Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ვერ გადაწყვიტა - პარტნიორია კრემლი, გამოწვევა თუ პრობლემა


ბრიუსელი, 1 მარტი, 2019 - ევროკავშირისა და რუსეთის ბუნდოვანი ურთიერთობის კარგი მაგალითია დიპლომატიური ჭიდილი ევროკავშირის გლობალური სტრატეგიის წინ პოლიტიკის დოკუმენტისა, რომელიც ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა მოამზადა 2016 წელს და რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მიმართებაშია ბლოკი მსოფლიოს სხვადასხვა მხარესთან.

ყველაზე რთული პასაჟი რუსეთს შეეხებოდა. ორი წელი იყო გასული ყირიმის ანექსიისა და მოსკოვის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერიდან. ევროკავშირის 28 წევრ ქვეყანას შორის აშკარა გამყოფი ხაზები ჩანდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ეწოდებინათ მოსკოვისთვის. დიდი ხნის განმავლობაში ის „სტრატეგიულ პარტნიორად“ მოიხსენიებოდა - ამ ტერმინის შენარჩუნება უნგრეთს, იტალიას, კვიპროსსა და საბერძნეთს სურდათ; ბალტიის ზღვის სანაპიროზე მდებარე „ქორებისთვის“ კი ეს ყოვლად მიუღებელი იყო - მათ სურდათ აღმოსავლეთით მდებარე დიდი მეზობლისთვის ეწოდებინათ „სტრატეგიული პრობლემა“, ტერმინი, რომელიც საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა გამოიყნება რამდენიმე თვით ადრე. საბოლოოდ, ტერმინი, რომელზეც შეჯერდნენ, ასე განისაზღვრა: „სტრატეგიული პრობლემა“. ამ კომპრომისისთვის კლუბის სამმა დიდმა წევრმა - საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა - იშუამდგომლა.

ამ მოვლენამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არა მხოლოდ სამ დიდ კატეგორიად გაყო, არამედ ასევე გაამყარა კრემლის დიდი უპირატესობა, რომელსაც ის ევროკავშირთან ურთიერთობისას ფლობს. ესაა ერთიანობის ნაკლებობა კლუბში, რაც მოსკოვს საშუალებას აძლევს უთანხმოება დათესოს.

ბრიტანეთს ყველაზე სუსხიანი ურთიერთობა აქვს რუსეთთან სკრიპალებისა და პაველ ლიტვინენკოს ინციდენტების შემდეგ. ამავე დროს, ლონდონი კვლავინდებურადაა რუსი ოლიგარქების ფინანსური სათამაშო მოედანი და ბრიტანეთის ბიზნესის წრეებმა შეარბილეს ქვეყნის სურვილი, დაეწესებინათ უფრო და უფრო მკაცრი სანქციები მოსკოვის მიმართ, „ბრექსიტის“ მოლაპარაკებებმა კი შეასუსტეს ბრიტანეთის გავლენა ბრიუსელში. სოლსბურის თავდასხმაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სანქციები თავდასხმიდან 10 თვის შემდეგ მიიღეს - ეს აუჩქარებლობა კი რამდენიმე დიპლომატმა, რომელთაც პირადად ვესაუბრე, ბრიტანელების ჩამოუყალიბებლობას დაუკავშირა.

ფრანგები და გერმანელები კიდევ უფრო პრაგმატულები არიან. ისინი, როგორც აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებული „ნორმანდიის ფორმატის“ მოლაპარაკებების მონაწილე მხარეები, გადამწყვეტ როლს ასრულებენ 6 თვეში ერთხელ, როდესაც ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აახლებს. ეს საგარეო პოლიტიკის იმ იშვიათ საკითხთაგანია, რომელთა შესახებ ბჭობისას ისინი მოლაპარაკებების მაგიდის თავში სხედან და ამაყობენ იმით, რომ 5 წელია ითანხმებენ „რუსეთის პარტნიორ“ კატეგორიაში მყოფ ქვეყნებს მხარი დაუჭირონ სანქციების გაგრძელებას. მაგრამ მათი სიმკაცრე აქ მთავრდება.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, ეჭვებს, რომ კრემლი აღვივებს „ყვითელი ჟილეტების“ საპროტესტო მოძრაობას, თან ახლავს მისივე სურვილი, რომ საფრანგეთი რუსეთის უმსხვილესი უცხოური ინვესტორი გახდეს. გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის პიროვნული გაღიზიანება კი ვლადიმირ პუტინით კონტრასტში მოდის ბერლინის დაუღალავ მცდელობებთან უზრუნველყოს „ნორდსტრიმ 2-ის“ გაზსადენის მშენებლობა ბალტიის ზღვის გავლით, მიუხედავად ევროკავშირის ბევრი წევრის წინააღმდეგობისა. ბრიუსელის დიპლომატები აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან კი პირად საუბრებში კითხულობენ, თუ რა როლი შეასრულა გერმანიამ, როდესაც „გაზპრომს“ ევროკომისიამ აპატია ევროკავშრის შიდა ბაზრის რეგულაციების სავარაუდო დარღვევა, მაშინ როდესაც აშშ-ის ტექნოლოგიის გიგანტებს, „ეფლსა“ და „გუგლს“, დიდი ჯარიმები დაუწესეს.

„სტრატეგიული გამოწვევის“ ჯგუფის, „სტრატეგიული პარტნიორის“ ჯგუფისა და „სტრატეგიული პრობლემის“ ჯგუფის ქვეყნები აგრძელებენ ბრძოლას „რეალპოლიტიკის“ ჩრდილქვეშ.

ამ უკანასკნელი ჯგუფის წევრები - ბალტიისპირეთის სამი ქვეყანა დანიასთან, პოლონეთსა და შვედეთთან ერთად - მოითხოვენ სანქციების გამკაცრებას და ევროკავშირის დახმარების გაზრდას საქართველოსა და უკრაინისათვის, მაგრამ უფრო ხშირად მათ უწევთ გაუმკლავდნენ „სტრატეგიულ პარტნიორებს“. როგორც რამდენიმე დიპლომატმა მითხრა, ავსტრიას სურდა სერგეი ლავროვის მიწვევა ევროკავშირის საგარეო საქმეთ მინისტრების არაფორმალურ მინისტერიალზე ვენაში. ეს სურვილი ჩაახშეს. იტალია ცდილობდა სანქციების რეჟიმში ნაპრალების გაჩენას, თუმცა ეს მცდელობა თავიდან აირიდეს რომის საბიუჯეტო პრობლემების მიმართ დამოკიდებულების შემსუბუქებით. კიევთან დაკავშირებულ ევროკავშირის დოკუმენტებში კომპრომისული ტერმინები შეიტანეს, რათა თავიდან აერიდებინათ უნგრეთის ვეტო უკრაინაში უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი თამაშის ნაწილია.

როდესაც საქმე შეეხება ევროკავშირის ურთიერთობებს რუსეთთან, ეს თამაში კიდევ წლები გასტანს, ორ დაპირისპირებულ კონცეფციას შორის დინება გაგრძელდება - კრემლი, როგორც პარტნიორი ან როგორც პრობლემა.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG