Accessibility links

კარაულოვმა პუტინის მიერ ნაქები წიგნი გამოგონილ მინისტრს „აჩუქა“


ანდრეი კარაულოვი

რუსეთის საავტორო სატელევიზიო პროგრამის, "Момент истины"-ს ყოფილმა წამყვანმა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მაქებარი რამდენიმე დოკუმენტური ფილმის ავტორმა, ანდრეი კარაულოვმა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა პირად შეხვედრაზე „ჩინეთის მაღალი ტექნოლოგიების განვითარების მინისტრთან, ჯიან მინგთან“ - ფიგურასთან, რომელიც კარაულოვის სტატუსამდე ერთი კვირით ადრე გამოიგონეს პაროდიული საიტის, "ИА Панорама"-ს, ავტორებმა.

კარაულოვმა წყაროს დაუდასტურებლად მოიტანა „პანორამის“ მიერ 11 თებერვალს გავრცელებული ცნობა,

რომ სანკტ-პეტერბურგში გამართულ სამიტზე „ევრაზიული ტექნოლოგიები - 2019“, რომელიც ასევე საიტის ავტორებმა გამოიგონეს, ჯიან მინგმა დემონსტრაციულად არ ჩამოართვა ხელი ყოფილ ვიცე-პრემიერს, ამჟამად კომპანია „როსნანოს“ ხელმძღვანელს, ანატოლი ჩუბაისს. პაროდიული საიტი წერდა, რომ მინისტრმა, ვითომ, განაცხადა, „ბატონი ჩუბაისის მსგავსი ადამიანები ჩინეთში, საუკეთესო შემთხვევაში, ხეებს ჭრიანო“. პაროდიული საიტი ავრცელებდა ჩინეთის გამოგონილი მინისტრის შეთხზულ სიტყვებს: „აღზრდა, სამსახურებრივი სტატუსი და მორალური შეხედულებები საშუალებას არ მაძლევს ხელი ჩამოვართვა კაცს, რომელსაც ჩემს ქვეყანაში ციხის ტანსაცმელი და ბანაკის ნომერი ექნებოდა და არა სიმდიდრე და ძალაუფლება“.

კარაულოვმა ეს შეთხზული ისტორია სიტყვასიტყვით გაიმეორა

და დასძინა, რომ ახსოვს, როგორ აჩუქა თავისი წიგნი, „რუსული ჯოჯოხეთი“, რომელშიც „ბევრი წერია ჩუბაისზე“, პირადად ბატონ მინგს. გარდა ამისა, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ის ახლახან ვლადიმირ პუტინმა შეაქო ამ წიგნისთვის.

კარაულოვის პოსტს კომენტარები მოჰყვა, საიდანაც ჩანდა, რომ მისი მეგობრების და ინტერნეტმიმდევრებიდან ბევრმა მას დაუჯერა, თუმცა ისეთებიც იყვნენ, ვინც ვითარებას მიხვდა და კარაულოვის პოსტზე ხუმრობდა. ინტერნეტის მომხმარებლები ირონიით აღნიშნავდნენ, როგორც იქნა, კარაულოვის ცხოვრებაში „ჭეშმარიტების მომენტი“ დადგაო“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG