საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გაიწვია თავისი ქვეყნის ელჩი უნგრეთში, ერიკ ფურნიე. დიპლომატის გათავისუფლების მიზეზი გახდა საფრანგეთის პრეზიდენტისათვის გაგზავნილი მისი წერილის გაჟონვა ფრანგულ საიტ „მედიაპარტში“ (Mediapart).
სამსახურებრივ ანგარიშში, რომლის ადრესატები არიან საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ევროკავშირის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელები, ფრანგი დიპლომატი „სამაგალითოს“ უწოდებს უნგრეთის ხელისუფლების მიდგომას მიგრანტთა პრობლემის გადაჭრაში.
წერილში ელჩი, კერძოდ, აღნიშნავს, რომ „უნგრელებმა შეძლეს არალეგალი ემიგრანტების მოზღვავებით გამოწვეული პრობლემის პრევენცია“. „მედიაპარტი“ აღნიშნავს, რომ ელჩი ფურნიე არ ახსენებს არც უნგრეთის საზღვარზე აღმართულ კედელს და არც კანონებს, რომლებიც უფლებას აძლევს უნგრეთის სამართალდამცველ ორგანოებს, რომ რეზინის ტყვიები გამოიყენონ მიგრანტების წინააღმდეგ.
თავის წერილში ფურნიე ბუდაპეშტის მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს, რომლებიც ხშირად ისმის ევროპაში, უწოდებს „მადიაროფობიის“ (უნგროფობიის) შედეგებს და მოუწოდებს ადრესატებს, არ გაატარონ უნგრეთის წინააღმდეგ რეპრესიული ზომები.
29 ივნისს, ევროკავშირის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საიტ “Mediapart”-ის ჟურნალისტი პრეზიდენტ მაკრონს შეეკითხა ელჩის წერილზე მისი რეაქციის თაობაზე. საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, იგი არ იზიარებს ფურნიეს შეხედულებებს, მაგრამ არ აპირებს ელჩის გამოწვევას მის მიერ საკუთარი მოსაზრების არასაჯარო გამოხატვისათვის.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევქმნით სახელმწიფო სამსახურში დევნის პრეცედენტს სხვაგვარად აზროვნების გამო“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა. მომდევნო დღეს, 30 ივნისს, საფრანგეთის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა პრეზიდენტ მაკრონის დადგენილება ერიკ ფურნიეს ახალი ელჩით, პასკალ ანდრეანით შეცვლის თაობაზე.
ერიკ ფურნიე საქართველოში საფრანგეთის ელჩის პოსტზე მუშაობდა 2007-2011 წლამდე. მისიის დასრულების შემდეგ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა საფრანგეთის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი გადასცა.