Accessibility links

site logo site logo

ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის შესახებ რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდნენ - რა არ უნდა გამოგრჩეს 27 იანვარს


შეუთანხმებელი „სიტყვები და დეტალები“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტში

26 იანვარს საპარლამენტო ოპოზიცია და უმრავლესობა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შეთანხმდა. ოპოზიცია ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამუშაო ტექსტი, რომელიც დილიდან მუშავდებოდა პარტიების მიერ, დღის ბოლოს შეცვალა და მასში არ შეიტანა რუსეთის მხრიდან აგრესიის თაობაზე ჩანაწერი. ეს კი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ კი თქვა, რომ მცდელობა არ დაუკლიათ, რომ რეზოლუციის ტექსტში გათვალისწინებული ყოფილიყო ყველა ფრაქციისა და ოპოზიციური ჯგუფის ინტერესი, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, რეზოლუციის ერთობლივი ტექსტის მიღება ვერ მოხერხდა „დეტალებისა“ და „სიტყვების“ გამო და რეზოლუციას მხარდასაჭერად საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი დაარეგისტრირებს.

კითხვაზე, რატომ არ ჩაიწერა რეზოლუციის ტექსტში რუსული აგრესია, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ტექსტში ყველა სიტყვა არის აწონილი და „დაცლილია პროვოკაციული რიტორიკისგან“.

უკრაინის კრიზისის გამწვავების შემდეგ ოპოზიცია მოითხოვს ხელისუფლებისგან მკაფიო განცხადებების გაკეთებას, რუსეთის აგრესიული როლის ხაზგასმით, თუმცა ამ დრომდე კიევის მიმართ მხარდაჭერას ხელისუფლების წარმომადგენლები მოზომილი გზავნილებით გამოხატავენ.

საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის განცხადებები წაიკითხე აქ.

აშშ-ის ელჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიტანა ვაშინგტონის წერილობითი პასუხი რუსეთის მოთხოვნებზე

ვაშინგტონმა მოსკოვს ე.წ. უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეპირებული წერილობითი პასუხი ჩააბარა. დოკუმენტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში პირადად აშშ-ის ელჩმა ჯონ სალივანმა 26 იანვარს მიიტანა.

რუსული მედიის ინფორმაციით, გუშინ ასევე გაიმართა ნახევარსაათიანი შეხვედრა აშშ-ის ელჩთან რუსეთის საგარეო უწყებაში.

მოგვიანებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განმარტა: „დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გადავეცით [რუსეთს], მოიცავს აშშ-ის, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების შეშფოთებას რუსეთის ქმედებებზე, რომელიც უსაფრთხოებას უთხრის ძირს, ასევე მოიცავს პრინციპულ და პრაგმატულ შეფასებას იმ საკითხებზე, რაზეც რუსეთმა გამოხატა შეშფოთება“.

ბლინკენის თქმით, დოკუმენტში ასევე წერია ის შეთავაზებებიც, სადაც ვაშინგტონი საერთო ენის გამონახვის იმედს იტოვებს. მას არ დაუკონკრეტებია რაზეა საუბარი, თუმცა დაამატა, რომ აშშ-ის პასუხი იმეორებს იმას, რაც ვაშინგტონმა და ნატომ უკვე რუსეთთან მიმართებაში თქვეს.

წაიკითხე მეტი.

შშმ მოზარდის საქმეზე სასამართლო ორი პოლიციელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გადაწყდება, შეეფარდება თუ არა ორ პოლიციელს პატიმრობა თბილისის მეტროში შშმ მოზარდზე ძალადობის საქმეზე.

გუშინ, პროკურატურის განცხადებით, მეტროსადგურ „ისანში“ არასრულწლოვანზე ძალადობის საქმეზე დაკავებულ პატრულ-ინსპექტორს ბრალდება წარუდგინეს არაადამიანური მოპყრობის მუხლით, ხოლო ინციდენტში მონაწილე მეორე პატრულ-ინსპექტორს - სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.

პროკურატურის ვერსიით, „23 იანვარს მეტროსადგურ „ისნის“ შენობაში განთავსებულ პოლიციის ოთახში, პატრულ-ინსპექტორი ნ.ბ. არაადამიანურად მოეპყრო არასრულწლოვან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ლ.ა.-ს. პატრულ-ინსპექტორმა დაზარალებულ არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ძალადობის ფაქტის შემსწრე მეორე პატრულ-ინსპექტორმა კ.ბ.-მ, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებული იყო აღეკვეთა მისი მეწყვილის ძალადობრივი ქმედება, ასევე, სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა დანაშაულებრივ აქტზე და ეცნობებინა ფაქტი შესაბამისი უწყებისთვის, აღნიშნულის საპირისპიროდ, რათა არ მომხდარიყო მისი მეწყვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება, სამსახურებრივი უფლებამოსილება გამოიყენა ბოროტად და არ შეასრულა არცერთი ზემოაღნიშნული ვალდებულება“.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ჯანდაცვის მინისტრი: ტესტით დადასტურების გარეშე მწვანე სტატუსის მინიჭების საკითხზე ვმუშაობთ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაადასტურა, რომ მიმდინარეობს მუშაობა მექანიზმზე, რომლის საშუალებითაც მწვანე სტატუსს მიიღებენ ის მოქალაქეებიც, ვისაც კორონავირუსი ტესტით არ დაუდასტურდათ.

ერთი დღით ადრე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ინფიცირებულთა ბაზაში აისახებოდნენ ის ადამიანებიც, რომლებსაც ტესტი არ გაუკეთებიათ, თუმცა აქვთ ვირუსის სიმპტომები და ამის შესახებ 112-ს აცნობებენ.

მოგვიანებით მას დამატებითი განმარტება გააკეთა, სადაც თქვა, რომ საუბარი იყო იმ პირებზე, რომელთა ინფიცირების შესახებ ინფორმაცია არ იყო ასახული მათ ბაზაში.

26 იანვარს კი მინისტრმა თქვა, რომ მწვანე პასპორტის მიღება შესაძლოა მართლაც გახდეს შესაძლებელი ტესტის გარეშე. „არის სხვადასხვა მექანიზმები, როგორ შეიძლება მოხვდნენ ესენი "მწვანე პასპორტების" ბაზაში. სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე სხვადასხვა ტიპის ღონისძიება შეიძლება გატარდეს იმის დასადასტურებლად, რომ ნამდვილად ჰქონდა კოვიდი და აიღოს "მწვანე პასპორტი"“, - თქვა მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს ანტისხეულების კვლევა, რომლითაც ვირუსის გადატანა დადასტურდება.

წაიკითხე მეტი.

ნეაპოლში დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი იპოვეს

იტალიის ქალაქ ნეაპოლში დაკარგული 27 წლის სალომე ტეტუნაშვილი ნაპოვნია. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

ქალის პოვნის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად იტალიაში დაფუძნებულმა ქართულმა საინფორმაციო სააგენტო "Exclusive TV"-მ იტალიაში მცხოვრებ, თარჯიმანსა და მედიატორ მაკა ხაჩოშვილზე დაყრდნობით გაავრცელა.

მაკა ხაჩოშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ, მას სოციალურ ქსელში დაუკავშირდა მუნიციპალური პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც შეატყობინა, რომ სალომე ტეტუნაშვილი ქალაქ ნეაპოლში, ქუჩაში ნახა და ის მის გვერდით იმყოფება:

„სალომეს ფოტო და ინფორმაცია იტალიურ ენაზე სოციალურ ქსელში მქონდა გამოქვეყნებული. სწორედ ამ პოსტისა და ფოტოს საფუძველზე დამიკავშირდა პოლიციელი, რომელმაც მითხრა, რომ სალომე მის გვერდით იმყოფებოდა, ქუჩაში. პოლიციელმა სალომეს ტელეფონი მიაწოდა. ველაპარაკე, დამიდასტურა, რომ ნამდვილად სალომეა. არეული ჩანდა. ვერ ხვდებოდა, რატომ ეძებდნენ. მკითხა, რა ხდება, იტალიაში ვარო. პოლიციელმა გადმომიგზავნა ლოკაცია, მისამართი, ტელეფონის ნომერი. ეს ინფორმაცია მივაწოდე ოჯახის წევრებს და მეგობრებს, რომლებიც ახლა მასთან მიდიან“.

წაიკითხე მეტი.

ძალადობის უწყვეტი ჯაჭვი - რა პრეტენზიები გვაქვს პოლიციასთან

„ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი ქალს სახეში”, „პოლიციელს არასრულწლოვანზე ძალადობაში ადანაშაულებენ - მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა”, „პოლიციის შენობიდან კაცი გადმოხტა”, „ბრალდებულს დაკავებისას პოლიციელებმა ე.წ. ბიო ჩაუდეს და სასტიკად სცემეს”, - ეს ქართული ახალი ამბების სათაურებია.

მედიაში გაშუქებულ ისტორიებს მოსდევს მცირერიცხოვანი საპროტესტო აქციები და მოთხოვნა, დამნაშავეები სათანადოდ დაისაჯონ. მერე კი თავიდან იწყება მსჯელობა იმაზე, როგორი არაეფექტიანია სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და როგორ იშვიათად ისჯება პოლიციელი ძალის გადამეტებისთვის, მოქალაქეებზე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისთვის.

„თაროზე წლობით არის შემოდებული საქმეები, სადაც პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის შემთხვევებია და საქართველოს უკვე არაერთი საქმე აქვს სტრასბურგში წაგებული იმის გამო, რომ აქ არ ხდება ასეთი საქმეების ეფექტური გამოძიება. თუ არ არის აშკარა მტკიცებულებები, ადამიანმა თუ ვერ მოიპოვა კადრები, ვერ გადაიღო მასზე ძალადობის ფაქტები, მაქსიმალურად ჭიანურდება გამოძიება და თითქმის არასოდეს დგება შედეგი”, - ამბობს ეკა ქობესაშვილი, ადამიანის უფლებების სახლის იურისტი. მის ორგანიზაციას სტრასბურგის სასამართლოსთან აქვს კომუნიკაცია სისხლის სამართლის საქმეზე „ქეთევან ხმალაძე საქართველოს წინააღმდეგ”.

ქეთევან ხმალაძე ამტკიცებს რომ, 2016 წლის იანვარში, როცა დააკავეს, ახალციხის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელები არჩადენილი დანაშაულის აღიარებას ითხოვდნენ და სწორედ აღიარებითი ჩვენების მისაღებად მას 16 საათი აწამებდნენ პოლიციის შენობაში, დაუმტვრიეს თითები, სხეულზე ურტყამდნენ წყლით სავსე ბოთლს.

რამდენად ხშირია არასათანადო, ღირსების შემლახავი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის შემთხვევები? რას ცვლის ერთი ან ორი პოლიციელის დაკავება? ხუჭავს თუ არა სახელმწიფო თვალს პრობლემაზე? წაიკითხე ვრცლად ნასტასია არაბულის სტატიაში.

„ჩვენ ყველაზე ხილული უხილავები ვართ“, - მითხრა 31 წლის ელენემ, რომელიც ბავშვობიდან ჭარბწონიანია. დღეს ის 120 კილოა. გვიამბობს, თუ როგორ ეგონა ბავშვობაში, რომ წონა მხოლოდ პირად ცხოვრებაზე მოახდენდა გავლენას, მაგრამ წლების გასვლის, სამსახურის დაწყების, მეტი ადამიანის გაცნობის შემდეგ როგორ აღმოაჩინა, რომ ეს ფაქტორი პრობლემას ქმნის ყველგან - ტრანსპორტში, სამსახურში, საჯარო შეკრებებზე, ახლობლებთანაც კი.

ელენემ ეს გზა აირჩია - დარჩეს ისეთად, როგორიც არის. არ დაიმალოს, უყვარდეს და მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიცაა, ოღონდ ამას წლები დასჭირდა.

საზოგადოებას, როგორც წესი, წარმატების ისტორიების მოსმენა ურჩევნია, წონაში დაკლების მაგალითებზე ლაპარაკი. მაგრამ როგორია იმ ადამიანების ცხოვრება, ვინც ასეთ გამოცდებს ვერ და არ აბარებს? ან მათი, ვისაც საამისოდ უზარმაზარი ძალისხმევა დასჭირდა?

ელენეს ამბავში ბევრმა შეიძლება იპოვოს საკუთარი თავგადასავალიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG