Accessibility links

site logo site logo

პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა - რა არ უნდა გამოგრჩეს 16 ივნისს


ბაიდენ-პუტინის მესიჯები ჟენევის სამიტის წინ

16 ივნისს ჟენევაში ვლადიმირ პუტინი აშშ-ის ახალ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდება. ეს მაშინ, როცა ცივი ომის მერე ორი ქვეყნის ურთიერთობა ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაეცა. ახალ „გადატვირთვას“ არავინ ელის, თუმცა „სტაბილური, პროგნოზირებადი“ ურთიერთობაც სასურველ შედეგად მიიჩნევა.

მიუხედავად ამისა, აშშ არ აპირებს შეეგუოს რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, რუსეთი კი არ აპირებს გადაუხვიოს პუტინის მიერ „სუვერენულ დემოკრატიად“ მონათლულ პოლიტიკურ კურსს. რუს პოლიტოლოგ დმიტრი ორეშკინის თანახმად, პუტინს არაფერი აქვს ისეთი, რაც შეუძლია ამ სამიტზე შესთავაზოს ამერიკელ კოლეგას.

„საქმე ისაა, რომ პოლიტიკური წინადადებების მხრივ, სინამდვილეში, პუტინის ჯიბე ცარიელია. რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინის გარდა, მას არაფერი აქვს მაგიდაზე დასადები. მის უკან დგას მოდელი, რომელიც, სამხედროს გარდა, მსოფლიოს თვალში თავისი სოციალურ-ეკონომიკური და სხვა განზომილებით არამიმზიდველი და არაეფექტურია“, - უთხრა დმიტრი ორეშკინმა რუსულენოვან ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“.

მოლოდინები და შეხვედრისწინა გზავნილები წაიკითხე კობა ლიკლიკაძის სტატიაში.

კობახიძის ორი გახარია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის პირველი ნომერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გადადგომამდე „საუკეთესო კრიზისმენეჯერი“ და „ქვეყნის ქაოსისგან გადამრჩენელი“ იყო, რამდენიმე თვეში „გუნდისა და სახელმწიფოს მოღალატედ“ იქცა. ირაკლი კობახიძემ მრავალი წლის განმავლობაში ნაქებ გიორგი გახარიას ბრალი დასდო იმაში, რომ ცუდად ორგანიზებული სპეცოპერაციებით არაერთი პრობლემა შეუქმნა ქვეყანასა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში სტუმრობისას მმართველი პარტიის თავმჯდომარემ გაიხსენა ფიზიკური დაპირისპირებითა და სავალალო შედეგებით დასრულებული რამდენიმე პოლიციური ოპერაცია: ხაიშში, კლუბ „ბასიანში“, პანკისის ხეობასა და საქართველოს პარლამენტის შენობის წინ 2019 წლის 20 ივნისს.

გახარიასადმი მმართველი პარტიისა და ხელისუფლების დამოკიდებულება მკვეთრად შეიცვალა თანამდებობიდან გადადგომისა და საკუთარი პარტიის დაფუძნების შემდეგ.

ექსპრემიერის თანაპარტიელები კი დარწმუნებული არიან, რომ მათი ლიდერი პირნათელია კანონისა და ქვეყნის წინაშე და რომ მმართველი პარტიის თავდასხმა მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური კონკურენციით არის მოტივირებული.

გახარია გუშინ, დღეს და ხვალ - შეცვლილი შეფასებები მის მიმართ წაიკითხე ჯიმშერ რეხვიაშვილის სტატიაში.

მეუფე იაკობის გეგმები ნინოწმინდის პანსიონში

ნინოწმინდის პანსიონის ახალი მმართველი ეპისკოპოსი იაკობი ამბობს, რომ იწყებენ მისი გარდაქმნის პროცესს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან პანსიონიდან გამოსვლის შემდეგ ისაუბრა.

"ძალიან საინტერესო პროექტს განვახორციელებთ. საწყის ეტაპზე ავაშენებთ რამდენიმე სახლს, სადაც იქნება ოჯახური გარემო. პრობლემა რაზეც არის, 2022 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს ასეთი დაწესებულების ფუნქციონირება, ჩვენ ვაკეთებთ ისე, როგორც არის მიღებული მსოფლიოში - იქნება საერთაშორისო სტანდარტებით... სხვადასხვა წრეები იქნება და კომპიუტერულ კლასებსაც გავაკეთებთ", - თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.

რაც შეეხება პანსიონში მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობას, მეუფე იაკობის თქმით, დასტრესილ ბავშვებს არავის მიაკარებს:

"ძალიან დასტრესილები არიან ბავშვები და ახლა შემოვიდნენ და კითხვები დაუსვან, თუნდაც სახალხო დამცველმა დაუსვას... აქ მუშაობენ სოციალური მუშაკები, მონიტორინგიც აქვთ და 24 საათი აქ არიან. სანდო ხალხიც არიან და ცოტა ხანი დაგვაცადონ, პრობლემა არ გვაქვს... ჯერ თბილისში შევხვდეთ, ცივილურად დავილაპარაკოთ. სანამ ბავშვები ასეთ მდგომარეობაში არიან, მე მართალი ვიქნები, არავინ მივაკარო... დალაგება მინდა სიტუაციის, ამიტომ ვარ აქ", - თქვა ეპისკოპოსმა იაკობმა.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

საქართველოში COVID-19-ის "ინდური შტამის" უკვე 18 შემთხვევაა დადასტურებული

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ საქართველოში კოვიდ-19-ის "ინდური შტამის" უკვე 18 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ძირითადად, ეს არის ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც ბრუნდებიან სხვა ქვეყნიდან... ის ახალგაზრდებში საკმაოდ მალე ვრცელდება", - თქვა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ახლა "ბრიტანული შტამია" გავრცელებული და იწყება "ინდური შტამის" ცირკულირება.

ამ ეტაპზე ქვეყანა „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მორიგი დოზის მოლოდინშია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ამ დასახელების 43 000 დოზა ვაქცინას 22 ივნისს შემოიტანენ საქართველოში და ის მეორე დოზით ასაცრელად გამოიყენება.

წაიკითხე მეტი.

სასამართლომ სახელმწიფოს 35 000 ლარის გადახდა დააკისრა ბავშვების სასარგებლოდ, რომლებიც დედას დააშორეს

სასამართლო მოგებულია - ბავშვებს, რომლებიც სიღარიბის გამო დედას ჩამოართვეს და მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს და რომლებიც ერთი წლის წინ, დედამ მაინც დაიბრუნა, სახელმწიფომ მორალური ზიანი უნდა აუნაზღაუროს და 35 000 ლარი გადაუხადოს.

მოსარჩელეები ამ საქმეში სწორედ ბავშვები იყვნენ. მათ უფლებებს იცავდა ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) და ადვოკატი ანა არგანაშვილი.

მას შემდეგ, რაც შარშან მინდობით აღზრდაში მყოფი ორი შვილი (ერთი, უმცროსი დედასთან დატოვეს) სასამართლოს გზით დედასთან დაბრუნდა, ბავშვებისვე თხოვნით, საქმე სასამართლოში მაინც გაგრძელდა. ბავშვები ითხოვდნენ, რომ მათი უფლებები ბოლომდე ყოფილიყო დაცული და სახელმწიფოს მათთვის მიყენებული მორალური ზიანიც აენაზღაურებინა.

წაიკითხე მეტი.

ერდოანმა აზერბაიჯანში ვიზიტისას მთიანი ყარაბაღი მოინახულა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა აზერბაიჯანში ვიზიტის ფარგლებში მოინახულა მთიანი ყარაბაღის ის ტერიტორიები, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადავიდა მას შემდეგ, რაც მათ სომხური ძალები აკონტროლებდნენ 30 წლის განმავლობაში.

ერდოანი ბრიუსელში ნატოს სამიტში მონაწილეობის შემდეგ ჩავიდა ბაქოში, საიდანაც გაემგზავრა ფიზულიში. ეს რაიონული ცენტრი პირველი მსხვილი დასახლებული პუნქტია, რომელიც შარშან შემოდგომაზე მიმდინარე ბრძოლებისას დაიკავეს აზერბაიჯანის ჯარებმა. ფიზულიში ერდოანსა და მის მეუღლეს დახვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ფიზულიდან ორი ლიდერი გაემგზავრა შუშაში, რომელიც მთიანი ყარაბაღის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და რომლის აღება ერთ-ერთი საკვანძო მომენტი იყო მთიანი ყარაბაღის ომში. იქ ერდოანს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს საპატიო ყარაულით.

16 ივნისს ერდოანი და ალიევი ბაქოში დაესწრებიან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩს თურქეთისა და უელსის ნაკრებ გუნდებს შორის.

წაიკითხე მეტი.

ვინ და რატომ გიმტკიცებთ, რომ ვარლამ გოლეთიანი დავით აღმაშენებელია?

„ვარლამ გოლეთიანი - გმირი ქართველი”, „რიონის ხეობის ახალგაზრდული მოძრაობა”, „ქართული გენი უკვდავია” - უკანასკნელი თვის მანძილზე ფეისბუკზე ათეულობით თემატური გვერდი და ჯგუფი გაჩნდა.

მას შემდეგ, რაც ვარლამ გოლეთიანი და რიონის ხეობის სხვა მცველები დედაქალაქიდან შინ დაბრუნდნენ, ფეისბუკმომხმარებლები მათ შესახებ ისევ აქტიურად წერენ პოსტებს.

ბევრი ეროვნულ გმირებს უწოდებს, თუმცა თავად ამ აღტაცებას არ იზიარებენ. მეტიც, რიონის ხეობის მცველების აზრით, ჯგუფები აზიანებენ მოძრაობას და ხელს უშლიან მისი მესიჯების გავრცელებას. ზოგი რომანტიზებისკენ რომაა მიდრეკილი, ეს ნაკლებად აწუხებთ. პრობლემად სხვა რამ მიაჩნიათ: ხშირად მსგავსი მხარდაჭერა ცრუა, პოსტების ავტორები კი ყალბი ანგარიშები არიან.

„მნიშვნელოვანია, თავი დავიცვათ ისეთი კამპანიებისგანაც, რომლებიც მიმართავენ ცრუ მხარდაჭერის მეთოდს. ამ მეთოდის ფარგლებში, შესაძლოა რომელიმე ჯგუფი ან გვერდი მოგეჩვენოთ მოძრაობისადმი კეთილგანწყობილი, თუმცა მათი მიზანი ხშირად ნეგატიური დამოკიდებულების შექმნა და საზოგადოებაზე ირიბი ზეგავლენის მოხდენაა”, - ნათქვამია მოძრაობის ოფიციალურ განცხადებაში.

როგორ მუშაობენ ჯგუფები, სადაც ხშირად მოიხსენიებენ ვარლამ გოლეთიანს გმირად და დავით აღმაშენებლადაც კი? რადიო თავისუფლების ჟურნალისტი სანდრო გვინდაძე რიონის ხეობაში აქციების პარალელურად სოციალურ ქსელებში განვითარებულ პროცესებს დააკვირდა. სტატია წაიკითხე აქ.

მსახიობი გაბრიელ (გაბო) მდინარაძე 94-ე წელში გადადგა. ოზურგეთის დრამატული თეატრის სცენაზე დღეს ის ისევ თამაშობს კოწია ფოსტალიონის როლს.

67 წელია უკვე, თეატრშია და ამბობს, თუ რამე გამაჩნია, ალბათ, ყველაფერი თეატრმა მომცა, გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ბევრს ვეღარ ვითამაშებო.

თეატრალური ინსტიტუტის იმ გამორჩეული ჯგუფიდან, რომელშიც გაბო მდინარაძესთან ერთად იყვნენ ოთარ მეღვინეთუხუცესი, ლია ელიავა, ნოდარ ჩაჩანიძე, ნოდარ მგალობლიშვილი, ირაკლი უჩანეიშვილი და სხვები, გაბო ბოლოა, ვინც სცენაზე დგას და ვისაც მაყურებელი ისევ მოუთმენლად ელის და ოვაციით ხვდება.

როცა სპექტაკლი არა აქვს, ოზურგეთიდან თავის მშობლიურ სოფელ ვაკიჯვარში მიდის და ძირითად დროს იქ ატარებს თავისი უზარმაზარი ეზოსა და ბაღ-ბოსტნის მოვლაში. იქ ჯერ კიდევ დგას მისი წინაპრების ხის სახლი. ეს არის ადგილი, სადაც ყოფნა დღეს გაბო მდინარაძეს ყველაფერს ურჩევნია. ახლა იქ არის მისი თეატრიც და ცხოვრებაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG