Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანი სომხეთს 4 სასაზღვრო სოფელს სთხოვს - ამაში ექცევა ერევანი-თბილისის გზაც


პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სომხეთის რუკას უჩვენებს, 2024 წლის 12 მარტი, ერევანი
პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სომხეთის რუკას უჩვენებს, 2024 წლის 12 მარტი, ერევანი

აზერბაიჯანი, რომელმაც გასულ წელს საბოლოოდ დაამყარა კონტროლი მთიან ყარაბაღზე, ახლა სომხეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის ერთ-ერთ წინაპირობად საზღვართან მდებარე, სომხეთის დაქვემდებარებაში მყოფი ოთხი სოფლის უპირობოდ გადაცემას ითხოვს.

ეს ტერიტორია საქართველოს საზღვართან ახლოსაა. მასზე გადის თბილისი-ერევნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი ძირითადი გზა და, ასევე, რუსეთიდან მომავალი „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც საქართველოს კვეთს და სომხეთს გაზით ამარაგებს.

სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი მიანიშნებს, რომ მზადაა, ეს ტერიტორიები დათმოს. მარტივად აგიხსნით:

  • რა ტერიტორიას ითხოვს აზერბაიჯანი და რატომ;
  • რას ამბობენ სომხეთის მთავრობასა და ოპოზიციაში;
  • რას შეცვლის ამ ტერიტორიების გადაცემა;
  • რა ელის სომხეთ-საქართველოს სტრატეგიულ კომუნიკაციებს?

მოლაპარაკებები და სასაზღვრო საკითხი

მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პარალელურად, - რასაც რეგიონის ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან დაცლა მოჰყვა, - სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობენ.

მოლაპარაკებები, - ჯერ მოსკოვის, შემდეგ ვაშინგტონის, ბრიუსელის და სხვათა მედიაციით, ბოლოს კი სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთი-ერთზე დარჩენით, - უკვე მრავალი თვეა, იწელება.

სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე. 2024 წლის 28 თებერვალი.
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, არარატ მირზოიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრაზე. 2024 წლის 28 თებერვალი.

ერთ-ერთი ფორმატი, სადაც მხარეები მცირედით მაინც მიიწევენ წინ, ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიების სხდომებია. ბოლო სხდომა წინა ხუთშაბათს, 7 მარტს გაიმართა.

სომხეთი ხშირად აცხადებს, რომ აზერბაიჯანს, 2021-22 წლების აგრესიის შედეგად, უკანონოდ აქვს ოკუპირებული სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილი, 215 კვადრატული კილომეტრი - 31 სომხური სოფელი სასაზღვრო მიდამოებში. ეს ცნობები 7 მარტის შეხვედრის შემდეგაც გავრცელდა.

სომხეთის პოზიციით, მხარეებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. სომხეთის პოზიცია უხეშად რომ შევაჯამოთ, ასეთია: თუკი მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, ეს ოკუპირებული სოფლები აზერბაიჯანმა სომხეთის ტერიტორიად უნდა აღიაროს და ოკუპაცია შეწყვიტოს.

კომისიის ბოლო სხდომიდან 2 დღეში, 9 მარტს, აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის, შაჰინ მუსტაფაევის ოფისმა გაავრცელა განცხადება და „დეზინფორმაცია“ უწოდა ცნობებს „31 სომხური სოფლის ოკუპირების“ შესახებ.

მუსტაფაევი კომისიების მოლაპარაკებებში აზერბაიჯანის დელეგაციას ხელმძღვანელობს.

ილჰამ ალიევი და შაჰინ მუსტაფაევი. 2019 წლის ფოტო
ილჰამ ალიევი და შაჰინ მუსტაფაევი. 2019 წლის ფოტო

მისი პოზიციით, „სრულიად დაუსაბუთებელია, ითქვას, რომ ეს ტერიტორია სომხეთს ეკუთვნის და ოკუპირებულია, მანამ, სანამ საზღვრები არ დაზუსტდება“.

„8 სოფლის საკითხი“

იმავე განცხადებაში ვიცე-პრემიერმა მუსტაფაევმა ჩამოთვალა რვა სოფელი, რომლებიც, მისი მტკიცებით, აზერბაიჯანის საკუთრებაა, თუმცა სომხეთის მიერაა ოკუპირებული.

აზერბაიჯანი ამ სოფლებს ორ ნაწილად ყოფს: პირველ ოთხეულს „ექსკლავს“ უწოდებს, მეორე ოთხეულს კი - „არა-ექსკლავს“.

ექსკლავი ნიშნავს ერთი სახელმწიფოს ტერიტორიას, რომელიც ყველა მხრიდან სხვა სახელმწიფო(ები)ს ტერიტორიებით არის გარშემორტყმული.

აზერბაიჯანი, მართალია, ყველა ამ ტერიტორიას საკუთრებად მიიჩნევს, მაგრამ განსხვავებული მიდგომა აქვს ამ სოფელთა ჯგუფებზე:

  • ამბობს, პირველი ოთხეულის საკითხი - „ექსკლავებისა“, რომელთანაც ამჟამად უშუალო კავშირი არა აქვს, - „საზღვრის დადგენის პროცესში“, - ანუ მოგვიანებით გადაწყდება;
  • მეორე ოთხეულის გადაცემას აზერბაიჯანი „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე“ ითხოვს. ეს სოფლები გაგრძელებაა იმ ტერიტორიისა, რომელსაც აზერბაიჯანი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში აკონტროლებს.

რვა სოფლიდან შვიდი საქართველოს საზღვრიდან არცთუ მოშორებით მდებარეობს. მხოლოდ მერვე მათგანია ირანის საზღვრისკენ.

აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ისინი „ყოველგვარ ეჭვს გარეშე ეკუთვნის აზერბაიჯანს და დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეს“.

რატომაა ეს სოფლები მნიშვნელოვანი?

ეს სოფლები, რომლებიც წლებია, მიტოვებულია, ამჟამად სომხეთის ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზეა მოქცეული.

ისინი იმართება, როგორც სომხეთის ტავუშის პროვინციის ნაწილი. ტავუშის პროვინცია აზერბაიჯანს და საქართველოს ესაზღვრება.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის თანახმად, რვავე სოფელს საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა მართავდა, 1990-იან წლებში დაწყებული კონფლიქტის შედეგად კი მათზე სომხეთის არმიამ დაამყარა კონტროლი.

სადავო სოფლები ორი ძირითადი საკითხის გამოა მნიშვნელოვანი:

  • ამ ტერიტორიის სიახლოვეს გადის თბილისისა და ერევნის დამაკავშირებელი ერთ-ერთი გზა. ეს გზა სადახლოს გამშვები პუნქტიდან მოემართება და დილიჟანს და სევანის ტბას გაივლის (მეორე გზა ქალაქ ალავერდსა და ვანაძორზე გადის). სომხეთს, რომელსაც აზერბაიჯანთანაც და თურქეთთანაც საზღვრები ჩაკეტილი აქვს, სასიცოცხლოდ სჭირდება დანარჩენ ორ მეზობელთან, საქართველოსა და ირანთან სატრანზიტო კავშირი.
  • აქვე გადის ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის 1200მმ დიამეტრის მაგისტრალური გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით აწვდის სომხეთს ბუნებრივ აირს (სომხეთს მეორე ასევე მნიშვნელოვანი გაზსადენით ირანიდან შემოაქვს გაზი).

რისკები

ოპოზიციონერმა პარლამენტარმა პარტია „დაშნაკცუთიუნიდან“, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, კრისტინე ვარდანიანმა 8 მარტს განაცხადა, რომ „საზოგადოებას წარმოდგენა არა აქვს, თუ რას ნიშნავს ტავუშის პროვინციის სოფლების გადაცემა აზერბაიჯანისთვის“.

„თუკი ეს სოფლები გადაეცემა აზერბაიჯანს, - და იქ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები დადგებიან, ეს სრულიად გაანადგურებს ამ პროვინციის უსაფრთხოების არქიტექტურას“, - უთხრა მან ახალი ამბების სააგენტო news.am-ს.

სომხეთისა და აზერბაიჯანის ბლოკპოსტები და დროშები, მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს, სოფელ თეღთან. 2023 წლის 21 სექტემბერი
სომხეთისა და აზერბაიჯანის ბლოკპოსტები და დროშები, მთიანი ყარაბაღის სიახლოვეს, სოფელ თეღთან. 2023 წლის 21 სექტემბერი

„ეს ნიშნავს, რომ აზერბაიჯანელი ჯარისკაცები ჩადგებიან გზის, სულ მცირე, ხუთ მონაკვეთზე, რაც ერევანი-თბილისის გზას გამოუყენებადს გახდის ჩვენთვის“, - განაცხადა მან.

„ამრიგად, „რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვის“ სახელით, სომხეთი ბლოკადაში აღმოჩნდება“, - განაცხადა ვარდანიანმა. „რეგიონში კომუნიკაციების განბლოკვა“ ნიკოლ ფაშინიანის მთავრობის ახალი ინიციატივაა.

2022-23 წლების ბლოკადა მძიმე გამოცდილება იყო ყარაბაღელი სომხებისთვის, რომლებსაც პროდუქტები და საწვავი თვეების განმავლობაში არ მიეწოდებოდათ და მოწყვეტილები იყვნენ გარესამყაროს.

სომხეთის მთავრობა ამჟამადაც მიუთითებს აზერბაიჯანის თავდასხმის რისკზე ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, - იქ, სადაც აზერბაიჯანს „ზანგეზურის დერეფნის“ პროექტის განხორციელება სურს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატი 11 მარტს გამოქვეყნებულ დოკუმენტში წერს, რომ „აზერბაიჯანის მოთხოვნა, ჰქონდეს სახმელეთო დერეფანი, რომელიც მას თავის ექსკლავთან [ნახიჩევანთან] დააკავშირებს, ზრდის შეიარაღებული დაპირისპირების რისკს“.

ზანგეზურის დერეფანი თურქული წყაროების მიხედვით.
ზანგეზურის დერეფანი თურქული წყაროების მიხედვით.

სომხეთის მოწყვლადობის შეგრძნებას აძლიერებს რუსეთთან ბოლო პერიოდში ურთიერთობების გაფუჭება, რასაც მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის, სომხეთის პოზიციით, აზერბაიჯანის აგრესიის წინააღმდეგ დახმარებაზე უარი. რუსეთს კი დღემდე არაერთი ბერკეტი აქვს, - მათ შორის ეკონომიკური და ენერგეტიკული, - სომხეთის წინააღმდეგ.

ფაშინიანი მზადაა, სოფლები აზერბაიჯანს გადასცეს?

12 მარტს, ხანგრძლივ პრესკონფერენციაზე ნიკოლ ფაშინიანი ამ საკითხსაც შეეხო და ბევრისთვის მოულოდნელად, ირიბად გამოხატა მზაობა სოფლების აზერბაიჯანისთვის გადაცემაზე.

„სომხეთის ტერიტორიაზე ასეთი დასახელების სოფლები არასოდეს არ ყოფილა. არა მხოლოდ საბჭოთა პერიოდში, არამედ არც საბჭოთა პერიოდის შემდეგ“, - თქვა მან.

ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტს მორიგი ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა ჟურნალისტებს.
ნიკოლ ფაშინიანმა 12 მარტს მორიგი ვრცელი პრესკონფერენცია გამართა და რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრა ჟურნალისტებს.

ფაშინიანმა იქვე დაადასტურა, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ნაწილები „სომხეთის დე იურე ტერიტორიის მიღმა გადის“.

„უკვე გავეცი ინსტრუქცია... უნდა მოვახდინოთ ჩვენი კომუნიკაციების რეკონსტრუქცია ისე, რომ სომხეთის კომუნიკაციის ყველა არხი გადიოდეს სომხეთის დე იურე ტერიტორიაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

კრიტიკა

ოპოზიციაში ეს განცხადება მიიღეს „ცხად მინიშნებად“, რომ ფაშინიანი გეგმავს, ტერიტორია ყოველგვარი პირობის გარეშე დაუთმოს აზერბაიჯანს და შეშფოთება გამოხატეს.

„ის მტერს აძლევს ჩვენს საუკეთესო თავდაცვის პოზიციებს, ერევნიდან საქართველოს საზღვრამდე მიმავალ ავტობანს და გაზსადენს“, - განაცხადა ანა გრიგორიანმა, „სომხეთის ალიანსის“ წევრმა.

„ტერიტორიის უპირობოდ გადაცემით, შენ არა მხოლოდ არ იღებ გარანტიას, რომ აზერბაიჯანი თავს არ დაგესხმება, არამედ ტავუშის სასაზღვრო არეალებზე აზერბაიჯანის შესაძლო თავდასხმის ლეგიტიმაციას ახდენ“, - ეუბნება ის რადიო თავისუფლებას.

საქართველოსთვის რა შეიცვლება?

არც არაფერი იმ შემთხვევაში, თუკი სომხეთის მთავრობა, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების კვალდაკვალ, მოახდენს კომუნიკაციების - გზისა და მილსადენის - რეკონსტრუქციას.

უფრო პესიმისტურ და ნაკლებად მოსალოდნელ სცენარში, სადაც აზერბაიჯანი სამხედრო გზას მიმართავს სოფლებზე კონტროლის დასამყარებლად, მთავარი დაზარალებული სომხეთი იქნება, რომელიც, სულ მცირე, გარკვეული პერიოდით კარგავს საქართველოსთან დამაკავშირებელ ერთ-ერთ გზას და გაზის მიწოდების ნაწილი უჩერდება.

საქართველო-სომხეთის სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 1,1 მლრდ აშშ დოლარი იყო.

ბრუნვის 70% საქართველოდან სომხეთში ექსპორტზე მოდის, 30% კი - სომხეთიდან იმპორტზე. სომხეთი მეტადაა დამოკიდებული ამ გზაზე, ვიდრე საქართველო. თუმცა ამ გზას დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სასაზღვრო დასახლებებისთვის.

ამ გზის დაკარგვის შემთხვევაში, მცირედი შეფერხების შემდეგ, ტრანზიტი მეორე გზაზე გადაეწყობოდა, სამომავლოდ კი გზის დაკარგული ნაწილის ალტერნატიული ხაზი გაიჭრებოდა.

რახან გაზსადენი საქართველოს ტერიტორიას გადის, საქართველო გაზის ტრანზიტიდან გარკვეულ თანხას იღებს (ზუსტი მოცულობა, კომერციული საიდუმლოს მოტივით, უცნობია). ტრანზიტის შეწყვეტის შემთხვევაში, ეს, სავარაუდოდ, მცირედი თანხა დაიკარგებოდა.

თუმცა, კიდევ ერთხელ, ეს მხოლოდ პესიმისტური სცენარია და ეფუძნება დაშვებას, რომ აზერბაიჯანი ამ ტერიტორიაზე სამხედრო ძალას გამოიყენებს.

სომხურ და აზერბაიჯანულ მედიაში ამ საკითხების წამოწევის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის ელჩსა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანს შეხვდა.

11 მარტს ელჩ აშოტ სმბატიანთან შეხვედრის შემდეგ მთავრობამ განაცხადა, რომ „საუბარი ქვეყნებს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო“.

12 მარტს რამილ უსუბოვთან შეხვედრაზე, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდა, „ხაზი გაესვა რეგიონში სტაბილურობისა და გრძელვადიანი მშვიდობის მნიშვნელობას“.

XS
SM
MD
LG