Accessibility links

site logo site logo

რას შესთავაზებს მედიატორი მხარეებს - რა არ უნდა გამოგრჩეს 30 მარტს


მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შევიდა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ოპოზიციასა და ხელისუფლებას კომპრომისულ გეგმას შესთავაზებს. ამის შესახებ მან გუშინ დღის ბოლოს, პარტიებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე ტექსტს დავდებ. მიზანი არის, რომ მდგრადი ჩარჩო იყოს გაკეთებული მომავლისთვის და ეს არის ნდობის აღდგენის გზა. ეს პასუხობს საჭიროებას, რომ გატარდეს სისტემური რეფორმა, რათა გაიზარდოს საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი. საბოლოოდ პარტიებზეა დამოკიდებული, აიღებენ თუ არა პასუხისმგებლობას ასეთი დოკუმენტის ხელმოსაწერად. ეს შესაძლებლობაა ლიდერებისთვის, რომ მათ აჩვენონ თავიანთი დემოკრატიული სიმწიფე“, - განაცხადა დანიელსონმა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა 29 მარტს, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგაც გაიმეორეს ბოლო პერიოდის მთავარი გზავნილი - ვადამდელი არჩევნები საქართველოში არ ჩატარდება. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შემდეგ, მმართველი პარტიის ეს პოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც გაიმეორა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, მთლიანად აირია ოპოზიციურ პარტიებთან კრისტიან დანიელსონის შეხვედრების გრაფიკი. მაგალითად, 7 საათისკენ გადაიწია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ 3 საათისთვის დანიშნული შეხვედრა და კიდევ უფრო გვიან დაინიშნა შეხვედრები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციონერებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, შარლ მიშელის გეგმის გარშემო თავიანთ პოზიციები კიდევ ერთხელ დაადასტურეს და პროცესი 30 მარტს გაგრძელდება. რჩება თუ არა დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნების საკითხი? წაიკითხე მეტი ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ნიკა მელიას სურვილის საწინააღმდეგოდ, პროკურატურას გირაოს გადახდის წერილით მიმართეს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს. მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის თქმით, ინიციატორი „ფსიქოლოგთა განვითარების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ბესიკ ბოგველია. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გორი-კასპის მაჟორიტარულ ოლქში „სახალხო პარტიის“ მაჟორიტარი კანდიდატი იყო.

„ბესიკ ბოგველმა, მისმა ორგანიზაციამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და გამოთქვა მზადყოფნა, გადაიხადოს ნიკა მელიას სასარგებლოდ გირაოს თანხა, 40 000 ლარი“, - თქვა ბრიფინგზე კონდახიშვილმა.

ადვოკატმა საზოგადოებას გააცნო ნიკა მელიას პოზიცია, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. მეტიც, დიდი ალბათობით, საქმე ეხება ხელისუფლების მიერ დადგმულ სპექტაკლს.

წაიკითხე მეტი.

"მკვდარს ვინ მიიღებდა?"... "რომ ყოფილიყო გვამი, ვიტყოდი გვამს"

28 წლის გარდაცვლილი მედდის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატების განცხადებებს, გამოხმაურებები მოჰყვა.

ადვოკატების თქმით, რომლებიც, მათი მტკიცებით, კლინიკა "იმედის" მედპერსონალის განცხადებებსა და მეგი ბაქრაძის ტელეფონში არსებულ "სამსახურებრივ ჩატში" აღმოჩენილ მიმოწერებს ეყრდნობიან, 18 მარტს, ექთანი, ახალციხიდან თბილისში, "პრაქტიკულად გარდაცვლილი" გადმოიყვანეს.

გავრცელებულ ინფორმაციას თბილისში ტრანსპორტირების დროს მეგი ბაქრაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი. მან ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ექთანი ახალციხიდან გადმოყვანისას იყო „პრაქტიკულად გარდაცვლილი“, მტკნარი სიცრუე უწოდა.

ადვოკატებმა ასევე თქვეს, რომ ფორმა 100-ში დაფიქსირებული აცრის დრო მცდარია. მათი მტკიცებით, რომლებიც ეყრდნობა ადგილობრივი ჟურნალისტების ხმის ჩამწერ მოწყობილობაში არსებულ ჩანაწერების დროის პარამეტრებსა და ასევე, ამცრელ კაბინეტში, კედლის საათზე დაფიქსირებულ დროს, მეგი ბაქრაძეს ვაქცინაცია ჩაუტარდა 18 მარტს, დაახლოებით 12:12 წუთზე, მაშინ, როდესაც ფორმა 100-ში ვაქცინაციის დროდ მითითებულია 12:30 საათი.

გიორგი ბარძიმაძე, კლინიკა "იმედის" აღმასრულებელი დირექტორი, სამედიცინო დოკუმენტში ასახულ ვაქცინაციის დროსა და ადვოკატების მიერ აღწერილ მოცემულობაზე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ "ყველაფერს გამოძიება დაადგენს".

წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა იწყება

დღეიდან საქართველოში იწყება Pfizer-ის COVID-საწინააღმდეგო ვაქცინით მოქალაქეების აცრა. ამჟამად ქვეყანაში ამ დასახელების ვაქცინის 29 500 დოზაა.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ, ვაქცინაციისთვის დარეგისტრირება 25 მარტიდან დაიწყეს 65 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეებმაც. ამ დროისთვის Pfizer-ის ვაქცინაზე ადგილები სრულად შევსებულია.

გაცილებით ნაკლებია მოთხოვნა AstraZeneca-ს ვაქცინაზე. დაფიქსირდა დაბალი მოთხოვნის რამდენიმე შემთხვევა, როცა ვერ მოხერხდა ერთ ფლაკონში არსებული აცრის ათივე დოზის საჭირო დროში (6 საათში) გამოყენება. გაუხარჯავი ვაქცინები უნდა გადაიღვაროს.

ამის გამო ვაქცინაციის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფი ითხოვს, რომ შეიქმნას სათადარიგო ჯავშნების სია მათთვის, ვინც მზადაა, დღის ბოლოს სწრაფად გამოცხადდნენ აცრების ცენტრებში და აიცრან გამოუყენებლად დარჩენილი, გადასაღვრელად განკუთვნილი ვაქცინით.

წაიკითხე მეტი.

307 ათასი მსესხებელი, 27.8%-იანი წლიური განაკვეთი, 18.4 მლნ მოგება - ლომბარდები 2020 წელს

2020 წელს საქართველოში 193-მა სალომბარდო დაწესებულებამ გასცა 323 მილიონამდე ლარის სესხი, საშუალოწლიურ 27.8%-ში, 307 ათას მსესხებელზე და მიიღო 18.4 მლნ ლარის მოგება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა (36%), ხოლო ყველაზე დაბალი - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (22.3%).

ყველაზე მეტი მსესხებელი თბილისზე მოდის, მეორე ადგილზეა აჭარა. გასულ წლებთან შედარებით, შემცირებულია როგორც მსესხებელთა რიცხვი, ასევე, საშუალო საპროცენტო განაკვეთი.

2013 წელს საპროცენტო განაკვეთი 54,1% იყო, 2020 წელს კი - 27,8%.

წაიკითხე მეტი.

არ ენდოთ საკუთარი ფეისბუკის კედელს - რას ამბობს კვლევა, რომელმაც ათასობით ქართული პოსტი შეისწავლა

საქართველოში აუდიტორია ინფორმაციას პასიურად იღებს - უმეტესად, ტელევიზიიდან და ნაცნობებისგან. ფეისბუკი ბევრისთვის ინტერნეტის ტოლფასია - ეს და სხვა მიგნებები წარადგინა ინტერნიუსის გუნდმა უახლეს კვლევაში საინფორმაციო ეკოსისტემის შესახებ. ინტერნიუსის ექსპერტები, რომლებმაც 12 000-ზე მეტი პოსტი შეაფასეს სოციალურ ქსელში, გვიხსნიან, თუ რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს მზა, ალგორითმის მოწოდებული ინფორმაციის მოხმარება და როგორ შეგვიძლია თავის დაზღვევა ყალბი ამბებისგან.

რას ნიშნავს ინფორმაციის პასიური მიღება

ინფორმაციას მიზანმიმართულად ეძებთ ინტერნეტში, თუ იმას კითხულობთ, რაც კედელზე გხვდებათ? თქვენთვის საინტერესო საინფორმაციო საშუალებები გაქვთ მოწონებული ან გამოწერილი, თუ გაუაზრებლად მიჰყვებით იმ წყაროებს, რომლებიც ოდესღაც შემთხვევით აღმოჩნდა თქვენს სივრცეში?

გამოკითხულთა უმეტესობამ თქვა, რომ კითხულობს იმას, რასაც შემთხვევით აწყდება. „პასიური მოხმარებაც ეს არის - თქვენ მაგივრად არჩევანს ალგორითმი აკეთებს, მას კი ის პოსტები მიაჩნია “საინტერესოდ”, სადაც მომხმარებელთა ჩართულობა უფრო მაღალია.
„ალგორითმი “აჯილდოებს” იმ კონტენტს, რომელსაც მეტი კომენტარი და მოწონება აქვს. როდესაც რაიმე კონტენტს, მაგალითად, ბოტები შეესევიან და ცდილობენ ის წარმოადგინონ, როგორც გამოსაყენებლად მიზანშეწონილი, ისინი ალგორითმს [ატყუებენ] და, შესაბამისად, ტყუვდებიან ადამიანებიც“.

წაიკითხე მეტი თამუნა ჩქარეულის სტატიაში.

გამოაცხადეს, აპრილიდან საქართველოში „სინოფარმის“ ვაქცინა შემოვაო. უნდა გაგვიხარდეს თუ გვეწყინოს?

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG