Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაიკ პომპეო თბილისში ჩამოდის - რა არ უნდა გამოგრჩეს 17 ნოემბერს


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დეტალები

დღეს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ელოდებიან. როგორც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო დეპარტამენტში ბრიფინგზე ითქვა, სახელმწიფო მდივანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდება. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ გაიმართება შეხვედრა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან და რომ ეს რელიგიის თავისუფლების საკითხს უკავშირდება, რასაც მაიკ პომპეო ასევე განიხილავს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოს პირველთან შეხვედრისას. ბრიფინგიდან გახდა ცხადი, რომ ოფიციალური პირების გარდა სახელმწიფო მდივანი სამოქალაქო სექტორთანაც გეგმავს შეხვედრას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა ამ ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასასმელად იქნება გამოყენებული. მისი თქმით, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ საქართველო არის ამერიკის ყველაზე ახლო მოკავშირე და მთავარი დასაყრდენი რეგიონში.

წაიკითხე მეტი.

მეორე ტური მხოლოდ "ოცნებისთვის" და ახალი არჩევნების იმედი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტამდე ერთი დღით ადრე საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. არჩევნების მეორე ტურისთვის მხოლოდ „ქართული ოცნება“ ემზადება; ოპოზიციური პარტიები ახალ კენჭისყრას ითხოვენ და მათი ერთადერთი კომპრომისი შესაძლოა დაუკავშირდეს მხოლოდ იმას, იქნება ეს ხელახალი თუ ვადამდელი არჩევნები

ოპოზიცია არ აპირებს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას და ელოდება ხელისუფლების პასუხს - როდის ჩატარდება ახალი არჩევნები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციისა და გაუმჯობესებული საარჩევნო გარემოს პირობებში - ამ შინაარსის განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, რომლებიც ერთმანეთს 16 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეხვდნენ.

წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ნიკა მელიას შტაბზე თავდასხმა - ვის უკავშირებს მელია მომხდარს?

გლდანში „ენმ - ძალა ერთობაშიას“ გლდანის მაჟორიტარი კანდიდატის ნიკა მელიას საარჩევნო შტაბს მინა ჩაუმსხვრიეს და შიგნით ხანძარი გააჩინეს. დაზიანებულია ინვენტარი და ავეჯი.

მელია კონკრეტულ პირებს ასახელებს, რომელთა მეშვეობითაც, მისი თქმით, გადაწვეს გაერთიანებული ოპოზიციის ოფისი.

„კობიაშვილ-კალაძესთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი „კანონიერი ქურდი“ ნოდარ შუკაკიძე, რომელიც იმყოფება საბერძნეთის საპატიმროში და მას ყოველდღიური სატელეფონო წვდომა აქვს გლდანის დანაშაულებრივ სამყაროსთან. გარდა ამისა, მისი ძმის, სუს-თან აქტიურ კავშირზე მყოფი ლევან შუკაკიძის მეშვეობით აკონტროლებს და ძალადობს საარჩევნო პროცესში ყველაფერზე და ყველაზე“, - ამბობს მელია.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საქართველოში

კორონავირუსი ისევ განაგრძობს სწრაფ გავრცელებას საქართველოში. გუშინდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა რიცხვს კიდევ 3157 პაციენტი შეემატა. ვირუსის შედეგად 30 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის ერთი 12 წლის ბავშვია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის ამ ფაქტს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გართულების ფონზე გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მოქმედი შეზღუდვები საკმარისი არ არის და ის კიდევ გამკაცრდება.

გუშინ ასევე ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ყველა პაციენტთან სასწრაფო დახმარების მანქანა გამოძახების შემთხვევაში აღარ მივა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ 12 ნოემბერს ის ინსტრუქცია დაამტკიცა, რომლითაც კოვიდინფიცირებული პაციენტების ბინაზე მართვის წესები იცვლება.​

ვისთანაც სასწრაფო დახმარების ჯგუფი არ მიდის, ახალი ინსტრუქციით, მათ მკურნალობაში ოჯახის ექიმი ერთვება.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

Crew Dragon-მა მეორედ აიღო სტარტი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ

SpaceX-მა განახორციელა პილოტირებული კოსმოსური ხომალდის, Crew Dragon-ის მეორე გაშვება საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ. რაკეტმზიდმა, Falcon 9-მ სტარტი აიღო აშშ-ში, ფლორიდაში, კანავერალის კონცხიდან.

NASA იტყობინება, რომ Crew Dragon-ი წარმატებით გავიდა ორბიტაზე მას მერე, რაც მას ორი ელემენტი ჩამოშორდა და ატლანტის ოკეანეში დაეშვა.

სავარაუდოდ, კოსმოსურ სადგურამდე ფრენას 27 საათი დასჭირდება. სტარტი დაგეგმილი იყო 14 ნოემბრისთვის, მაგრამ ძლიერი ქარის გამო გადაიდო.

წაიკითხე და ნახე მეტი.

ბრძოლა ნამახვანის გამო - კიდევ ერთი დიდი ჰესი რიონის ხეობაში?

მაკა სულაძემ თავისი სოფლიდან, მექვენიდან სოფელ ჟონეთამდე, სადაც ახლა ნამახვანის ჰესის აშენებას აპროტესტებენ, 15 კილომეტრი უნდა გაიაროს.

სახლში მოვედი, რომ 87 წლის მამაჩემს დავხედო და ისევ უნდა გავვარდე, მე იქ ჩემს ადგილს ცარიელს არ დავტოვებ, სანამ ამ ბრძოლას არ დავამთავრებ - ჩქარობს, რადგან ჟონეთამდე წამსვლელ ტრანსპორტს უნდა მიუსწროს. მაკა ყოველდღე იქ დგას, როგორც სამსახურში.

სოფელი მექვენა კი, ჰესის აშენების შემთხვევაში, მისი სიტყვებით, დატბორვის ზონაში ხვდება. მოსახლეობის ნაწილს იქ კომპანიამ კომპენსაცია გადაუხადა და ეს ნაწილი პროტესტს ამ ეტაპზე არ უერთდება.

მაკა სულაძის მსგავსად, მისი სხვა თანამებრძოლებიც ფიქრობენ, რომ სახელმწიფო არ ითვალისწინებს იქაური ბუნების ხასიათს. არც იმ მდინარის (რიონის) თვისებებს, რომელშიც, მათი განცხადებით, მილიონები იყრება. ხალხი აპროტესტებს იმასაც, რომ კომპანიას ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები კაშხლის შენების სამუშაოებში გადაეზარდათ, რისი უფლებაც ჯერ არ ჰქონდათ.

რის ითხოვენ ადგილობრივები, რომელთა პროტესტიც უკვე 20 დღეზე მეტია გრძელდება, წაიკითხე მეტი ეკა ქევანიშვილის სტატიაში.

ნატრიუმის გლუტამატი საშინელებაა, ერიდეთო - წერენ ხოლმე არაერთ საიტზე და სოციალურ ქსელებშიც. მართლა ეგრეა? და, თუ ეგრეა, როგორ ვერიდოთ? და, საერთოდ, მაშინ რატომ არაა აკრძალული?

XS
SM
MD
LG