Accessibility links

კონდოლიზა რაისი: "ნუ იტყვით, რომ ამერიკას არ უპასუხია"


კონდოლიზა რაისი, 2008 წელი

გაზეთმა "ვაშინგტონ პოსტმა" 2018 წლის 8 აგვისტოს გამოაქვეყნა კონდოლიზა რაისის, 2005-2009 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, სტატია. გთავაზობთ მის თარგმანს.

ათი წლის წინ, ამავე კვირაში, ჯორჯ ბუში პრეზიდენტობის ფინალურ წელს, რუსეთმა საქართველოში ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია დაიწყო. მეათე წლისთავთან დაკავშირებით „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო წერილში რობერტ კოგანმა რუსეთის დემოკრატი მეზობლის მიმართ ვლადიმირ პუტინის აგრესია და მასზე აშშ-ისა და დანარჩენი დასავლეთის მხრიდან პასუხი დაასახელა იმ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად, რომელსაც ლიბერალური მსოფლიო წესრიგი აწყდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია გავიხსენოთ ისტორიული გამოცდილების რამდენიმე ასპექტი.

ჩვენ, ბუშის ადმინისტრაციაში, გავაცნობიერეთ საქართველოს მიმართ რუსეთის სამხედრო მოქმედებების მზარდი საფრთხე. 2008 წლის გაზაფხულიდან დაწყებული, აშშ და გერმანია შეეცადნენ მოლაპარაკებების გზით მოეხდინათ მზარდი დაძაბულობის დეესკალაცია სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ამ ძალისხმევას ფიზიკურად უნდა დაეშორებინა ერთმანეთისგან რუსი მშვიდობისდამცველები და ქართველები და უნდა შეექმნა ე.წ. „გზებზე მოძრაობის წესები“, რაც მაშინ ერთობ საჭირო გახლდათ (დასაწყისიდანვე ამ სეპარატისტულ რეგიონებში რუსი ჯარისკაცები არასოდეს ყოფილან მშვიდობისდამცველები, თუმცა ეს სულ სხვა ისტორიაა).

და სწორედ ამ ფონზე ვუთხარი მიხეილ სააკაშვილს პირად საუბარში, რომ რუსეთი შეეცდებოდა მის პროვოცირებას და ამიტომ, გამომდინარე კონფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარებიდან, მას არ უნდა ჰქონოდა ნატოს მხრიდან სამხედრო პასუხის იმედი. მე მას არც მაშინ „ვადანაშაულებდი“ ამ კრიზისის გამო და არც ახლა ვადანაშაულებ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაშინ ამ განცხადებით მე, უბრალოდ, შევეცადე დამემშვიდებინა ქართველი პოლიტიკოსები, რომელთა მოთმინების ფიალა, გასაგებია, რომ ავსებული იყო.

როდესაც რუსეთმა საქართველოში თავისი ინტერვენცია წამოიწყო, აშშ, უპირველეს ყოვლისა, ფოკუსირებული აღმოჩნდა საქართველოს დედაქალაქ თბილისისა და საქართველოს არჩეული ხელისუფლების სათანადო დაცვაზე. ამ თვალსაზრისით, აშშ-ის სამხედრო სატრანსპორტო ავიაციამ ერაყიდან დააბრუნა საქართველოს სამხედრო ბრიგადა, რათა მას შეძლებოდა საკუთარი მიწა-წყლის დაცვა. ადმირალმა მაიკ მალენმა, აშშ-ის სამხედრო ძალების გაერთიანებული შტაბების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, თავის რუს კოლეგას უთხრა, ჩვენ ამას ვაკეთებთ და არ ჩაერიოთო. „უოლ სტრიტ ჯორნალში“ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ საავტორო სვეტში მიხეილ სააკაშვილმაც გაუსვა ხაზი იმას, რომ სამხედრო გემების თანხლებით ჩვენ შევქმენით „ჰუმანიტარული დერეფანი“. რუსეთისათვის ეს იყო სიგნალი.

ემუქრებოდა თუ არა საფრთხე თბილისს? რა თქმა უნდა, ემუქრებოდა: იმ კრიზისის დღეებში გამართულ სატელეფონო საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ომის დასრულების სამ პირობაზე მელაპარაკა. პირველ ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებას ხელი უნდა მოეწერა „ძალის გამოუყენებლობის“ ხელშეკრულებაზე სეპარატისტულ რეგიონებში და, მეორე, ქართული სამხედრო ნაწილები უნდა დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ყაზარმებში. ეს მისაღები იყო საქართველოს ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეებისათვის, თუმცა მესამე პირობამ, რომელიც, ლავროვის თქმით, „მხოლოდ ჩვენ შორის“ უნდა დარჩენილიყო, შოკში ჩამაგდო. მან მითხრა, „მიხეილ სააკაშვილი უნდა წავიდესო“.

ლავროვს ვუთხარი, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ შეიძლება ჰქონდეთ საიდუმლო საუბარი დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის დამხობაზე. დავურეკავ ყველას, ვისთანაც შევძლებ და ვეტყვი მათ, რომ რუსეთი ითხოვს საქართველოს პრეზიდენტის დამხობას-მეთქი, ვუპასუხე. ის გაწიწმატდა, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ და მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა რუსეთის ნამდვილი მოტივები. სააკაშვილმა ხელისუფლება შეინარჩუნა და საქართველოს დემოკრატია გადარჩა.

სხვათა შორის, კოგანი აღნიშნავს, რომ აშშ-მა სთხოვა საფრანგეთს, იმ დროს ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანას, დაეწყო შუამავლობა ომის დამთავრებისათვის. საბოლოო ჯამში, მათ ეს ვერ მოახერხეს და პირადად მე შევათანხმე ის საბოლოო დოკუმენტი, რომელმაც დაასრულა ეს ომი. მიხეილ სააკაშვილის ოფისში მუშაობის დროს ჩვენ შეთანხმების ფრანგულ პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიტანეთ, მათ შორის, დავადგინეთ გეოგრაფიული ლიმიტი რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნისათვის, რათა არ მიგვეცა მათთვის შესაძლებლობა დამუქრებოდნენ საქართველოს დედაქალაქს.

აშშ, შესაძლებლობების მხრივ,ზოგჯერ შეზღუდულია ისეთი ვითარებაში, როგორიც საქართველოს კონფლიქტი იყო. ჩვენი ენერგია მიმართული იყო იქით, რომ შეგვეჩერებინა მოსკოვი და არ მიგვეცა მისთვის უფლება დაემხო ახალი დემოკრატია, რომლის მიმართაც რუსეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, ვლადიმირ პუტინს, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, დაუფარავი სიძულვილი ჰქონდა. ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა ერთი მილიარდი დოლარის დახმარება გამოყვეს საქართველოსათვის. სეპარატისტული რეგიონებისთვის დაწესებული სანქციები დიდწილად კვლავაც ძალაშია. ასე რომ, მოსკოვს თავისი ქმედებების გამო ყველა ანგარიშის გადახდა უწევს იმ ტერიტორიებისათვის, რომელთა ეკონომიკურად განვითარება რთულია.

და ჩვენ შევახსენეთ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ მათ, აშშ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნების წინააღმდეგ, უარი თქვეს უკრაინისა და საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო პროგრამის მიცემაზე ნატოსთან უფრო დასაახლოებლად, რაც, (კონფლიქტამდე) სულ რამდენიმე თვით ადრე, რა თქმა უნდა, პუტინისათვის ცუდი სიგნალი იყო.

ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ შევძელით შეგვეკავებინა რუსეთი, თუმცა ჩვენ ვიმოქმედეთ და საქართველო გადარჩა. ეს დღემდე სამწუხარო ისტორიაა, რადგან პუტინმა, როგორც ჩანს, იქიდან მცდარი დასკვნები გააკეთა. მაგრამ იმისათვის, რომ შემდგომში შევძლოთ მისი შეჩერება, პირველ რიგში,წარსულის შესახებ სიმართლის ცოდნაა საჭირო.

დაწერეთ კომენტარი აქ

XS
SM
MD
LG