Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობით, ლინას ლინკევიჩუს?


ლიეტუვის საპარლამენტო არჩევნების მეორე და საბოლოო ტურის შემდეგ კონსერვატორები, როგორც ჩანს, კოალიციას ჩამოაყალიბებენ ორ მცირე ლიბერალურ პარტიასთან. ეს ბალტიის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მაინცდამაინც არ შეცვლის გარდა იმისა, რომ ვილნიუსმა შესაძლოა კიდევ მოუმატოს რუსეთის ქორობას. თუმცა ქვეყანა ამ გზას, სავარაუდოდ, დაადგება მისი ყველაზე სახელოვანი დიპლომატის, ლინას ლინკევიჩუსის, გარეშე. ის ბოლო 8 წლის განმავლობაში იყო ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ხშირი არ არის, რომ ლიეტუვის მსგავს მცირე მოცულობის ქვეყნებს შეეძლოთ ბრიუსელის ყურადღების მიპყრობა. როგორც წესი, ეს საფრანგეთის ან გერმანიის მსგავსი დასავლეთ ევროპის ქვეყნებია, რომლებიც წარმართავენ დისკუსიებს და აღწევენ შეთანხმებებს. თუმცა პატარა ლიეტუვამ ამის შეცვლა მოახერხა. ჯერ მისმა ტელეგენურმა ყოფილმა პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ დაიმკვიდრა ადგილი ევროკავშირის სამიტებზე სხვა ევროპელ ლიდერებს შორის თავისი მკვეთრი, მახვილგონივრული კომენტარებითა და გამჭრიახი პოლიტიკური ნაბიჯებით, შემდეგი კი ლინას ლინკევიჩუსი იყო, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა ნატოსა და ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებებზე - და არამხოლოდ თავისი დათვური აღნაგობით. პრესასთან ურთიერთობისას ის ხშირად სასტიკად პირდაპირი იყო და ზოგჯერ სასოწარკვეთამდე გულწრფელიც. ეს კი იშვიათობა გახლდათ დიპლომატიურ სამყაროში. თან, მისი ეს შეხედულებები შეხვედრების ოთახებშიც ანალოგიურად ჟღერდა.

ეს წინააღმდეგობაში მოდიოდა ზოგიერთი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვისაც რუსეთთან ურთიერთობების დათბობა სურდა. აქ ის ეწინააღმდეგებოდა კრემლთან ნებისმიერ დაახლოებას და ცალსახად მხარს უჭერდა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებთან - საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან - კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. საბჭოში ის ერთ-ერთი იშვიათი რუსულის მცოდნე იყო და პოსტსაბჭოთა სივრცის კარგად ფლობამ და კონტაქტების უზარმაზარმა სიამ, კიევიდან თბილისამდე, ის ბრიუსელში ანგარიშგასაწევ ძალად აქცია.

საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, არეული 90-იანების დროს და მომდევნო ხანებში, ლიეტუვის ნატოში გაწევრიანების პერიოდში თავდაცვის მინისტრობისას მან განსაკუთრებით კარგად გააცნობიერა, რომ მისი ქვეყანა ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება როგორც გეოგრაფიულად, ისე პოლიტიკურად. შემდეგ კი ნატოს შტაბბინასა და მინსკში ელჩობამ დაანახვა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებიც იმავე სიტუაციაში იყვნენ.

2012 წლის მიწურულს, საგარეო საქმეთა მინისტრად გახდომისას, მისი ამოცანა ცხადი იყო - მაქსიმალურად თბილი ურთიერთობები შეენარჩუნებინა ბერლინსა და ვაშინგტონთან და ეცადა დაელაგებინა ვარშავასთან ჩახლართული კავშირები. მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლებოდა ლიეტუვას სხვებს დახმარებოდა მოსკოვის ზეწოლის გამკლავებაში.

ლინას ლინკევიჩუსის პირველი დიდი გამოწვევა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი იყო, რომელიც ჩატარდა მის მშობლიურ ქალაქში, ვილნიუსში, 2013 წლის მიწურულს. ევროკავშირმა ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებებს საქართველოსა და მოლდოვასთან, თუმცა უკრაინასთან იგივე არ გაკეთებულა, რამაც სამეზობლოში კატაკლიზმები გამოიწვია: ევრომაიდანი, ყირიმის ანექსია და ომი დონბასში, რომელიც დღემდე გრძელდება.

ამ დროის განმავლობაში ლინას ლინკევიჩუსი გამუდმებით მხარს უჭერდა ევროკავშირისა და ნატოს უფრო მკაცრ რეაქციებს აღმოსავლეთის ფლანგზე - მაშინაც კი, როდესაც სხვა ქვეყნებს სამხრეთ სამეზობლოში სურდათ ყურადღების გადატანა. ის ხშირად ამბობდა, რომ ევროკავშირი ძალიან ცოტას და ძალიან გვიან აკეთებს, თუმცა მაინც მოახერხა რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება 2014 წელს, რომელიც 6 წლის შემდეგაც ძალაშია. საბოლოოდ, უკრაინამაც მიიღო შეთანხმება ასოცირების შესახებ და ახლა მის მოქალაქეებს, საქართველოსა და მოლდოვის მსგავსად, ევროკავშირში უვიზოდ შეუძლიათ მოგზაურობა.

ამ ქვეყნებშიც და ბრიუსელშიც ოფიციალური პირების უმეტესობა ადასტურებს, რომ ლიეტუვის დიპლომატიას დიდი გავლენა ჰქონდა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში. ვილნიუსი ხომ მუდამ ცდილობდა ეს საკითხი დღის წესრიგში დარჩენილიყო.

რაც შეეხება ლიეტუვის როლს ბელარუსში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აქ საქმეში გათვითცნობიერებული ნებისმიერი ადამიანი მიუთითებს ლინკევიჩუსის პირად ჩართულობას სვეტლანა ტიხანოუსკაიასა და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისთვის ლიეტუვაში უსაფრთხო ნავსაყუდლის შექმნასა და ვილნიუსის გაზრდილ როლში ევროკავშირის სანქციების დაწესებაში ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ.

თუმცა მისი ყველაზე დიდი დიპლომატიური ტრიუმფი, ალბათ, 2016 წელს შედგა, როდესაც, ნატოს ვარშავის სამიტის დროს, გადაწყდა ამ ორგანიზაციის მრავალეროვანი ბატალიონების განთავსება ბალტიის ქვეყნებში, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ. ნატოს ჯარების პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განთავსება ადვილად მისაღწევი რამ არ ყოფილა და ამ გადაწყვეტილებას ეტყობოდა კვალი ადამიანისა, რომელსაც ვაშინგტონშიც და ბერლინშიც გავლენიანი მოკავშირეები ჰყავს.

თუმცა, მართალია, საზღვარგარეთ ნამდვილი ვარსკვლავი იყო, მაგრამ შინ უჩიოდნენ, რომ ის მოსკოვის მიმართ მეტისმეტ სიმკაცრეს იჩენდა, ან, პირიქით, რომ იჩენდა მეტისმეტ სირბილეს; უჩიოდნენ, რომ 1980-იან წლებში ის კომუნისტური პარტიის წვერი გახლდათ და რომ დაკარგა პოლიტიკური ალღო და არასწორ სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შეეკრა, რომელმაც ოქტომბრის არჩევნებში დიდი მარცხი განიცადა.

მომდევნო მთავრობაში ლინკევიჩუსი, დიდი ალბათობით, აღარ იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დადის ხმები, რომ ის რაღაც ხანს მაინც დარჩება დიდი დიპლომატიის სფეროში, როგორც წარგზავნილი აშშ-სა ან ევროკავშირში.

ერთი რამ ცხადია: ლინკევიჩუსთან სავარაუდო დამშვიდობება ევროკავშირში დატვირთული დიპლომატიის დროს ემთხვევა - ბლოკი ახალ სანქციებს ამზადებს ბელარუსის წინაღმდეგ და ემზადება რუსეთის წინააღმდეგ მაგნიტსკის აქტის თავისი ვერსიის შესამუშავებლად. ქორი შეიძლება გაფრინდეს, მაგრამ ბრიუსელი მან უკვე გარდასახა საგრძნობლად უფრო ლიეტუვურად.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG