მიუხედავად ტრამპის განცხადებისა, რომ მისი ინფორმაციით, სიკვდილით დასჯას აღარავის უპირებენ, ეს საშიშროება მაინც რჩება.
„ქმედებების მთელი რიგი შეფასებულია, როგორც მოჰარებე, რაც ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ისლამურ დანაშაულს წარმოადგენს,“ - განაცხადა ირანის სასამართლოს სპიკერმა ასგარ ჯაჰანგირმა 18 იანვარს პრესკონფერენციაზე. მოჰარებე ანუ „ღვთის წინააღმდეგ გალაშქრება“ სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.
„ამნესტი ინტერნეიშენალის“ მონაცემებით, ბოლო წლებში ირანში სიკვდილით სულ უფრო მეტ ადამიანს სჯიან. 2024 წელს 972 ადამიანი ჩამოახრჩვეს. 2025 წელს ჩამოხრჩობილების რაოდენობა ათასს კაცს უკვე სექტემბერში გადასცდა.
„ირანში სიკვდილით დასჯამ საშინელ მასშტაბს მიაღწია, რადგან ირანის ხელისუფლება სისტემატურად იყენებს სიკვდილით დასჯას რეპრესიების იარაღად და განსხვავებული აზრის ჩასახშობად“, - განაცხადა მაშინ ჰება მორაიეფმა, „ამნესტი ინტერნეიშენალის“ დირექტორმა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის საკითხებში.
ირანში სიკვდილით სჯიან პოლიტიკურ დისიდენტებს, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, პროტესტის მონაწილეებს, ნარკოტიკების გამო გასამართლებულებს...
„სიკვდილით შეიძლება დასაჯონ ნარკოტიკების გასაღების, ქმრის ღალატის, ჰომოსექსუალობის გამო, მაგრამ რეჟიმი ყველაზე მეტად მაინც იმას ერჩის, ვინც ამ რეჟიმს ეწინააღმდეგება. ოჯახს ცხედრის წასვენება შეუძლია, თუმცა რამდენადაც ვიცი, ამაშიც თანხა უნდა გადაიხადოს“, - ამბობს პროფესორი გიორგი სანიკიძე, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და ამატებს, რომ სიკვდილმისჯილს ხელისუფლება უყურებს როგორც რჯულისგან განდგომილს, ირანში ისლამური რეჟიმის ღალატი, ისლამის ღალატის ტოლფასია.
სიკვდილით დასჯის შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა 2022 წლის საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. ის აქტუალური რჩება დღესაც, როდესაც ირანში, ხელისუფლების წინააღმდეგ ისევ გამოვიდა ხალხი და ხელისუფლებამ ეს გამოსვლები სისხლში ჩაახშო. სხვადასხვა მონაცემით, მოკლულია ათასობით დემონსტრანტი.
ირანული კანონების მიხედვით, სასჯელი შეიძლება იყოს გაროზგვაც და ხელის მოკვეთაც. უკიდურესი ფორმაა - ჩამოხრჩობა. ადრე ბრალდებულს სახალხოდ ამწეზე კიდებდნენ, მაგრამ როგორც ირანელები ამბობენ, ახლა სიკვდილით დასჯამ უფრო ციხეებში გადაინაცვლა.
„47 წელზე მეტია, უდანაშაულო ხალხს ასე ხოცავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისუფლება სურთ... სიკვდილით ხანდახან ციხეში სჯიან და კაცმა არ იცის, იქ რას აკეთებენ. ხანდახან სახალხოდ სჯიან და ამას ისევ მათი მომხრეები თუ ესწრებიან. ხალხი წინააღმდეგია სიკვდილით დასჯის. ვითომ ისლამის წესებიო და სინამდვილეში, მხოლოდ იმიტომ ხოცავენ, რომ მათ წინააღმდეგ გაილაშქრეს“, - ამბობს ირანელი ქალი, სახელად შოკუფე, ის ირანის საელჩოს წინ საპროტესტო აქციებში მონაწილეობს და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს, ირანელ ხალხს რეჟიმის მოშორებაში დაეხმარონ.
„ადრე ქუჩაში ჩამოახრჩობდნენ ხოლმე და ათასობით ადამიანი მიდიოდა სანახავად. ბიძაჩემის მეზობელი ბიჭი ჩამოახრჩვეს ათიოდე წლის წინ, უამრავი ხალხი წავიდა. აინტერესებთ, რატომ ახრჩობენ, რა ხდება. ჩემი ქალაქიდან, ისპაანიდან ბევრი ჩამოუხრჩვიათ, ფერეიდნელი - არავინ. ახლა ციხეებში სჯიან სიკვდილით, მზის ამოსვლამდე“, - ჰყვება ფერეიდნელი ამირან გოგიჩაშვილი.
სიკვდილით დასჯილთა დიდი უმრავლესობა მამაკაცია, მაგრამ ქალებიც არიან, მაგალითად, 2024 წელს 31 ქალი დასაჯეს სიკვდილით. მათ ძირითადად ქმრის ღალატი ან ქმრის მკვლელობა ედებათ ბრალად, თუნდაც ეს მკვლელობა აუცილებელი მოგერიების დროს იყოს ჩადენილი. ოჯახში ძალადობა ირანში, სადაც ქალებს ძალიან შეზღუდული უფლებები აქვთ, იშვიათი არ არის. 2004 წელს საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია 16 წლის ატეფა სალეხის ჩამოხრჩობამ. გოგონა გაუპატიურების მსხვერპლი იყო, სასამართლომ კი მაინც ის ცნო დამნაშავედ.
ერფან სოლტანის გაურკვეველი ბედი
ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე სიკვდილით დასჯას გადაურჩა ერფან სოლტანი, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და ირანის პროტესტის დროს დაკავებულთა სახედ იქცა.
ერფან სოლტანი 26 წლისაა. ის ქალაქ ფარდისში ცხოვრობდა და გავრცელებული ინფორმაციით, ტანსაცმლის პატარა მაღაზიაში ვაჭრობდა. დააკავეს ირანის საპროტესტო გამოსვლების დროს და კარაჯის ციხეში გადაიყვანეს. თავდაპირველად მის ოჯახს აცნობეს, რომ 14 იანვარს სიკვდილით დასჯიდნენ, მანამდე კი ცოტა ხნით მის მონახულებას შეძლებდნენ. მოგვიანებით ოჯახმა თქვა, რომ ელფანის სიკვდილით დასჯა გადაიდო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ირანში სიკვდილით დასჯას აღარ აპირებენ და სოლტანის სიცოცხლესაც საფრთხე არ ემუქრება.
ირანის სასამართლომ სოლტანის ბრალად წაუყენა „ქვეყნის შიდა უსაფრთხოებასთან დაპირისპირება და რეჟიმის წინააღმდეგ პროპაგანდისტულ აქტივობებში მონაწილეობა“. ეს ბრალდება სიკვდილით დასჯას არ ითვალისწინებს.
CNN-ის ინფორმაციით, ერფანი ოჯახმა მოინახულა და ის ჯანმრთელადაა. თუმცა დღემდე რჩება საშიშროება, რომ ირანის რეჟიმი გადაიფიქრებს და მას სიკვდილით მაინც დასჯის. მასთან ერთად საფრთხის ქვეშ რჩება საპროტესტო გამოსვლებისას დაკავებული 24 ათასზე მეტი ადამიანი.
ფორუმი