Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ის არ ჰგავს საბჭოთა ფუნქციონერებს” - პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ევროპაში


სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელი მოხიბლა, როდესაც ის პრეზიდენტის რანგში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით იყო ჩასული ევროკავშირისა და ნატოს დედაქალაქში. ასეთი შთაბეჭდილება დარჩა თითქმის ყველა ევროპელ ოფიციალურ პირს, ვისაც მე ვიზიტის შემდეგ გავესაუბრე. დასაწყისისთვის, თავად ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა თავისი პირველი ვიზიტისათვის სწორედ ეს ქალაქი შეარჩია, ბევრისთვის სასიამოვნო იყო, თუმცა უფრო დიდი შთაბეჭდილება მისმა საქციელმა მოახდინა.

როდესაც ვკითხულობდი, თუ როგორი შთაბეჭდილებაა დატოვა სალომე ზურაბიშვილმა, პასუხი ერთი იყო ევროპარლამენტშიც, საბჭოშიც, კომისიაშიც და ნატოშიც: „ის ხომ ყოფილი ფრანგი დიპლომატია. ბრიუსელში ის ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში“.

ფაქტია, რომ მას შეუძლია მოხიბლოს კომისიის ფრანკოფონი პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი და მას სრულყოფილი ფრანგულით ელაპარაკოს, შემდეგ კი ინგლისურად გაესაუბროს საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს და ნატოს - ასეთი რამ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების ლიდერებიდან ბევრს არ შეუძლია.

ბრიუსელში მის მასპინძლებს ასევე მოეწონათ, რომ საქართველოს პრეზიდენტს იქ დაზეპირებული ტექსტით ლაპარაკი არ დაუწყია. იქ მყოფთა მონათხრობით, სალომე ზურაბიშვილი ხშირად წინასწარ ჩამოწერილი სათქმელის გარეშე მიდიოდა, ჩართული იყო საუბრებში, საქმის ცოდნას ავლენდა და, ზოგადად, დახვეწილ შთაბეჭდილებას ტოვებდა.

„ეს ძალიან განსხვავდება „ჰომო სოვიეტიკუსის“ ტიპის პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ზოგჯერ ჩამოდიან ხოლმე ჩვენთან „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებიდან“, - მშრალად ამიხსნა ერთმა დიპლომატმა, რომელსაც, ცხადია, კონკრეტულად არავინ უხსენებია.

ასევე, რაც მას სხვებისგან, განსაკუთრებით კი, ბრიუსელში ბოლო წლებში ჩამოსული რამდენიმე უკრაინელი პოლიტიკოსისა და დიპლომატისგან განასხვავებს, ისაა, რომ ის აგრესიულად არ მოუწოდებდა ევროკავშირსა და ნატოს მეტი გაეკეთებინა და არ წუწუნებდა, რომ ეს ორგანიზაციები რეგიონით დაინტერესებულნი არ არიან. სალომე ზურაბიშვილმა ტაქტიანად აღნიშნა, რომ ევროკავშირი ძალიან დაკავებულია სხვა საკითხებით და ამწუთას გაცილებით დიდ პრობლემებს უმკლავდება, როგორიცაა ბრექსიტი და მომავალი არჩევნები ევროპაში. თუმცა ის, ამავე დროს, აღნიშნავდა, რომ საქართველოსთვის მეტს მოელოდა.

იგივე ხდებოდა ნატოში. პრეზიდენტს ესმის, რომ ახლა საქართველო ორგანიზაციის წევრი ვერ გახდება და ამასთან დაკავშირებით ალიაქოთი არ აუტეხია, მაგრამ, ამავე დროს, მან ყველას შეახსენა, რომ თბილისს მეტი აქვს გაკეთებული ალიანსისთვის, ვიდრე მის ბევრ წევრს. მეგობრული იყო, მაგრამ მკვეთრი.

ამ დამოკიდებულებით მან მცირე გამარჯვებებს მიაღწია: ევროპარლამენტი მოაწყობს „საქართველოს კვირას“, სადაც ქვეყნის კულტურა იქნება წარმოდგენილი; ტუსკი ბათუმის კონფერენციას უხელმძღვანელებს; ნატოს საბჭო და ნატოს გენერალური მდივანი თბილისში მარტში ჩამოვლენ; კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ უდავოდ პირველ ადგილზეა.

და მაინც, მიუხედავად კეთილი სიტყვებისა და შთამბეჭდავი პირველი ვიზიტისა, პრეზიდენტი სახლში დაბრუნდება ცოდნით, რომ ევროკავშირსა და ნატოს მისი ქვეყნისთვის ამწუთას ბევრის გაკეთება არ შეუძლიათ. წევრობა უახლოეს მომავალში გამორიცხულია. საქართველომ შეიძლება რამდენიმე სიმბოლური თაფლაკვერი მიიღოს, მაგრამ, ამას გარდა, უნდა მოთმინებით იცადოს და გააგრძელოს რეფორმები, ზოგჯერ მტკივნეული რეფორმები, თან - იმ ვითარებაში, როდესაც ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG