Accessibility links

იცვლება თუ არა ევროპარლამენტი?


რაც თავი მახსოვს, ევროპის პარლამენტი ცოტა ყოველთვის ჰგავდა საგიჟეთს. წლების განმავლობაში მრავლად იყვნენ პარლამენტის უცნაური წევრები, ალკოჰოლთან დაკავშირებული ინციდენტები და ბინძური პოლიტიკა - რაც, როგორც წესი, კანონმდებელთა მეტისმეტად გულუხვ შეღავათებთან იყო დაკავშირებული. ამჟამად ერთგვარი „სიბრიყვის ჟამი“ დგას მაისის არჩევნების წინ.

მაგრამ უფრო სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, უკანასკნელი პერიოდის მოვლენები მიანიშნებს, რომ სტრასბურგის პარლამენტში შეიძლება ყველაფერი ვერ იყოს რიგზე.

თუკი უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში რამე იყო პროგნოზირებადი ევროპის პარლამენტში, ესაა სოლიდარობა, რომელიც მან გამოავლინა უკრაინის მიმართ. პლუს რუსეთისადმი ფრთხილი დამოკიდებულება, რომელიც აქ უფრო გამოკვეთილია, ვიდრე ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებში. ევროპარლამენტის დეპუტატთა დიდი უმრავლესობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოითხოვს უფრო მკაცრ სანქციებს მოსკოვის მიმართ, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის შეჩერებას და უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ბრიუსელსა და კიევს შორის. ცინიკოსები, რა თქმა უნდა, იტყობდნენ, რომ ევროპარლამენტს აქვს იმის ფუფუნება, ამგვარი განცხადებები აკეთოს, ვინაიდან რეზოლუციებს, რომლებსაც ის იღებს, სინამდვილეში არა აქვს სავალდებულო ხასიათი. ამ ინსტიტუტს ბევრად ნაკლები ძალა აქვს რუსეთის საკითხში, ვიდრე ბევრად უფრო დიპლომატიურ და ფრთხილ ევროპის კომისიასა და ევროკავშირის საბჭოს.

მაგრამ გასულ კვირაში, სტრასბურგში პლენარულ სხლომებზე, ამ პოლიტიკის ცვლილება შევნიშნე. და ეს შეიძლება იმის ნიშანი იყო, რაც გველის მაისის არჩევნების შემდეგ, თუკი უფრო მეტი მემარცხენე და მემარჯვენე პოპულისტები შეემატებიან პარლამენტს, როგორც ამას საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები მეტყველებს.

ყველაფერი დაიწყო მემარჯვენე-ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მცდელობით, 11 მარტს დებატების სახელწოდება შეეცვალა „ადამიანის უფლებების დარღვევებზე სანქციების ევროპული რეჟიმიდან“ „მანგიტსკის აქტად“ - რუსეთში კორუფციის მამხილებელი სერგეი მაგნიტსკის მიხედვით, რომელიც 2009 წელს გარდაიცვალა რუსეთის ციხეში. ცვლილებას არ დაუჭირეს მხარი 12 ხმის სხვაობით, მიუხედავად იმისა, რომ კენჭისყრაში 751 დეპუტატიდან მხოლოდ 296 მონაწილეობდა. ცხადია, ეს ცუდ დასწრებას შეიძლება მიეწეროს, რაც დიდი პრობლემაა სესიის დროს. მაგრამ, როგორც მითხრეს, მთავარი ისაა, რომ ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი არ იყო ინფორმირებული კენჭისყრის თაობაზე.

რაც კიდევ უფრო ნიშანდობლივია, მწვანეებმა მხარი არ დაუჭირეს ცვლილებას. ეს პარტიული ჯგუფი ცალსახად უჭერს მხარს უკრაინას, მაგრამ ახლა საქმე ისე გამოიყურება, რომ დეპუტატები, როგორიცაა გერმანელი რებეკა ჰარმსი, რომელიც პუტინის ცნობილი კრიტიკოსია, ჩრდილში მოაქციეს ისეთი დეპუტატების სასარგებლოდ, როგორიცაა ფინელი ჰაიდი ჰაუტალა, რომელსაც, როგორც ამბობენ, ახლო ურთიერთობა აქვს რუს კინორეჟისორ ანდრეი ნეკრასოვთან.

რამდენიმე წლის წინ ნეკრასოვი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა თავისი ფილმით, რომელიც შეიცავს მაგნიტსკის სიკვდილის საპირისპირო ვერსიას. ეს ვერსია იმეორებს კრემლის ხაზს. მთლიანობაში რეზოლუცია გავიდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომპრომისის სახით უცვლელი დარჩა რეზოლუციის სახელწოდება. მაგრამ მასში ერთი აბზაცი მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის მომავალი რეზოლუცია „არაორაზროვნად და სიმბოლურად უნდა ატარებდეს სერგეი მაგნიტსკის სახელს“.

შემდეგ დღეს გაიმართა ასევე კენჭისყრა ევროკავშირ-რუსეთის ურთიერთობებზე. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მას არ ჰქონდა სავალდებულო ხასიათი მაგრამ მასში იყო ერთი საკვანძო მნიშვნელობის ცვლილება, რომლის ინიციატივით გამოვიდა მწვანეების, ლიბერალებისა და სოციალ-დემოკრატი დეპუტატების რამდენიმე წარმომადგენელი, რასაც გავლენა ჰქონდა ევროპის პარლამენტზე - ესაა ევროკავშირ-რუსეთის საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტი, რომლის მუშაობაც შეწყვეტილია 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ცვლილება არ გავიდა სულ რამდენიმე ხმის წყალობით. კიდევ ერთი ანგარიში, რომელიც ეხება ევროკავშირის ბრძოლას დეზინფორმაციის წინაღმდეგ, ასევე დიდი უმრავლესობით გავიდა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომიტეტში ცვლილებები შეიტანეს და ყურადღება რუსეთიდან გადავიდა ზოგად ვითარებაზე, რის წინაშეც დგას ბრიუსელი.

უნდა აღინიშნოს, რომ სამივე დებატებში ევროპარლამენტის მხოლოდ ერთმა დეპუტატმა ახსენა ის ფაქტი, რომ ელიზავეტა პესკოვა, პუტინის პრესმდივნის ქალიშვილი, მათ გვერდით მუშაობს პრაქტიკანტად. ამ თემაზე დუმილი ამჯობინა ევროპარლამენტის თავჯდომარემ, იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის ახლო მოკავშირემ, ანტონიო ტაიანიმ. ამის ნაცვლად მან იტალიის რადიოში განაცხადა, რომ იტალიელმა ფაშისტმა ბენიტო მუსოლინიმ კარგი საქმეები გააკეთა საკუთარი ქვეყნისთვის. მართლაც სიბრიყვის ჟამი დგას.

მრავალი სხვასავით ისიც ხმებზე თევზაობს ევროპარლამენტის არჩევნებისთვის. მაგრამ ასეთ მღვრიე წყალში თევზაობა იმას ნიშნავს, რომ შემდეგი პარლამენტი კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში იქნება, ვიდრე სტრასბურგის პლენარულ სხდომებზე იყო.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG