბის ზღვაში, ინდოეთის ოკეანეში, ჩრდილოეთის ზღვაში.

ერთი ასეთი გემის კაპიტანი ქართველია. Bella 1 [იგივე - Marinera] აშშ-მა, ბრიტანეთის მხარდაჭერით, 7 იანვარს დააკავა. ავთანდილ კალანდაძესა და ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრს აშშ-ში ასამართლებენ.

1 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" კიდევ ერთი ტანკერი - Ethera - ბელგიელმა და ფრანგმა სამხედროებმა დააკავეს, ჩრდილოეთის ზღვაში.

"ჩრდილოვან ფლოტს" მიაკუთვნებენ ხომალდებს, რომლებსაც რუსეთის ნავთობი და სხვა რესურსები გადააქვთ; ისინი დაცურავენ მესამე ქვეყნების დროშების ქვეშ, მაგრამ, დე ფაქტო, რუსეთის კონტროლს ექვემდებარებიან. აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციები ასობით ასეთ ხომალდს დაუწესდა.


თუკი ტრამპს ყველაფერი გამოსდის...

აშშ-სა და ისრაელის დარტყმა ირანზე რუსეთისთვის ნამდვილი შოკი იყო და ეს სოციალურ ქსელებშიც ჩანს. აცნობიერებენ, რომ ირანის დაკარგვით, რუსეთმა შესაძლოა ახლო აღმოსავლეთში მთავარი საყრდენი დაკარგოს.

„ირანის ქარხნებზე დარტყმა პირდაპირი დარტყმაა ჩვენს ფრონტზე და ჩვენს ინტერესებზე. ვიდრე ჩვენ ჩუმად ვართ და არ ვიმჩნევთ - თითქოს არაფერი ხდება, მშვენიერო მარკიზა, მტერი დაკაკუნების გარეშე შედის ჩვენს პარტნიორებთან. სად არიან ჩვენი ჩიტები, სად არის ბალისტიკა?!“ - კითხულობს რუსეთის დუმის დეპუტატი, ანდრეი გურულიოვი, სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში. ის ამბობს, რომ რუსეთი „თვალსა და ხელს შუა კარგავს მოკავშირეებს“ - მოსკოვი კი უმოქმედოა.

მოახლოებული საფრთხის შიში იგრძნობა ევრაზიული მოძრაობის დამფუძნებლის, ულტრანაციონალისტი იდეოლოგის, კრემლის მომხრე ფილოსოფოსის - ალექსანდრ დუგინის - განცხადებებშიც. ის არ მოელოდა აშშ-ის მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციას ირანში და რამდენიმე თვის წინ დარწმუნებული და კმაყოფილი იყო - ვაშინგტონი არ აპირებს გასცდეს თავის ნახევარსფეროს და რუსეთი, აშშ-სთან ერთად, გაილაშქრებს ევროპის წინააღმდეგო.

ალექსანდრ დუგინი
ალექსანდრ დუგინი

„უნდა გვესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში შემდეგი ვართ ჩვენ [რუსეთი]. ვენესუელა, ირანი, სირია, ჰეზბოლა - ყველა ეს რეჟიმი თუ პოლიტიკური სისტემები... კუბა... რომლებსაც დღეს აშშ უმიზნებს, ჩვენი მოკავშირეები არიან. ფაქტობრივად, თუკი ასე შეიძლება ჩვენს მოკავშირეებთან მოპყრობა, თუ ყველაფერი ეს გაგივა, თუკი ტრამპს ყველაფერი გამოსდის... შეიძლება მოხდეს რეჟიმის შეცვლის ანალოგიური ოპერაცია ჩვენთანაც. რით ვართ დაცული? ბირთვული იარაღით? სინამდვილეში საკითხავია - გამოვიყენებთ თუ არა [ბირთვულ იარაღს] რადიკალურ შემთხვევაში“, - თქვა დუგინმა თავის გადაცემაში - რადიო „სპუტნიკის“ ეთერში.

იგი ფიქრობს, რომ ამჟამად მიმდინარე მოვლენები მაინც თავშეკავებულ შეფასებებს მოითხოვს.

იანვარში დუგინი ამბობდა, რომ სუვერენიტეტის დრო დასრულდა და რუსეთმა სასწრაფოდ უნდა დაიქვემდებაროს თავისი მოკავშირეები - ასახელებდა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, მათ შორის - საქართველოს. „მორჩა, სუვერენიტეტი დასრულებულია. ეროვნული სახელმწიფოები წარსულს ჩაბარდა. ეს ნაგავია“, - ამბობდა ის.

ირანის უმაღლესი სულიერი ლიდერისა და რეჟიმის ათობით მაღალჩინოსნის მკვლელობის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა წერს, რომ „დიქტატორების ჩამოგდების დომინო უნდა გაგრძელდეს“ და ერთ დღეს „პუტინის დაცემაც გარდაუვალია“.

"რუსეთის მეგობრებისთვის ტენდენციები სულ უფრო სამწუხარო ხდება“,„ვხედავთ, რომ, ღრმა შეშფოთების გარდა, რუსეთმა ფაქტობრივად ვერაფერი გააკეთა თავისი მოკავშირეებისთვის. აშკარაა, რომ, როგორც მინიმუმ, ახლა ყველა ქვეყანამ, რომლებიც რუსეთზე ორიენტირებას ფიქრობენ, მათ უნდა აწონონ ის ფაქტორი, რომ თუკი აშშ-ს უპირისპირდებიან, ეს შეიძლება ძალიან ცუდად დასრულდეს, პირველ რიგში, მათთვის..." - ამბობს ალექსანდრ ლეონოვი - პოლიტიკური კვლევების ცენტრ „პენტას“ ხელმძღვანელი, უკრაინული ტელეარხ FREEДОМ-ის ეთერში.

როდესაც სამხრეთ კავკასიაში პროდასავლურ ფლანგზე გადასულ ქვეყნებს ჩამოთვლის, ექსპერტი ახსენებს მხოლოდ აზერბაიჯანსა და სომხეთს.

2024 წლის ნოემბერში აშშ-მა შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს მიღებული ეს გადაწყვეტილება არც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს არ შეცვლილა. ვაშინგტონს, ბრიუსელსა და თბილისს შორის შეჩერდა მაღალი დონის შეხვედრები, გაიყინა თანამშრომლობის არაერთი მიმართულება, დაპაუზდა დახმარების პროგრამები; ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესდა სავიზო შეზღუდვები თუ ინდივიდუალური სანქციები. "ქართული ოცნების" ლიდერები იმეორებენ, რომ მზად არიან აშშ-სთან ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის.

კიდევ კვირები თუ თვეები? ვინ დგას ირანის მხარეს?

აშშ-სა და ისრაელის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია ირანისთვის მნიშვნელოვანი დანაკარგებით გრძელდება. თუმცა ესკალაციის არეალი სწრაფად გაფართოვდა - ირანი არაბულ სამეზობლოს ბომბავს.

ხშირია ცნობები აფეთქებების შესახებ ისრაელში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, კატარში, ერაყში, ქუვეითში, ბაჰრეინში. დუბაისა და დოჰაში ძლიერი აფეთქებები იყო 2 მარტსაც. დრონებით შეტევის შედეგად მუშაობა შეაჩერა საუდის არაბეთის ქალაქ რას-ტანურაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ. დაიბომბა აეროპორტები - არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში.

ყურის ქვეყნებში ჩარჩენილი არიან ტურისტები, მათ შორის - საქართველოს მოქალაქეებიც.

დაწყებულ სამხედრო მოქმედებებს, ორივე მხარეს, მსხვერპლი მოჰყვა. პირველი იერიშების სამიზნე ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იყოს. აშშ-ის განცხადებით, სულიერი ლიდერის აიათოლა ხამენეის გარდა, თავდასხმებისას 50-მდე მაღალჩინოსანი მოკლეს.

ირანმა შეუტია აშშ-ის სამხედრო ბაზებს რეგიონში. ამერიკული მედიის ცნობებით, ყველაზე დიდი ნგრევა იყო ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე.

„ბომბავს ირანი სამეზობლოს, რომ ააჯანყოს ისინი... ეუბნება ამით მათ - ამერიკა ვერ გიცავთო, ამერიკელების გამო კვდებითო. კიდევ ერთია - ამით ცდილობს ისე შეაწუხოს არაბული ქვეყნები დაბომბვით, რომ მათ აიძულონ აშშ - შეჩერდეს... თითქოს პრიმიტიული ფართხალია ეს, მაგრამ საკმაოდ ლოგიკურია ირანის მხრიდან. თუმცა ვინ იცის - ამან შეიძლება საპირისპირო შედეგი გამოიწვიოს და ყველა პირიქით დაუპირისპირდეს მას“, - გვეუბნება გიორგი კობერიძე.

ირანის რეალურ მხარდამჭერად კობერიძე ასახელებს "შიიტურ ქსელს" ახლო აღმოსავლეთში - ერაყში, სპარსეთის ყურის აუზში, ბაჰრეინში. ირანის რეჟიმის მხარდამჭერთა რიგშია აშშ-სა თუ ევროპის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებული პალესტინის ჰამასი, ლიბანური ჰეზბოლა თუ იემენელი ჰუსიტების დაჯგუფებები. მათგან მკაცრი მუქარა ისმის, თუმცა კობერიძეს ეეჭვება საბრძოლო ოპერაციებში მათი პირდაპირი ჩართვა.

ამბობს, რომ მათი ძირითადი ძალა „ტერორისტული ქმედებების შესაძლებლობებია“.

ასეთი საფრთხეებისგან დაზღვეული არც საქართველოა, თუმცა, კობერიძის თქმით, საქართველოსთვის „ბირთვული იარაღის მქონე ისლამისტურ ირანზე უფრო დიდი საფრთხე არ არსებობს“, რადგან თუკი ასეთ იარაღს შექმნის, ირანი უკონტროლო გახდება და გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ისლამისტურ ირანს ხელი არ აუღია დოქტრინალურ ხედვაზე - ისლამისტური დიდებისა და შიიტური რკალის გავრცელებაზე ... მას არ აუღია ხელი კავკასიაზე, ლიბანზე, სირიაზე, ყურის ქვეყნებზე“.

და რით შეიძლება ისარგებლოს რუსეთმა ამ ვითარებაში?

ჯეიმს მარტინის გაუვრცელებლობის კვლევების ცენტრის ევრაზიის პროგრამის დირექტორმა, ჰანა ნოტემ, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ყურადღება გაამახვილა რუსეთში არსებულ იმედზე, რომ თუკი აშშ ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებებში ჩაეფლობა, რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა, უფრო ხელსაყრელ გარიგებას მიაღწიოს უკრაინის საკითხზე.

ნოტე ფიქრობს, რომ მოსკოვი აშშ-ის ქმედებების სათავისოდ გამოყენებას შეეცდება და „ეს ყველაფერი მხოლოდ გაამყარებს რუსეთის პოზიციებს უკრაინასთან დაკავშირებით“.

2 მარტს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სამხედრო ოპერაციები უკვე წინ უსწრებს წინასწარ შემუშავებულ გრაფიკს. მისი პროგნოზით, აშშ-ის კამპანია, სავარაუდოდ, 4-5 კვირას გასტანს, თუმცა შესაძლოა უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს.

ტრამპი იმეორებს ოპერაციის მთავარ მიზნებს:

  • ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილება;
  • შორი მოქმედების ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ჩაშლა;
  • საზღვაო ძალების განადგურება [მისი ინფორმაციით, ირანის ფლოტის 10 გემი უკვე გაანადგურეს და „ისინი ზღვის ფსკერზე არიან“].


დასახელდა აშშ-ის კიდევ ერთი “დიდი ხნის მიზანი” - ხელი შეეშალოს ირანს რეგიონში მებრძოლი შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერაში.

ექსპერტებს ჯერ ისევ უჭირთ პროგნოზების გაკეთება - რამდენ ხანს გასტანს დაპირისპირება და რა შედეგით დასრულდება ის. სხვადასხვა ვერსიით, სამხედრო მოქმედებები შესაძლოა კვირები და თვეებიც კი გაგრძელდეს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG