Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აღმოსავლეთის პარტნიორობა“ 10 წლის ხდება, მაგრამ რატომ არ აღნიშნავენ მის დაბადების დღეს?


ევროკავშირი ყოველ წელს აღნიშნავს ერთი-ორ იუბილეს იმის ხაზგასასმელად, რომ, როგორიც უნდა იყოს ბლოკის მიმართ კრიტიკა, მას დიდი წარმატებები აქვს მოპოვებული.

წელს უფრო ადრე ბრიუსელმა ევროპის პარლამენტში მოხსენებებითა და დებატებით იზეიმა ვალუტად ევროს შემოღების მე-20 წლისთავი. გზავნილი მკაფიო იყო: საერთო ვალუტა ძალაში რჩება.

წელსვე, მოგვიანებით, ევროკავშირი აღნიშნავს ევროპის პარლამენტის პირდაპირი არჩევნების მე-40 წლისთავს.

მაგრამ არის იუბილე, რომელიც ისეთ შეთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ევროკავშირს მისი, რაც შეიძლება, მალე მიჩქმალვა სურდეს - ეს არის „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მე-10 წლისთავი.

ბედის ირონიით, ეს პროექტი შეიძლება ჩაითვალოს ერთ-ერთად ევროკავშირის მცირერიცხოვან საგარეო-პოლიტიკურ მიღწევებს შორის მას შემდეგ, რაც ბლოკს დაწყებული აქვს საერთაშორისო ურთიერთობებში უფრო სერიოზული როლის შესრულება.

ის მოგებული რჩება, როცა ადარებენ სამხრეთელ ნათესავს, ევროკავშირ-ხმელთაშუა ზღვის კავშირს, რომელიც იმავე პერიოდში შეიქმნა და თავს ბევრით ვერ მოიწონებს, თუ არ ჩავთვლით ბარსელონაში მდებარე მშვენიერ ცენტრალურ ოფისს.

თუ გავითვალისწინებთ საქართველოს, მოლდავეთისა და უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლასა და ამ სამეულთან ასოცირებისა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებს, უფრო მჭიდრო პარტნიორობას სომხეთთან და ასეთივე შეთანხმების მოლოდინს აზერბაიჯანთან, მართლაც აღსანიშნავია წინსვლა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. თუ ამას დავამატებთ უმაღლესი დონის ხუთ სამიტს, წესით, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს იუბილეს რიგიანად აღნიშვნის მიზეზი.

მეექვსე სამიტი უნდა გაიმართოს 2019 წელს, პრაღის დამფუძნებელი შეკრებიდან 10 წლის შემდეგ და ორ წელიწადში ბოლო, ბრიუსელში გამართული, სამიტიდან.

მაგრამ მოდით, ნუ ვიჩქარებთ!

სამიტი მიმდინარე წლისთვის დაიგეგმა, მაგრამ არავინ ავლენს მის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს. რუმინეთი, როგორც ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე წლის პირველ ნახევარში, მაისში ქალაქ სიბიუში უმასპინძლებს ევროკავშირის სამიტს. მასზე მოელიან მომავლის გეგმის განსაზღვრას ევროკავშირისათვის, ბრექსიტის შემდეგ. ამიტომ რუმინეთი დიდად არ არის მოწადინებული თავი დაიტვირთოს კიდევ ერთი მასშტაბური ღონისძიებით. ფინეთს, ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარეს წლის მეორე ნახევარში, სურს იყოს „დაბალბიუჯეტიანი“ პრეზიდენტი ყოველგვარი დღესასწაულებისა და საზეიმო ცერემონიების გარეშე. ამას გარდა, შემოდგომაზე შეიცვლება ევროკავშირის მთელი კომისიის შემადგენლობა და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, რაც ნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმეტესობა წლის დიდ ნაწილს გაატარებს ლობირებაში გავლენიანი თანამდებობების დასაკავებლად.

იყო საუბარი შვედეთზე, როგორც საიუბილეო ღონისძიების შესაძლო მასპინძელზე. რახან პოლონეთთან ერთად შვედეთია „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ინიციატორი ქვეყანა, ასეთი ალტერნატივა გამართლებული ჩანდა. მაგრამ ის შეუძლებელი გახადა შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებმა და სტოკჰოლმში მთავრობის ჩამოყალიბების გაჭიანურებულმა პროცესმა. ამას გარდა, ევროკავშირელმა ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ საჩოთირო იქნებოდა სამიტის ჩატარება ქვეყანაში, რომელიც არ არის ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე. ხოლო ევროკავშირის აღმოსავლელი სახელმწიფოები დიდ სურვილს არ გამოხატავენ, რადგან სურთ, რომ „პარტნიორობა“ მთელ ევროკავშირს მიაჩნდეს თავის პროექტად და არა მხოლოდ ქვეყნებს, რომლებსაც აღმოსავლელ პარტნიორებთან საერთო საზღვრები და მნიშვნელოვანი მოცულობის ვაჭრობა აკავშირებთ.

სამიტის ნაცვლად ბრიუსელში 14 მაისს გაიმართება „მაღალი დონის კონფერენცია“ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ შესახებ. ის მოქცეულია სიბიუს სამიტსა და ევროპის პარლამენტის არჩევნებს შორის და ჩატარდება ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომიდან ერთ დღეში იმის იმედით, რომ საგარეო საქმეთა ზოგი მინისტრი კიდევ ერთი ღამით დარჩება ქალაქში. ცნობილი არ არის, ვინ იქნება წარმოდგენილი ექვსი აღმოსავლელი პარტნიორიდან. თუ არსებობს ინდიკატორი, რა მნიშვნელობას ანიჭებს ევროკავშირი „აღმოსავლეთის პარტნიორობას“ 2019 წელს, ამაზე უკეთესს ვერ ნახავ.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG