Accessibility links

site logo site logo

ბლოგები

თუ ოდესმე ვინმე ქართული ქსენოფობიების სტატისტიკურად გაანალიზებას შეეცდება, დარწმუნებული ვარ, უცხოს სიძულვილის ყველაზე გავრცელებული ფორმა საქართველოში არმენოფობია აღმოჩნდება.

სომეხი ქართულ წარმოსახვაში ერთგვარი „მტრის ხატია“, დაახლოებით ისეთივე შინაარსის, როგორიც ბევრ სხვა ქვეყანაში - ებრაელი. არმენოფობია ანტისემიტიზმის ქართული ვარიანტია და იგი თანაბრად მოიცავს საზოგადოების ყველა ფენას. არმენოფობური შინაარსის გამონათქვამები უხვად მოიპოვება როგორც ყოფით საუბრებში, ისე ქართული მწერლობის კლასიკოსთა თხზულებებშიც, ჭორიკანა, ბულვარულ პრესასა თუ პოლიტიკურ დისკურსში. თუ საქართველოში ვინმეს დისკრედიტაცია გინდა, საკმარისია მისი სომხად გამოცხადება; თუ ვინმე არ მოგვწონს, მისი შეხედულებები „ანტიქართულად“ ან საქართველოსათვის საზიანოდ მიგვაჩნია, ლამის ინსტინქტურად, მის წინაპრებში სომხების ძებნას ვიწყებთ. ყოფით ენაზე „სომეხი“ ხშირად დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი მნიშვნელობითაც კი იხმარება. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ქართველი იმდენადაა ქართველი, რამდენადაც ის სომეხს ემიჯნება და საკუთარ ეროვნულ იდენტობას სომხის სიძულვილისა თუ დაკნინების ხარჯზე აგებს. ეს ფობია მთელ საქართველოზე ვრცელდება, თუმცა განსაკუთრებული სიმძაფრით იგრძნობა თბილისში, სადაც, ტრადიციულად, სომხური წარმოშობის ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

არმენოფობია საქართველოში არა მხოლოდ ყველაზე გავრცელებული, არამედ ყველაზე ძველი ქსენოფობიის ფორმაცაა. რამდენადაც ქართველები და სომხები ისტორიის სცენაზე ერთდროულად გამოჩნდნენ, მათ შორის შუღლი და ქიშპობაც ლამის პრეისტორიული ხანიდან იღებს სათავეს. ამასთანავე, მიუხედავად განმასხვავებელი ეთნიკური, ენობრივი თუ სარწმუნოებრივი ფაქტორებისა, „გენეტიკური“ და კულტურული თვალსაზრისით, მსოფლიოში ცოტა ხალხი თუა ერთმანეთში ისე შერწყმულ-შეზავებული, როგორც ქართველები და სომხები.

ჩემი აზრით, ამ ორი ეთნოსის ურთიერთშუღლის მიზეზი ერთმანეთთან სიახლოვე და მსგავსება უფროა, ვიდრე მათი განსხვავებულობა: ისინი ერთმანეთში საკუთარ თავს ამოიცნობენ. ორივე ხალხის ცხოვრებაში საბედისწერო როლი ითამაშა მათმა ისტორიულმა სტაჟმა და სიძველემაც: როგორც მეზობლებს, მათ მსგავსი ისტორიული ბედი აკავშირებთ ერთმანეთთან და ისინი ერთმანეთზეც გარდამავალი უპირატესობით დომინირებდნენ. წინა- თუ ადრექრისტიანულ ხანაში ქართველთა და სომეხთა წინაპრებს შორის კულტურული სხვაობაც მინიმალური იყო: იბერიაშიც და არმენიაშიც ირანული წარმოშობის დინასტიები მეფობდნენ და სარწმუნოებაც ირანულ ზოროასტრიზმთან მიმსგავსებული ჰქონდათ. ორივე თითქმის ერთდროულად გაქრისტიანდა და ერთნაირად უხდებოდათ ახალი სარწმუნოების დაცვა მაზდეანური ირანისა თუ არაბთა ისლამური ხალიფატებისაგან. შემდგომ ორივეგან ერთი და იგივე სამეფო დინასტია – ბაგრატიონ-ბაგრატუნები – მეფობდნენ. სომხებისთვისაც და ქართველებისთვისაც ეს საკუთარი სამეფო გვარი იყო. ბოლო სომხური სამეფოს (ანისის სამეფოს) გაუქმების შემდეგ (1045 წ.) ქართველ ბაგრატიონთა ტიტული „სომეხთა მეფე“ არა დაპყრობილი ტერიტორიის გამგებლობას, არამედ დინასტიის, როგორც ქართველებისა და სომხების მეფის, ლეგიტიმაციას ნიშნავდა (გასათვალისწინებელია, რომ შუა საუკუნეებში ლოიალობის სუბიექტია არა ქვეყანა („სომხეთი“, „საქართველო“), არამედ მეფე და მისი დინასტია.

ქართულ-სომხური კონფლიქტის პირველი მნიშვნელოვანი საფუძველი სარწმუნოებრივი განხეთქილებაა: რამდენადაც შუა საუკუნეებში მონარქისადმი ლოიალურობასთან ერთად კოლექტიური იდენტურობის განმსაზღვრელი სარწმუნოებაა, სამხრეთ კავკასიაში კონფესიური დაპირისპირება უკვე ქალკედონიის საეკლესიო კრების (451 წ.) მიერ მონოფიზიტობის დაგმობით იწყება და VII საუკუნეში გვირგვინდება ეკლესიის გახლეჩვით არა ეთნიკური ნიშნით „ქართულად“ და „სომხურად“, არამედ დიო- და მონოფიზიტურებად: სომხური ეკლესია ქალკედონიის კრებაზე ერესად გამოცხადებული მოძღვრების თავშესაფარი ხდება, სადაც წარმოიქმნება ახალი სარწმუნოება - სომხური გრიგორიანელობა. აქედან მოყოლებული ეთნიკურად ქართველი, მაგრამ მონოფიზიტი, ავტომატურად „სომხად“ იწოდება, ისევე, როგორც ქალკედონიტი ეთნიკურად სომეხი - „ბერძნად“ ან „ქართველად“. ეს ქართველებსა და სომხებს შორის წარმოშობს მრავალსაუკუნოვან დაპირისპირებას, რომელიც არცთუ იშვიათად პოგრომების ფორმით გამოიხატებოდა. ამის ერთ-ერთი ცნობილი მაგალითია დავით III კურაპალატის მიერ სომხური ეკლესიის დარბევა, სხვათა შორის, ბიზანტიის სანქციითა და ხელშეწყობით, რომლის ქვეშევრდომი და მოხელეც დავითი იყო. ეს პოლიტიკა რადიკალურად იცვლება 1045 წელს, ანისის მეფის გაგიკ II-ის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც აფხაზთა და ქართველთა მეფე ბაგრატ III სომეხთა მეფედაც ცხადდება. დავით აღმაშენებელი და მისი შთამომავალი ბაგრატიონები ოფიციალურად სომეხთა მეფეებიც არიან. ამიტომაც, როდესაც თამარის დროს ქართველები თბილისში სომხურ ეკლესიას არბევენ, თამარი სასჯელად თბილისის ქართულ მოსახლეობას უნიშნავს საგანგებო ბეგარას სომხური ეკლესიის აღსადგენად. ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლის შემდეგ, სომეხთა იდენტობის მთავარი განმსაზღვრელი სომხური ეკლესია ხდება.

ახალი ქართულ-სომხური დაპირისპირება კი XIX საუკუნეში გაჩენილმა ნაციონალიზმმა წარმოშვა და ამ დაპირისპირების გამწვავებაში, გარდამავალი უპირატესობით, განსაკუთრებული როლი მიუძღვით ისტორიკოსებს. XIX საუკუნის ნაციონალიზმი გულისხმობს ახალი ისტორიული ნარატივის შექმნას, წარსულის ჰეროიზაციას და მის გამოყენებას ეროვნული იდენტობის განმსაზღვრელ იდეოლოგიურ ბაზისად. ეს პროცესი განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს მცირერიცხოვან და კოლონიალურ პირობებში მყოფ ერებში, რომლებიც, დუხჭირი აწმყოს საკომპენსაციოდ, წარსულის სულ უფრო განდიდებას ცდილობენ. სწორედ ასეთ პირობებში იწყებენ ქართველები და სომხები საკუთარი ისტორიების გაყოფისათვის დავას, რომელიც დღესაც გრძელდება.

ამას კიდევ უფრო ამძაფრებს ქართველებისა და სომხების ტრადიციული სამეურნეო-ეკონომიკური განსხვავებულობა: ქართველები ძირითადად მიწათმოქმედები იყვნენ, სომხები - ხელოსნები და ვაჭრები. XIX საუკუნეში, განსაკუთრებით ქართველი არისტოკრატია, ვერ ახერხებს ფეოდალური ცნობიერებიდან გათავისუფლებას და ახალ საბაზრო ურთიერთობებზე გადაწყობას, რის გამოც მისი ქონების დიდი ნაწილი სომეხი ბურჟუაზიის ხელში გადადის. ასეთ პირობებში მდიდარი სომეხი გაღატაკებული და დავალიანებული ქართველისათვის ისეთივე მტრისა და სისხლისმსმელის ხატებად იქცევა, როგორიც მდიდარი ებრაელია გერმანელი ან რუსი ნაციონალისტებისათვის. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ნაციონალიზმი სწორედ სომხის, როგორც მტრის ხატებაზეა დაფიქსირებული. ეს ფიქსაცია კი იმდენად ღრმადაა გამჯდარი ქართულ ცნობიერებაში, რომ მისგან გათავისუფლებას მხოლოდ ნიჭიერება და განათლებულობა არ შველის. ის არა მხოლოდ ახალ კონფლიქტურ კერებს წარმოქმნის ისედაც კონფლიქტებით მდიდარ საქართველოში, არამედ კულტურული შეზღუდულობისა და გამრუდებული თვითაღქმის ნიშანიცაა.

ამდენად, არმენოფობიის გააზრება და მისგან გათავისუფლება არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისითაა უპრიანი, არამედ XIX საუკუნის აზროვნებიდან და ფეოდალური ცნობიერებიდან თავის დაღწევასაც უნდა ნიშნავდეს.
ტერენს მალიკის ახალი ფილმის დასაწყისი უბრალოდ რელიგიური კი არა, პირდაპირ თეოლოგიურია. ჯერ ციტატა „იობის წიგნიდან“ - „სად იყავი, როდესაც დედამიწას ვაფუძნებდი?... როცა გალობდნენ დილის ვარსკვლავები და ყიჟინობდნენ ღვთისშვილები“; შემდეგ გმირი ქალი, რომელიც იმაზე საუბრობს, რომ ორი გზა არსებობს: ბუნების გზა და მადლის გზა. ბუნებასა და მადლს შორის განსხვავება, როგორც მოგეხსენებათ, ქრისტიანული თეოლოგიის გულისგულს წარმოადგენს.

მაგრამ ამ თეოლოგიური სიმაღლეებიდან სწრაფადვე ხდება გადასვლა ოჯახურ დრამასა და ევოლუციის თეორიაზე. ოჯახური დრამა აღმოჩნდება რეალური საზრისი იმისა, რასაც მალიკი „მადლს“ უწოდებს, ხოლო დიდი აფეთქებისა და ევოლუციის თეორიები - იმისა, რასაც ფილმში „ბუნება“ ეწოდება.

ამბავი, რომელსაც მალიკი გვიყვება, 50-იანი წლების ამერიკაში ხდება. მისი მთავარი კონფლიქტი ოჯახის მამასა და უფროს ვაჟს შორის საოცარი სიზუსტით ასახავს იმას, რასაც ოიდიპოსის კომპლექსის სახელით ვიცნობთ. დედა საკუთარ ვაჟს ცაზე მიუთითებს და ეუბნება, ღმერთი იქ ცხოვრობსო, თუმცა ფილმი იმდენად ჯიუტად გვაჩვენებს იმას, რომ ღმერთის ხატი სინამდვილეში მამის ხატის მიხედვით იქმნება, რომ შეუძლებელია გეგონოს, თითქოს ფილმის ჩასახვამ ფსიქოანალიზის დამფუძნებლის გარეშე ჩაიარა. როგორც გვახსოვს, სწორედ ფროიდის აზრი იყო, რომ ღმერთი სხვა არაფერია, თუ არა ბავშვის მიერ მამის უსაშველოდ გაზრდილი ხატება. თითქოს ეს საკმარისი არ არისო, ფილმის ბოლოს ჩვენ ვხედავთ სამოთხეს, რომელიც წარმოდგენილია, როგორც დაკარგული ოჯახის წევრების გულში ჩაკვრა. მგონი არც ამ სცენის პროტოტიპის გახსენება უნდა გაგვიჭირდეს - „ძმები კარამაზოვების“ ფინალი.

ამ ამბავს მალიკი გვიყვება ღრმა ფსიქოლოგიური წვდომით, დეტალებისადმი შესაშური ყურადღებით და კამერის შესანიშნავი მუშაობით. ზუსტად არის ნაჩვენები, რომ მამა, რომელთან კონფლიქტსაც უკავშირდება უფროსი ვაჟის პიროვნული პრობლემები, სულაც არაა დამკვიდრებული ნორმიდან გადახრილი და ძალადობის მოყვარული მშობელი. არა, ის ტრადიციული ოჯახის ტიპური მამაა, რომელსაც ავტორიტეტის დამკვიდრება სჭირდება, რადგან კანონის ფუნქცია აქვს დაკისრებული (განსხვავებით უპირობო სიყვარულის ფუნქციისგან, რომელსაც თავის თავზე დედა იღებს). ადამიანების ამბავი, რომლებსაც ფილმი გვაცნობს, ბანალურობამდე ტიპურია.

თითქოს ამ ბანალურობის გასაქარწყლებლად ფილმში შემოდის ბუნების მოტივი. ეს მოტივი წარმოდგენილია არაორგანული ჩართვების სახით ამბის ქსოვილში, ჩართვებისა, რომლებმაც, მალიკის აზრით, ჩვენი ცხოვრებისა და ბუნების პროცესების კავშირი უნდა გვაჩვენონ პასუხი (სხვათა შორის, მსგავსი სვლა მასობრივი კულტურის ნიმუშებში კიდევ უფრო წარმატებულად გამოიყენება - მაგალითად, როდესაც ოჯახური დაძაბულობის სიმბოლიზაციისათვის კოსმიური კატასტროფის შემოტანა ხდება ხოლმე ფილმში. გავიხსენოთ „არმაგედონი“ ბრიუს უილისითა და და ლივ ტაილერით). ჩართვების მოტივაცია მაყურებელთა უმრავლესობისთვის გაუგებარი დარჩება, მაგრამ ნუ ვიქნებით უსამართლონი მალიკის მიმართ - მას არ დავუტოვებივართ ახსნის გარეშე. სამყაროს, დედამიწისა და სიცოცხლის წარმოშობის კადრები ფილმში შემოდის, როგორც პასუხი გამწარებული დედის კითხვაზე, რომელსაც შვილი დაეღუპა. კითხვა „იობის წიგნის“ ენითაა გადმოცემული, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მალიკის ჩანართები იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ღმერთის მიერ იობისათვის გაცემული პასუხი უსამართლო ტანჯვის ფაქტზე.

სწორედ აქაა მალიკის ფილმის მთავარი პრობლემა - ბუნების წარმოშობის კადრები ახლოსაც ვერ მიდის იმასთან, რასაც გვთავაზობს ძველი აღთქმის რიტორიკა. იაჰვეს პასუხი ძველ აღთქმაში შემაძრწუნებელია, მაგრამ ამაღლებული საკუთარ არათანაბარზომადობაში ადამიანურ გაგებასთან. ლიტერატურული ხერხები, რომლებიც გამოყენებულია ტექსტში, მთელი თავისი სიმძლვრით უსვამს ხაზს ამ არათანაბარზომადობას - მაგალითად, ისე აღწერს ზღაპრულ ცხოველს (ლევიათანი) რომ მისი წარმოდგენა შეუძლებელი იყოს. რაც შეეხება მალიკს, ის იაჰვეს რიტორიკას მეცნიერული თეორიების ილუსტრაციებით ცვლის, მაგრამ საქმეც ისაა, რომ დიდი აფეთქებისა და ევოლუციის თეორიები ჩვენთვის არაა პასუხი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს კითხვებზე. ეს თეორიები ჩვენ ვიცით ფიზიკისა და ბიოლოგიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან, წიგნებიდან, დოკუმენტური ფილმებიდან. ისინი ცოდნის განზომილებას მიეკუთვნება. ეს ის არაა, რასაც ჩვენ ვცხოვრობთ. ცხოვრებით, როგორც თავად მალიკი აჩვენებს, ჩვენი საზრისის ჰორიზონტი შეიძლება ოჯახსა და მის კონფლიქტებს ვერ გასცდეს, მაგრამ ცოდნით ჩვენ შეგვიძლია მოვიცვათ დიდი აფეთქება, სიცოცხლის გაჩენა და დინოზავრების ბრძოლა, რომელთა კადრებსაც ფილმი გვთავაზობს. არაა გასაკვირი, რომ ამ შეთავაზებას მაყურებელი უხალისოდ იღებს - ევოლუციის თეორია ჩვენთვის სიცოცხლის ხის კი არა, შემეცნების ხის ნაწილია. და როგორც დიდი ინგლისელი რომანტიკოსი ამბობდა, the tree of knowledge is not the tree of life („შემეცნების ხე არ არის სიცოცხლის ხე“).

ჩვენ განწირულები ვართ, ვიცხოვროთ გაყოფისა და ფრაგმენტაციის მდგომარეობაში. ცხოვრება არ ემთხვევა ცოდნას. ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ მზე ამოდის, თუმცა ვიცით, რომ სინამდვილეში დედამიწა ბრუნავს. პირველი ცხოვრების ფაქტია, მეორე - მეცნიერებისა. იმას, რაც ყოფიერებამ გაყო, ისეთი შესანიშნავი რეჟისორისა და ცუდი თეოლოგის ესთეტიკაც კი ვერ გააერთიანებს, როგორიც ტერენს მალიკია.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG