Accessibility links

site logo site logo

პრეზიდენტ შარლ მიშელის ახალი დოკუმენტი: შინაარსი და მოსაზრებები - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 აპრილს


რა წერია პრეზიდენტ მიშელის ახალ წინადადებაში არჩევნებსა და პატიმრებთან დაკავშირებით

18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ახალი დოკუმენტი შესთავაზა ოპოზიციასა და ხელისუფლებას. ოპოზიციის უმრავლესობამ თქვა, რომ დოკუმენტის ტექსტი მისაღებია, თუმცა ზოგისთვის მეტად, ზოგისთვის კი - ნაკლებად. მედიატორების შეთავაზებული წინადადება ახლა მათ ხელმოწერას ელოდება.

შარლ მიშელის მიერ შეთავაზებული ახალი დოკუმენტის გასაცნობად გუშინ ევროკავშირის დელეგაციის ოფისში მივიდა ყველა, მმართველი პარტიის გარდა. „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება შეხვედრის დაწყებამდე გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ახლა „ჯერი ოპოზიციაზეა“, რადგან მათ უკვე მოაწერეს ხელი ევროკავშირის წარდგენილ დოკუმენტს. საუბარია წინა დოკუმენტის ტექსტზე და არა იმ ვარიანტზე, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობამ გუშინ გააცნო ოპოზიციას.

რა შეიცვალა და რა დარჩა იგივე შეთანხმების ტექსტში?

ახალ დოკუმენტშიც წერია, რომ 19-20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონი უნდა მიიღოს. ამნისტია წინა დოკუმენტშიც იყო ჩაწერილი, თუმცა, ოპოზიციის თქმით, ამჯერად უფრო მკაფიოდაა გაწერილი მელია-რურუას გათავისუფლების მექანიზმი.

დოკუმენტში წერია:

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შეთანხმების შესრულების მიზნით, ხელისმომწერები ვალდებულებას იღებენ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, ამნისტიის საშუალებით და / ან ისეთი ზომების მიღებით, რომელიც ანალოგიურ შედეგს გამოიღებს. კერძოდ, ამ შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონისა ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება“.

ამჯერად დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი ვადამდელი არჩევნების შესახებ, შემდეგი პირობით: „ქართული ოცნების 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია ქართული ოცნება მიიღებს ნამდვილი პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს“.

შეთანხმების ტექსტის მიხედვით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში. „პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე“.

წაიკითხე მეტი.

პოლიტიკური განცხადებები ამ თემაზე:

ამირან გამყრელიძე: პიკური პერიოდი შესაძლოა აპრილის ბოლოდან დაიწყოს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაიწყო და ის პიკს აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში მიაღწევს.

„ინტერპრესნიუსთან“ კომენტარში გამყრელიძემ თქვა: „ეპიდვითარება ბევრად უფრო გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტის ბოლოსა და აპრილის დასაწყისში იყო. სამწუხაროდ, ჯერჯერობით შეკავების არავითარი ნიშანი არ გვაქვს. ქვეყანაში ისევ და ისევ არ იცავენ რეგულაციებს და რეკომენდაციებს, რაც ეპიდვითარების შემდგომი გაუარესების მთავარი რისკფაქტორია“.

ვირუსის ახალი შემთხვევების მატების პარალელურად, საქართველოში 4 მაისიდან ჩინური „სინოფარმით“ ვაქცინაცია დაიწყება. ქვეყანაში ამ ვაქცინის 100 ათასი დოზაა დასაწყობებული.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

"არ დავთმობთ ბულვარს" - ბათუმში აქცია გაიმართა

"არ დავთმობთ ბულვარს" - ბათუმელები კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე 140 წლის ბულვარის დასაცავად გუშინ ისევ გამოვიდნენ.

ზღვისპირა პარკის კოლონადებთან შეკრებილი ბათუმელები მოითხოვდნენ, სასწრაფოდ დამტკიცდეს ბულვარის კონსერვაციისა და განაშენიანების გეგმა, რომელიც 2 წლის განმავლობაში მუშავდებოდა სპეციალისტების მიერ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ აგრეთვე ბულვარის შუაგულში მიმდინარე 19-სართულიანი სასტუმრო "ამბასადორის" მშენებლობას.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ აგრეთვე ბათუმის ბულვარის დირექტორის თანამდებობიდან ირაკლი ჯინჭარაძის გათავისუფლებას, რომელიც ეწინააღმდეგებოდა პარკის სანაპიროს მრავალწლიანი იჯარით გასხვისებას.

წაიკითხე და ნახე მეტი.

რატომ არ მიდის მსხვერპლი

წადი! დროზე გაეცალე მოძალადეს! - ეს არის პირველი, რაც შეიძლება ურჩიო ძალადობის მსხვერპლს, მაგრამ ეს რჩევა ვერ იქნება უნივერსალური ყველასთვის. ძალიან ხშირად, მოძალადეები სწორედ მაშინ მიმართავენ ძალადობის განსაკუთრებულ ზომებს, როდესაც ხვდებიან, რომ შესაძლოა, მსხვერპლმა გაქცევა სცადოს.

„ნაციონალური კოალიცია ოჯახში ძალადობის შესახებ“ წერს, რომ გამოკვლევის თანახმად, რომელიც პარტნიორების მკვლელობისთვის გასამართლებულ კაცებს შორის ჩატარდა, ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობის დიდი ნაწილი ჩადენილია სწორედ იმ მომენტში, როდესაც ისინი მოძალადისგან გაქცევას ცდილობდნენ.

მოძალადესთან თანაცხოვრების მიზეზები კომპლექსურია და მეტწილად ეფუძნება განცდებს და შიშს, რომელიც მსხვერპლს დარჩენას აიძულებს. მაგალითად, შიში, რომ მოძალადემ შეიძლება მოკლას, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ან დაუხოცოს მისი საყვარელი ადამიანები, წაართვას შვილები. მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ პროცესში ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონაც.

მსხვერპლი კარგად იცნობს საკუთარ მოძალადეს და იცის, რამდენად შორს შეუძლია წავიდეს და რა ზიანი შეიძლება მიაყენოს იმისათვის, რომ მსხვერპლმა თავის დაღწევა ვერ შეძლოს.

რა სოციალური და საკანონმდებლო დაბრკოლებების წინაშე დგებიან მსხვერპლი ქალები მაშინ, როცა მოძალადისგან თავის დახსნა სურთ? - წაიკითხე ვრცლად ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

75 წლის წლის გიორგი გაბაძე ყოველ დილით ავლაბარში თავისი პატარა ჯიხურის რკინის გისოსებს ხსნის, ბოთლების, ბოცების და სხვა მინის ჭურჭლის ჩამბარებელ პუნქტს აღებს და მუშაობას იწყებს. ხანდახან მთელი დღე შეიძლება გავიდეს კლიენტის მოლოდინში - ხან მასთან მიაქვთ გასაყიდად იშვიათი და ძველებური ბოთლები, ხან მისგან მიაქვთ - ღვინისთვისაც და უბრალოდ, კოლექციის შესავსებადაც. ასე გრძელდება უკვე 20 წელია. ამიტომ არის, რომ შეხედვისთანავე ხვდება, რომელ წელს შეიძლება იყოს გამოშვებული ესა თუ ის მინის ჭურჭელი. ვინ არის მყიდველი და ვინ გამყიდველი, რომელ ნივთს რა ფასი უნდა დაედოს. დრო გადის, ძველებური ნივთები ქრება, მისი ჯიხური კი, ალბათ, ერთ-ერთი ბოლო თბილისში, ჯერ ისევ ღიაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG