Accessibility links

ბლოგები

ორშაბათი, 21 იანვარი 2019

კალენდარი
იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

ყველაზე უადგილო ახლა, ალბათ, პათეტიკაა - მოჭარბებული ემოციები, დიდი აღშფოთება, ხმამაღალი განცხადებები.

არადა, უემოციოდ როგორ გინდა ილაპარაკო. ან არ ილაპარაკო და, უბრალოდ, წარმოიდგინო ცამეტი წლის გიგა მამულაშვილი, რომელიც ზამთრის სუსხში ველოსიპედით მარტო გაივლის გზას სახლიდან ახლომდებარე თხრილამდე, სადაც, როგორც ხშირად აკეთებს ხოლმე, ჯართი უნდა შეაგროვოს ეკონომიკურ სასოწარკვეთაში მცხოვრები ოჯახის დასახმარებლად. როგორ უნდა დაინახო ის მომენტი, როცა ბავშვს ჩამოშლილი მიწა ჩაიტანს, წარმოიდგინო იქვე, თხრილთან მიგდებული მისი ველოსიპედი, წერაქვი და ნიჩაბი. როგორ უნდა გაიაზრო, რომ სიღარიბის საზარელმა და დაუნდობელმა რეალობამ კიდევ ერთი უმანკო სიცოცხლე შეიწირა.

დიახ, კიდევ ერთი. უფრო სწორად - მორიგი. სიღარიბე ბავშვებს აქამდეც კლავდა - გაიხსენეთ სენაკში დაღუპული რვა წლის ნიკა გაბეჩავა, რომელიც, როგორც ითქვა, გაჭირვების გამო ბოთლების და ჯართის შეგროვებისას ხიფათს გადაეყარა და მდინარე ტეხურაში იპოვეს - და მომავალშიც მოკლავს. იმიტომ რომ არაფერი შეიცვლება, იმიტომ რომ ერთდღიანი დარდისა და ტკივილის შემდეგ პატარა გიგაც მიგვავიწყდება. კი, დროდადრო ისევ “დავაშეარებთ”, ან ყალბად აღშფოთებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსისგან მოვისმენთ სტატისტიკურ მონაცემებს - რომ საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს (იუნისეფი), ყოველ მეხუთე ოჯახში სადილი ნასესხები ფულით კეთდება (ოქსფამი); რომ “ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე კვლავაც ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა” (ომბუდსმენი); რომ თუ ღატაკ მოქალაქეს გაუმართლებს და საარსებო შემწეობის პროგრამაში მოხვდება, თანხა, რომელსაც მიიღებს, საუკეთესო შემთხვევაში 60 ლარი იქნება, ანუ თითქმის სამჯერ ნაკლები საარსებო მინიმუმად ოფიციალურად მიჩნეულ, თუმცა რაღაც იდუმალი მექანიზმებით დათვლილ, მწირ და არარეალისტურ 175 ლარზე. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს მონაცემებიც, აღშფოთებაც, წუხილიც და სინანულიც გაცვდა. ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდება, მსხვერპლიდან - მსხვერპლამდე, თავზარიდან - თავზარამდე.

არადა, ამაზე გადაუდებელი, ამაზე მწვავე, ამაზე მნიშვნელოვანი სხვა რა საკითხი შეიძლება იყოს. რამ შეიძლება გადაწონოს ბავშვის სიცოცხლის დაცვის აუცილებლობა, მისი ეკონომიკური სასოწარკვეთიდან გამოყვანის გადაუდებლობა. საიმისოდ, რომ თინეიჯერობის ასაკს არმიღწეულს ჯართის შეგროვება არ სჭირდებოდეს; საიმისოდ, რომ არ შიოდეს, არ ციოდეს, სკოლაში დადიოდეს, თამაშობდეს და ბავშვობის წლებს უიმედობის, უპერსპექტივობის, დაუცველობის, შიშის, სირცხვილის და საფრთხის დაღის გარეშე ატარებდეს.

წესით, არაფერმა. მაგრამ ვხედავთ, რომ ჩვენში ეს წესი არ მოქმედებს. პერიოდულ და დროებით აღშფოთება- წუხილზე შორს ვერავინ მივდივართ და გარშემო გამეფებულ საზარელ უსამართლობას უკვე ერთგვარ პერვერსიულ ნორმადაც ვიღებთ.

იმიტომ არა, რომ განსაკუთრებით ცუდი ადამიანები ვართ - გამორჩეულად გულქვა და გულგრილი. უბრალოდ, ადამიანი მართლა ყველაფერს ეჩვევა. ჩვენც მივეჩვიეთ - ან მიგვაჩვიეს - ამ მძიმე რეალობას. “პოლიტიკური სპექტრი”, ხელისუფლებიან-ოპოზიციიანად, სერიოზულად არასოდეს ლაპარაკობს ბავშვთა სიღარიბეზე - აბა, რამდენი დეპუტატი წარმოგიდგენიათ, რომელიც ამ მიმართულებით გადასადგმელ სამ ნაბიჯს მაინც ჩამოთვლიდა მეტ-ნაკლები კომპეტენტურობით? სამაგიეროდ, ისევ ვისმენთ ძველ ზღაპრებს, რომ ეკონომიკა ნელა, მაგრამ მაინც იზრდება, რომ ყოველ შემდგომ თვეს უკეთესად და უკეთესად ვცხოვრობთ, რომ ინვესტორი კიდევ მოვა, გადასახადებისგან მაქსიმალურად გათავისუფლებული მდიდარი ფულს ისევ ეკონომიკაში “ჩადებს”, ხალხი დასაქმდება და, ბოლოს, ოდესმე, ყველაფერი კარგად იქნება. დღევანდელი მმართველი ძალის, „ქართული ოცნების“, იდენტობის ერთადერთი კომპონენტი კი არის ლოზუნგი - „’ნაციონალური მოძრაობა’ ჩემზე უარესი იყო”. მაგრამ ეს ძველი, იდეოლოგიური თუ, ასე ვთქვათ, პარადიგმატული ზღაპრები უცვლელი რჩება. ჯანდაცვის სისტემის ამოქმედება - თუნდაც თავისი დიდი ხარვეზებით და ნაკლოვანებებით - ნამდვილად იყო თვისებრივი ცვლილება. მაგრამ ამის მიღმა სოციალური სამართლიანობის გაზრდის, სიმდიდრის გადანაწილების, კატასტროფული უთანასწორობის შემცირების, სიღარიბესთან რეალური ბრძოლის ვერც ნებას ვხედავთ, ვერც კომპეტენციას და, სამწუხაროდ, ვერც მწვავე აუცილებლობის გააზრებას.

ამიტომაცაა, რომ სიღარიბის თემაზე ხელისუფლების სხვადასხვა რანგის წარმომადგენლების განცხადებები სირცხვილით და სიბრაზით წამოგვაწითლებს ხოლმე. ხან თავად მულტიმილიარდერი ლიდერი გვმოძღვრავს, რომ თურმე ღარიბებს თავიანთ სიღარიბეში საკუთარი თავის დადანაშაულება უჭირთ - არადა, ცოტა ხნით ადრე ეს ლიდერივე ჩიოდა, „ძალიან ცუდად ვიყავი რამდენიმე დღე“, როცა იუნისეფის გამოკვლევის შედეგები ვნახეო; ხან პარლამენტის თავმჯდომარე გვიცხადებს, რომ სიღარიბეზე ჩაწერილი ტელეინტერვიუები “სიყალბეა”; ხან გუგული მაღრაძეა გაკვირვებული, ხალხი თუ ღარიბია, ჭარბი წონა რად აქვსო - თითქოს სიმსუქნეს სწორედ მწირი და ნახშირწყლებით თუ სახამებლით გადავსებული რაციონი არ იწვევდეს; ხანაც კიდევ ეკონომიკის მინისტრის წიაღსვლებში ვიკარგებით - რომ "ხალხს აქვს განცდა, რომ უარესად ცხოვრობს, მაგრამ ასე არ არის", რაც, შემდგომი განმარტებით, თურმე ნიშნავს, რომ ხალხს “ძალიან უჭირს და საოცრად უჭირს, მაგრამ არ უჭირს უფრო მეტად და ბევრად მეტად, ვიდრე უჭირდა, ვთქვათ, ‘ნაციონალური მოძრაობის’ დროს”.

გაგეცინათ, ხომ? მეც მეცინება. არადა, არ არის სასაცილო. თუნდაც იმიტომ, რომ ხალხს კი “ძალიან უჭირს და საოცრად უჭირს”, მაგრამ ხელისუფლებას, როგორც სულ ახლახან ზედმიწევნით აშკარად დავინახეთ, სოციალურად დაუცველი ბავშვები ზოგადად არჩევნების წინაც კი არა, მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩევლისგან მიღებული ალიყურის შემდეგ ახსენდება. და სწორედ ამ პერიოდში უცებ საზეიმოდ გვამცნობს, რომ ეს ბავშვები “ხუთჯერ მეტ დახმარებას მიიღებენ”. ეს ხუთჯერ გაზრდილი თანხა 50 ლარია - რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეღავათი გაჭირვებული ოჯახებისთვის. მაგრამ აქამდე, მთელი ეს წლები, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს - მთავრობისვე აღიარებით, 140 000 ბავშვს - სახელმწიფო 10 ლარს აძლევდა თვეში. და - ეს კარგად გავიაზროთ - ამ თანხას უსირცხვილოდ უწოდებდა “საარსებო შემწეობას”.

ის გარემოება, რომ სიღარიბე - და განსაკუთრებით ბავშვთა სიღარიბე - არც პოლიტიკურ, არც საზოგადოებრივ და არც მედიის სფეროშია მწვავე და ღრმა დისკუსიის თემა, ხელისუფლებას, ცხადია, კომფორტში ამყოფებს. “ღარიბ ხალხზე” ოპოზიციურ ტელემედიაში წინასაარჩევნოდ გააქტუალურებული სიუჟეტები - თავისი ტრადიციული სანტიმენტალური მუსიკით და ახლო ხედებით ჩამონგრეულკედლებიან სახლებში მცხოვრები ბავშვების თვალებზე - უკვე ტრადიციული ჟანრი გახდა და არაფერს ცვლის. კი, სანტიმენტები მართლაც გაცვდა. და ძალიან დაგვაგვიანდა საქმეზე ლაპარაკი.

მაგალითად იმაზე, რომ სიღარიბე გარდაუვალი არ არის. მას კონკრეტული ფაქტორები იწვევს - დაბალი ხელფასები, სოციალური დაცვის მექანიზმების სისუსტე, უმუშევრობა, გაძვირებული საკვები და წამლები და ნორმალური ხელფასის გამცემი სამუშაო ადგილების ნაკლებობა. და იმაზეც, რომ სახელმწიფოს არა მხოლოდ შეუძლია, არამედ ევალება ჩარევა საიმისოდ, რომ ბავშვებისთვის მიუწვდომელი ოცნება არ იყოს სიცოცხლისთვის აუცილებელი გარემო - საკვები, თბილი ტანსაცმელი, დაცული და საიმედო საცხოვრებელი.

დიახ, ბავშვთა სიღარიბე პოლიტიკური ფენომენია - მთავრობისა და საზოგადოების მიერ გაკეთებული არჩევანის შედეგი. და სწორი პოლიტიკით შეიძლება ამ შემზარავ სინამდვილესთან ბრძოლა. ამაში არც ახალია რამე და არც რევოლუციური - ბევრი ქვეყნის გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ბავშვთა სიღარიბესთან საბრძოლველად საჭიროა სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც რეალურად უპასუხებს ბავშვის აღზრდის ხარჯებს; ბავშვებსა და მოზარდებზე ზრუნვის გამართული სისტემა; ადეკვატური დახმარება ოჯახებისთვის, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და შრომის ბაზარი, რომელიც დასაქმებას რეალურად გადააქცევს სიღარიბიდან გამოსვლის გზად.

კი ბატონო, “ჯოხს” მხოლოდ ხელისუფლებასა და სახელმწიფოზე ნუ გადავამტვრევთ. სოციალურ უსამართლობაზე დისკუსიებში სხვა ქვეყნებში რელიგიური ორგანიზაციებიც აქტიურობენ - თუმცა ჩვენში ამის იმედიც ნაკლებად უნდა გვქონდეს, იმ უხერხულ გულგრილობას თუ გავითვალისწინებთ, რომელიც სიღარიბის შესახებ ეკლესიის საჯარო განცხადებებში გამოსჭვივის ხოლმე. გეხსომებათ აჭარაში შიმშილით დაღუპული გოგიტა აბაშიძე, რომელსაც საპატრიარქომ “მუსლიმურ ოჯახში დაბადებული” ბავშვი უწოდა და იქვე გვითხრა, რომ თურმე საქართველოში “ყველა ბუნებრივი პირობაა იმისათვის, რომ შიმშილით არც ბავშვი გარდაიცვალოს და არც მოხუცებული, არც სანაგვეში ეძებოს ვინმემ ლუკმა პური." ისიც გეხსომებათ, ქართველი ქალების საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა მანკიერი წესი რომაა და საქართველოში რომ შეუძლებელია ადამიანი უმუშევარი იყოს, ან რომ “ეკლესია არ შეიძლება გადაკეთდეს უსახლკაროთა თავშესაფრად”. და ამ ბოლო დღეების განცხადებაც - რომ, მართალია, “ხალხს უჭირს და ლუკმაპურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს”, მაგრამ ჯვრის მონასტერთან ახლოს, სადაც “ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას”, გარემოვაჭრეების ყოფნა “უხერხულია”.

ამიტომაც, თავად მოქალაქეებმა ნამდვილად უნდა გავაკეთოთ უფრო მეტი. ნამდვილად გვაკლია ორგანიზებაც, აქტიურობაც, იდეებიც და ინიციატივებიც. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა ქველმოქმედების კულტურა უფრო ძლიერი რომ იყოს და უფრო მეტად ვეხმარებოდეთ სიღარიბის მარწუხებში მოქცეულ თანამოქალაქეებს. მაგრამ ჩვენს მასშტაბურად უმძიმეს ვითარებას ეს ვერ უშველის. ქველმოქმედება ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა - ცალკეული ადამიანის კეთილი ნება, ხშირად ერთჯერადი და სპონტანური. ის ვერასოდეს ჩაანაცვლებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას ყველა მოქალაქის კეთილდღეობაზე და ვერასოდეს იქნება ისეთი ყოვლისმომცველი, როგორიც სახელმწიფოს ფუნქციები და ვალდებულებებია. ქველმოქმედება ვერ ცვლის უსამართლობისა და ჩაგვრის გამომწვევ ფაქტორებს, მას მხოლოდ სისტემური პრობლემების სიმპტომებზე შეუძლია რეაგირება. პლუს ქველმოქმედება შერჩევითია, ჩვენს თანაგრძნობას ყველა ჩაგრული ერთნაირად ვერ იმსახურებს. და ქველმოქმედებას თუ დავსახავთ განწირული, გარიყული ხალხის დახმარების ძირითად გზად, ბევრი ადამიანი - მაგალითად, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური უმცირესობები, ფსიქიკური პრობლემების მქონეები, ნარკომომხმარებლები, ყოფილი დამნაშავეები და კიდევ ბევრი სხვა - გაცილებით ნაკლებად მოექცევა ჩვენი კეთილი ნების თვალსაწიერში, როგორ უმძიმეს პირობებშიც უნდა ცხოვრობდეს.

ასე რომ, ცხადად და მკაფიოდ - ქვეყანაში სიღარიბისთვის განწირული ბავშვების არსებობა, პირველ რიგში, სახელმწიფოს საზრუნავია. სწორედ მისი მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მოვალეობაა ის, რომ ზამთრის სიცივეში ჯართის შეგროვებისას ბავშვები ცოცხლად არ იმარხებოდნენ. კი, ვიცით, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა, მაგრამ არც ისეთი ღარიბი, რომ ყველაზე დაუცველი, ყველაზე უმანკო, ყველაზე ძვირფასი და ყველაზე ჩაგრული პატარა ადამიანების გადარჩენა ვერ შეძლოს. დღევანდელი მდიდარი ქვეყნების ისტორიაც ამას გვაჩვენებს - უკიდურესი სიღარიბე “თავისით” არ გამქრალა, სახელმწიფოს ჩარევისა და მოქალაქეების სოციალური დაცვის მექანიზმების შემოღების გარეშე, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. რაღა დროს მარქსიაო, კი ამბობთ, მაგრამ, მაგალითად, დიკენსი მაინც ხომ გექნებათ წაკითხული. და გეხსომებათ, უწინ რა პირობებში ცხოვრობდა ევროპის ქალაქების მოსახლეობა, სამუშაოს ქონის მიუხედავად.

ოღონდ ცვლილებებისთვის, მართლაც, უამრავი მიდგომა უნდა გადაისინჯოს - როგორც მასშტაბური და სისტემური, ისე სპეციფიკური და ძალიან კონკრეტული. უნდა დაიწყონ არა ბოდიშით, არამედ იმის აღიარებით, რომ საქართველოში მოქმედი სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკა აბსოლუტურად უძლურია უთანასწორობის კატასტროფულ მასშტაბებთან გასამკლავებლად; აღიარებით, რომ ჩვენში უკვე ათწლეულების განმავლობაში ჩაცემენტებულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ წესრიგს, თავისი “მემარჯვენე ეკონომიკური” ვულგარული კლიშეებით და იდეოლოგიური დოგმებით, ბავშვების გაწირვა მოაქვს შედეგად. პირველ რიგში, ბოლოს და ბოლოს უნდა შეწყდეს ბიუჯეტიდან ათობით მილიონი ლარის კონცერტებზე, ასიათასობით ლარის ხელისუფლების წევრთა პრემიებზე, დანამატებზე, წვეულებებზე, უცხოეთში ვიზიტებზე, მანქანებზე ფლანგვის მანკიერი პრაქტიკა და უკვე არსებული ეს თანხები ბავშვების დახმარებაზე წავიდეს. მაგრამ, ამავე დროს, მყისიერი მოქმედების თუ არა, სერიოზული განხილვის საგანი მაინც უნდა გახდეს რეალური საარსებო მინიმუმის გამოთვლა, ბავშვების შემწეობის გაზრდა, მათი მშობლებისთვის მინიმალური ხელფასის ცნების შემოღება, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დახმარება, ბავშვთა შრომის არდაშვება, საჯარო სკოლებში უფასო სადილების დამკვიდრება. სკოლებში მასწავლებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმონ სიღარიბეში მცხოვრებ მოსწავლეებს, დაეხმარონ დემოტივაციისა და უპერსპექტივობის გადალახვაში, აკადემიური მაჩვენებლების გაუმჯობესებაში. უნდა გადაისინჯოს გადასახადების პოლიტიკა, კონსტიტუციის ყბადაღებული “94-ე მუხლის” მიუხედავად, მაინც უნდა დაიწყოს სერიოზული მსჯელობა პროგრესული გადასახადების ამოქმედების საჭიროებაზე - სისტემაზე, რომელშიც მაღალი შემოსავლის მქონე მცირეშემოსავლიანზე უფრო მაღალ პროცენტს იხდის. რადგან მოქმედი სისტემა, უკვე კოშმარული სიცხადით ვხედავთ, არ მუშაობს. კიდევ რა უნდა მოხდეს, ეს რომ ვაღიაროთ, არ ვიცი.

თუმცა ამის წერას რა აზრი აქვს. კიდევ ბევრი “უნდა” შემიძლია ჩამოვწერო - სათქმელად, მოგეხსენებათ, ადვილია. მაგრამ მეც ვიცი და თქვენც, რომ ეს ღრმად არაადეკვატური ამბავია. დეზორიენტირებული, არაკომპეტენტური, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების სურვილით მოცული და ერთი მილიარდერის ნება-სურვილზე “ჩამოკიდებული” დღევანდელი ხელისუფლებისგან ასეთი სერიოზული და ქმედითი ცვლილებების მოლოდინი, რა თქმა უნდა, კომიკურია. ტრაგიკომიკური, უფრო სწორად, - რეალობის გათვალისწინებით.

ადამიანებიც გააგრძელებენ გადარჩენისთვის ბრძოლას. ზოგი გადარჩება, ზოგი დაიღუპება. და სიღარიბეც - სისტემური ჩაგვრისა და ძალადობის ყველაზე სასტიკი და დაუნდობელი გამოვლინება - კიდევ დიდხანს იქნება ჩვენი ბავშვების სულისშემხუთველი სინამდვილე. ზოგისათვის, პატარა გიგას მსგავსად, პირდაპირი და საბედისწერო მნიშვნელობით.

პოლონეთი შეძრწუნებულია გდანსკის მერის, პაველ ადამოვიჩის, სიკვდილით. ის 14 იანვარს შეიწირა ჭრილობებმა, რომლებიც წინა საღამოს მიაყენეს ღია ცის ქვეშ გამართული საქველმოქმედო კონცერტის მსვლელობაში.

ემოციური გამოხმაურების მიღმა ძნელია თავი აარიდო მომხდარის დანახვას მიმდინარე პოლიტიკური და იდეოლოგიური ბრძოლის კონტექსტში. ქვეყანა, უკვე რამდენიმე წელია, მოცულია ამ ბრძოლით.

ჯერ არ გავრცელებულა სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა გახდა პოპულარულ მერზე საბედისწერო თავდასხმის მიზეზი. 53 წლის ადამოვიჩი ორი ათწლეული ედგა სათავეში გდანსკს, მოძრაობა „სოლიდარობის“ მშობლიურ ქალაქს.

მედია როგორც იუწყება, თავდამსხმელი, რომელსაც „სტეფან ვ.“-დ მოიხსენიებენ, ახალი გამოსული იყო ციხიდან, ბანკზე რამდენიმე თავდასხმისათვის სასჯელის მოხდის შემდეგ. ცნობების თანახმად, ის ადამოვიჩთან დაახლოებულ პარტიას, „სამოქალაქო პლატფორმას“, ადანაშაულებს ციხეში ყოფნისას მასთან, თითქოსდა, სასტიკ მოპყრობაში.

მაშინ როცა გარკვეული დრო დასჭირდება იმის დადგენას, თავდასხმა პოლიტიკური მოტივს უკავშირდებოდა, თუ, უბრალოდ, შეშლილის ნამოქმედარია, პოლონეთში ბევრს მოხვდა თვალში მისი სიმბოლურობა და ახლა შიშობენ, რომ მომხდარი ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაძლიერებას.

ადამოვიჩიც და ორგანიზაციაც (სადღესასწაულო-საქმელმოქმედო დიდი ორკესტრი WOSP), რომლის კონცერტსაც ის ესწრებოდა, დიდი ხანია გულზე არ ეხატება პოლონეთის მმართველ პარტიას, „სამართალი და სამართლიანობას“.

მარტივად რომ ითქვას, ისინი იდეოლოგიური ოპონენტები არიან.

2015 წელს ხელისუფლების სათავეში მოსვლიდანვე, „სამართალი და სამართლიანობა“ დამცველად მოევლინა, როგორც თვითონ მიიჩნევს, ტრადიციულ კონსერვატიულ ღირებულებებს - ბრიუსელის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების, ისევე როგორც ტრადიციულ ოჯახზე, პატრიოტიზმსა და კათოლიკური ეკლესიის ცენტრალურ როლზე აქცენტის ჩათვლით.

ადამოვიჩი ხშირად ხდებოდა პოლონეთის სახელმწიფო ტელევიზიის თავდასხმების სამიზნე იმის გამო, რომ მხარს უჭერდა გეების უფლებათა დამცველების მსვლელობებს და გაზვიადებულად მიიჩნევდა შეშფოთებას საფრთხით, რომელსაც თითქოსდა მიგრანტები და ისლამისტების თავდასხმები უქმნიან პოლონურ მიწას. ის ხმამაღლა აკრიტიკებდა პოლონეთის მთავრობის მცდელობას, შეეცვალა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობა. მისი ლიბერალური ეკონომიკური დღის წესრიგიც კონტრასტს ქმნიდა „სამართალი და სამართლიანობის“ უფრო პროტექციონისტულ, დოტაციებზე დაფუძნებულ პროგრამას.

გდანსკში ადამოვიჩის ოჯახი ცნობილია თავისი პოლიტიკური აქტივიზმით. ეს ეხება, პირველ რიგში, მის ძმა პიოტრ ადამოვიჩს - ოპოზიციური „სამოქალაქო პლატფორმის“ ლიდერებთან დაახლოებულ ჟურნალისტსა და მწერალს, რომელიც ადრე მრჩევლად მუშაობდა გდანსკის „ევროპული სოლიდარობის ცენტრში“.

პოლონეთის უდიდესი არასამთავრობო საქველმოქმედო ორგანიზაცია WOSP-ი და განსაკუთრებით მისი ხელმძღვანელი იეჟი ოვშაკი განასახიერებენ ლამის ყველაფერ იმას, რაც გულზე არ ეხატება „სამართალი და სამართლიანობას“. ოვშაკი - თვითგამოცხადებული ლიბერალი ჰიპი ლოზუნგით „გააკეთე ის, რაც გსურს“- ბევრჯერ გახვეულა პოლონელი კონსერვატორების კრიტიკის ქარცეცხლში.

„სამართალი და სამართლიანობისთვის“, მართალია, ძნელია გააკრიტიკოს ქველმოქმედება, რომელიც, პირველ რიგში, ბავშვთა საავადმყოფოებს ეხმარება, მაგრამ პარტიის ზოგი წევრი ირწმუნება, - ჯერჯერობით მტკიცებულებების გარეშე, - რომ ოვშაკს WOSP-ის შემოსავლების ნაწილი დახარჯული აქვს თავისი სხვა პროექტის, წლიური „პოლ ენდ როკ“ ფესტივალის დასაფინანსებლად. ქვეყნის კონსერვატიულ წრეებში, უკვე დიდი ხანია, ზნეობრივი ფასეულობების დაცემის შთაბეჭდილებას იწვევს ეს მუსიკალური ფესტივალი.

თუმცა „სამართალი და სამართლიანობის“ ლიდერებმა, როგორიცაა პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი და შინაგან საქმეთა მინისტრი იაოხიმ ბრუჯინსკი, მკაცრად დაგმეს საბედისწერო თავდასხმა - მაღალი რანგის პოლიტიკოსის პირველი მკვლელობა პოლონეთში 1989 წელს კომუნიზმის დამხობის შემდეგ, ეს ბევრს ვერაფერს იზამს ორ იდეოლოგიურ ბანაკს შორის მტრული განწყობის განსამუხტად.

მიმომხილველები შიშობენ, რომ გლოვა როცა ჩაივლის, მოსალოდნელია მომხდარის პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზაცია ამა თუ იმ ფორმით, ევროპარლამენტის მაისის არჩევნების მოახლოების ფონზე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG