Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდის მიერ დამსხვრეული თანასწორობის მითი


ნებისმიერი უსამართლობის უგულებელყოფა შესაძლებელია, თუ მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცით, თუმცა უგულებელყოფის პროცესი წარმოუდგენლად მარტივდება, როცა ამ უსამართლობის შესახებ ჩვენი ეპისტემიური აპარატი ზედაპირულ, ტრივიალურ და კოსმეტიკურ განმარტებას გვთავაზობს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როცა ვქმნით მითებს.

ენციკლოპედია ბრიტანიკა სიტყვა მითს განმარტავს როგორც ფართოდ გავრცელებულ, მაგრამ მცდარ რწმენას ან მოსაზრებას. როგორც წესი, მითის წარმოშობა უცნობია, თუმცა ერთხელ ჭეშმარტებად მიჩნეული მითი, როგორც უნდა ეწინააღმდეგებოდეს ყოველდღიურ გამოცდილებებს და/ან ბუნების კანონებს, დიდი ხნის განმავლობაში მაინც აბსოლუტურ ჭეშმარიტებად რჩება. ჩემი დაკვირვებით, კოვიდ19-ის პანდემიამ ერთ-ერთი ასეთი მითი, საქართველოში ყველა მოქალაქის თანასწორობის შესახებ, დაამსხვრია. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, ვირუსმა შეძლო და საქართველოს ისტორიული ტოლერანტობის შესახებ დამკვიდრებული ილუზიებიც გაფანტა.

აღსანიშნავია, რომ ვირუსამდელ საქართველოში არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების გარიყული მდგომარეობის შესახებ სიღრმისეული და მნიშვნელოვანი დისკუსიები არა მხოლოდ მასობრივ მედიასაშუალებებში, არამედ აკადემიაში და არასამთავრობო სექტორშიც კი იშვიათობა იყო. პოლიტიკური და აკადემიური ელიტების მიერ ჭეშმარიტებად შემოთავაზებული თანასწორობის ფორმალური გაგება სახელმწიფო ინსტიტუტებს ნეიტრალურ მსაჯულად წარმოადგენდა, რომელშიც არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები დომინანტ ჯგუფთან ერთად „თანასწორ კონკურენციაში“ თანაარსებობენ. თუმცა საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანასწორობის ამ ღრმად გამჯდარ გაგებას ორი მნიშვნელოვანი ხვრელი გააჩნია: სისტემური ჩაგვრა და სტრუქტურული რასიზმი. ეს ორი მოვლენა უსამართლობისა და უთანასწორობის გადამწყვეტი, მაგრამ უჩინარი ატრიბუტებია, სადაც სისტემური ჩაგვრა უმცირესობებს „არა-დისკრიმინაციული“ მეთოდებით გარიყულ მდგომარეობაში ინარჩუნებს, ხოლო სტრუქტურული რასიზმი აღნიშნული ჩაგვრის რაციონალიზაციას და ლეგიტიმაციას ახდენს.

კრიზისულ სიტუაციებში უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე ინფორმაციის არმიწოდება „არა-დისკრიმინაციულად“ ჩაგვრის კლასიკური მაგალითია, ხოლო ინფორმაციის ნაკლებობის გამო შექმნილი ეპიდემიური საფრთხეების უმცირესობების ჩამორჩენილობით, უცოდინრობით ან გაუნათლებლობით ახსნა რასიზმის ზეიმია. თანასწორობის მითი იმსხვრევა, როცა სახელმწიფო ჩაკეტილ ზონაში დარჩენილი თანამოქალაქეების კეთილდღეობაზე, ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვაზე მეტად აქცენტს ამ ხალხის მიერ მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წითელი ზონიდან გატანაზე აკეთებს, ხოლო მათ მიერ საკუთარი აუტანელი ყოფის გახმოვანების ავთენტურ გზებს, როგორიც მარნეულში სიგნალის აქცია იყო, საბოტაჟის მცდელობად ნათლავს. ასეთ თანასწორობაში „შულავერის მარში“ და დელლერის (მუშევანის) ინციდენტი მიუღებელი, მაგრამ აბსოლუტურად გასაგები ხდება.

თანასწორობის მითის მსხვრევას ვერც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწიფო მინისტრის ფეისბუქგანცხადება აჩერებს და ვერც აქციის მონაწილის კითხვაზე, შიმშილით ხომ არ მოვკვდებითო, ქვემო ქართლის გუბერნატორის გულწრფელი პასუხი: „ესე მშიერი კვდება ყველა “. კრიზისის შედეგად გამოაშკარავებული სისტემური ჩაგვრის და სტრუქტურული რასიზმის გადასაფარავად კი დომინანტი ჯგუფის წარმომადგენლები, საკუთარი პრივილეგიების დაკარგვის შიშით და არსებითი თანასწორობის მიმართ ზიზღით, სოციალურ ქსელებში საკუთარ რასისტულ სახეს ავლენენ. ასობით და ათასობით მომხმარებლის აგრესიული კომენტარი თანასწორობის მითს საბოლოოდ ანგრევს, ხოლო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის შეურაცხმყოფელი, რასისტული კომენტარი, საკონტროლო გასროლის მსგავსად, გვაფიქრებინებს, რომ იმ აგრესიული კომენტარების ავტორები ღია ოკეანეში თავისუფლად მცურავი ინდივიდები კი არა, შესაძლოა მჩაგვრელი სისტემისა და რასისტი სტრუქტურების შემადგენელი მასწავლებლები, ექიმები, პოლიციელები, საჯარო მოხელეები და პოლიტიკოსები იყვნენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG