Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახლოვდება ვარშავის კონფერენცია, რომელზეც ცოტას სურს დასწრება


საქმე გვაქვს უხერხული წყვილის მიერ ორგანიზებულ ვალენტინობის დღესასწაულთან, რომელზე დასწრების სურვილიც ბევრს არა აქვს. ის ეძღვნება თემას, რომელიც ევროკავშირში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ეს გახლავთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშემწყობი მინისტერიალი ვარშავაში 13-14 თებერვალს - ან, როგორც ევროპის ოფიციალური პირები ამბობენ ხოლმე, „ანტიირანული სამიტი“.

როცა ამ თვის დამდეგს პოლონეთმა და აშშ-მა გამოაცხადეს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ, ევროპის ბევრი ქვეყანა მოიცვა ეჭვებმა. არის თუ არა ეს ამერიკის მცდელობა, ირანის საკითხზე უთანხმოება შეიტანოს ევროკავშირში?

ევროპის მხრიდან დიდი იყო წინააღმდეგობა, როცა გასული წლის მაისში აშშ-მა გამოაცხადა, რომ გადის 2015 წელს ირანის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული ხელშეკრულებიდან, რომელმაც შეასუსტა თეირანის მიმართ მოქმედი ზოგიერთი ეკონომიკური სანქცია ქვეყნის ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. მაგრამ მას შემდეგ, რაც გასული წლის ნოემბერში განახლდა აშშ-ის სანქციები, ძველ კონტინენტზე ბზარებმა იწყო გაჩენა. ევროპულმა კომპანიებმა ირანის დატოვება დაიწყეს ამერიკული ჯარიმების შიშით. ე.წ. „საგანგებო დანიშნულების კომპანია“, რომელმაც ევროპულ კომპანიებს დახმარება უნდა გაუწიოს სანქციებისთვის გვერდის ავლასა და თეირანთან ვაჭრობის გაგრძელებაში, ჯერჯერობით არსად ჩანს, თუმცა მან თითქოს ვარშავის შეხვედრამდე უნდა მოასწროს საფრანგეთში რეგისტრაცია.

ევროკავშირის სამეულმა - გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა - დიდი შრომა გაწიეს შემოვლითი მექანიზმის შექმნაზე. სხვები, მათ შორის ევროკავშირის ბევრი აღმოსავლელი წევრი, სიამოვნებით რჩებიან განზე და არ სურთ აშშ-სთან დაპირისპირება.

საკითხავი ახლა ისაა, რა რეაქცია ექნება ევროკავშირის სხვადასხვა სახელმწიფოს ვარშავის მინისტერიალზე, რომელიც, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, შეეხება ექსტრემიზმს, რეგიონში რაკეტების გავრცელებას და მოქმედების უფლებამოსილებით აღჭურვილი ჯგუფებისგან მომდინარე საფრთხეებს - ყველაფერს, რაშიც ვაშინგტონი ირანს ადანაშაულებს.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იაცეკ ჩაპუტოვიჩმა, რომელიც გასულ კვირაში შეეცადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისთვის მოეწონებინა ეს ღონისძიება, მოიგერია ბრალდებები, რომ პოლონეთი ამერიკული ტროის ცხენია, და დაარწმუნა ყველა, რომ პოლონეთის დედაქალაქში ევროკავშირის პოზიციები „შეუზღუდავი წესით“ იქნება წარმოდგენილი. მაგრამ დასძინა, რომ „მშვიდი სჯა-ბაასისთვის“ პირობების შესაქმნელად შეხვედრაზე არ მიუწვევიათ ირანი.

ფრანგებსა და გერმანელებს ჯერჯერობით საჯაროდ ბევრი არაფერი უთქვამთ კონფერენციის შესახებ, მაგრამ კერძო საუბრებში ორი ქვეყნის დიპლომატები ბუზღუნებენ, რომ ვარშავის წვეულება „ცუდი იდეაა“. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი შეიძლება წავიდეს, მაგრამ ბრექსიტთან დაკავშირებულმა ვითარებამ შეიძლება ლონდონში დარჩენა აიძულოს. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა ფედერიკა მოგერინიმ ბოდიში მოიხადა, რომ კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე აფრიკული კავშირის სამიტს დაესწრება ადის-აბებაში და შემდეგ გააგრძელებს „რამდენიმე სხვა ვიზიტით სომალის ნახევარკუნძულზე.“

ეს სია გრძელდება: ნიდერლანდელი დიპლომატების თანახმად, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრი ალბათ ჰააგაში იქნება საპარლამენტო დებატებსა და კენჭისყრაზე. მისმა ესპანელმა კოლეგამ, ხოსეპ ბორელმა აღნიშნა, რომ „ყველა ინიციატივა მისასალმებელია“, მაგრამ დასძინა, რომ არ არის დარწმუნებული, წავა თუ არა ვარშავაში, ვინაიდან „ფიქრობს, რომ იმ დროისთვის რაღაც სხვა აქვს დღის წესრიგში.“ შვედურმა წყაროებმა უბრალოდ აღნიშნეს, რომ სტოკჰოლმი დაელოდება სხვების რეაქციებს და რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

აღმოსავლურ ბანაკშიც ფართოდაა სახეზე თავის არიდება. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა თქვა, რომ მისი მთავრობა ჯერ უნდა გადაურჩეს უნდობლობის ვოტუმს (რაც მან მოახერხა), სანამ რამის დაგეგმვას დაიწყებდეს, ჩეხები და სლოვაკები კი წარმოდგენილი იქნებიან - მაგრამ არა საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ფაქტობრივად, ჯერჯერობით მხოლოდ ავსტრიის, უნგრეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიანიშნეს, რომ კონფერენციაზე დასწრებას აპირებენ.

მას შემდეგ, რაც ამერიკელები ცდილობენ გააფართოვონ კონფერენციის საკითხები და დაუმატონ კიბერუსაფრთხოება, იემენისთვის ჰუმანიტარული დახმარება და სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლა, საბოლოოდ შეიძლება მეტმა მიიღოს მონაწილეობა.

ევროკავშირის არაწევრი დიდი სახელმწიფოებიდან რუსეთმა განაცხადა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას. ჩინეთის მონაწილეობის საკითხი ჯერჯერობით ბუნდოვანია.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG