Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

26 მაისს მოსკოვში...


1896 წლის 26 მაისს, 26 წლის ვლადიმირ ულიანოვი ჯერ არ იყო ლენინი, თუმცა უკვე მელოტი და წვერმოშვებული გახლდათ. ის დააპატიმრეს და სასჯელს იხდიდა პეტერბურგში არალეგალურ გაზეთ „რაბოჩეე დელოს“ გამოცემისათვის. ერთადგილიან საკანში ულიანოვი „რუსეთში კაპიტალიზმის განვითარების“ წერით იყო დაკავებული. რუსეთის იმპერიაში კაპიტალიზმის ბედზე მედიტაციასთან ერთად ის იმუშავებდა მომავალ გეგმებს მის მიერ დაფუძნებული იმ ერთი ბეწო ჯგუფისათვის, რომელსაც მუშათა კლასი უნდა გაეთავისუფლებინა.

1896 წლის 26 მაისს იოსებ ჯუღაშვილი გახლდათ 18 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ჯერ არაფერი ჰქონდა გაგებული მის მომავალ მასწავლებელ ულიანოვზე. ამ დროს ის ცნობილი იყო არა როგორც სტალინი, არამედ როგორც კობა. 1896 წლის გაზაფხულზე, ჯუღაშვილი-კობა ტფილისის სემინარიის საერთო საცხოვრებელში ლექსების წერით და მუშათა საიდუმლო შეხვედრებზე დასწრებით იყო დაკავებული.

1896 წლის 26 მაისს ჯერ არც 17 წლის ლევ ბრონშტეინი იყო ტროცკიდ ქცეული. ნიკოლაევში (უკრაინა) მცხოვრები ეს ახალგაზრდა ებრაელი ჯერ კიდევ შორს იყო ისტორიული მატერიალიზმისგან და შთაგონებას პოულობდა ნაროდნიკულ გაზეთ „რუსკოე ბოგატსტვოში“ , რომელიც მარქსიზმთან მუდმივ პოლემიკაში იყო ჩართული.

არც რუსეთს და არც მის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს, რომლის კორონაციაც 1896 წლის 26 მაისს ტარდებოდა, ჯერ არ სმენოდა არაფერი იმ სამი ახალგაზრდის შესახებ, რომელიც ისე კარდინალურად შეცვლის რუსეთის იმპერიის ბედს, რომლის მსგავსი მაგალითი ცოტა გააჩნია კაცობრიობის ისტორიას.

1896 წლის 26 მაისს, მოსკოვში ნიკოლოზ მეორის კორონაციას ისეთი პირი უჩანდა, რომ ის ბრწყინვალედ და დიდებულად უნდა ჩატარებულიყო - დღესასწაულზე უბრალო მოსკოველებიც კი იყვნენ მოწვეულნი, რომლებიც უხვად უნდა დასაჩუქრებულიყვნენ. მათთვის მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, ხოდინსკოეს ველზე (რომელიც სამხედრო წვრთნებისთვის გამოიყენებოდა), ბუფეტიც კი იყო მოწყობილი. 26 მაისს, გამთენიისას, დილის 5 საათისათვის, ხოდინსკოეს ველზე ხალხის რაოდენობა უკვე ნახევარ მილიონს მიაღწევს. უცბად ხმა დაირხევა, თითქოსდა სამეფო საჩუქრები ყველასთვის საკმარისი არ იყო. ეს დაყრილი ხმა ბრბოს ჯერ სპონტანურ მოძრაობას, შემდეგ კი პანიკას და ჭყლეტას გამოიწვევს. დაბნეული და პასიურად შემყურე ხელისუფლება ხალხის მასიური ჭყლეტის მოწმე გახდება - სულ რაღაც რამდენიმე წუთში 1 389 მოსკოველი დაიღუპება. მოსკოვის ქუჩები ცხედრებით და დაჭრილი ადამიანებით გატენილი ურმებით გაივსება.

მიუხედავად ამ ტრეგედიისა, ნიკოლოზ მეორე ვერ გამონახავს თანაგრძნობის სიტყვებს. მეტიც, მიუხედავად გარემოცვის შეგონებისა, იგი არ გააუქმებს საზეიმო ღონისძიებებს და იმავე საღამოს გაეშურება საფრანგეთის ელჩ მარკიზ დე მონტებელოს მიერ მოწყობილ მეჯლისზე, სადაც ბევრს იცეკვებს გაოგნებული დიპლომატების წინაშე. მიუხედავად 26 მაისის ტრაგედიისა, ნიკოლოზ მეორეს კორონაციასთან დაკავშირებული წვეულებები და კონცერტები შემდეგ დღეებშიც გაგრძელდება.

ხოდინკის ტრაგედია არ მიიპყრობს იმპერიის სხვადასხვა კუთხეში გაფანტულ ულიანოვ-ჯუღაშვილ-ბრონშტეინის ტრიოს ყურადღებას. ამ „ნაროდნიკულ-მარქსისტული ტრიოსგან“ განსხვავებით, ხოდინკის ტრაგედია ერთი ფრანგი რესპუბლიკელის განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება: „ხოდინკის ტრაგედია შეიძლება არის ისეთივე ავბედითი ნიშანი ნიკოლოზის მომავალი მეფობისა, როგორიც იყო ის უბედური შემთხვევა, რომელსაც 130 პარიზელის სიცოცხლე შეეწირა ლუდოვიკო XVI-ისა და მარი ანტუანეტას ქორწილის დროს“ - დაწერს 1896 წლის 26 მაისის ტრაგედიის მომსწრე ეს პარიზელი... (ლუდოვიკო XVI-ს პარიზის იმავე მოედანზე მოჰკვეთენ თავს, რომელზეც 22 წლით ადრე, მისი ქორწილის დროს, უბედური შემთხვევის გამო დაიღუპება ხალხი. ნიკოლოზ მეორესაც კორონაციიდან ასევე 22 წლის შემდეგ, ოღონდ მოსკოვიდან 1700 კმ-ის დაშორებით, დახვრეტენ).

ამ გამჭრიახ პარიზელ დამკვირვებელს ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ რამდენად წინასწარმეტყველური აღმოჩნდებოდა მის მიერ 1896 წლის 26 მაისს დაწერილი ეს სიტყვები...

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG