Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოდესის სევდიანი ამბავი


მარტის დამდეგს დიპლომატების, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ჯგუფი ქალაქ ოდესაში შეიკრიბა, რათა ეთათბირათ რთულ ვითარებაზე შავი ზღვის გარშემო.

მონაწილეთათვის ცხადი იყო ორი პრობლემა: ერთი მხრივ, რომ რუსეთი არის ერთ-ერთი უმთავრესი წინაღობა, რომელიც ხელს უშლის რეგიონში მშვიდობასა და კეთილდღეობას; და, მეორე მხრივ, რომ დღემდე ძალიან დიდია სხვაობა საქართველოსა და უკრაინის მსგავსი ქვეყნების მოლოდინებსა და იმ რეალობას შორის, რომლის შეთავაზებაც შეუძლიათ მათთვის მათ დასავლელ მოკავშირეებს.

ბევრი თვალსაზრისით, ეს ოდესის ძალზე სევდიანი შეხვედრა იყო.

ქართველი და უკრაინელი მონაწილეებისთვის ცხადი იყო მათი საბოლოო სურვილები: რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანება ნატოში; ამის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანება; რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი სანქციის დაწესება, რათა აიძულონ მოსკოვი, დაემორჩილოს საერთაშორისო სამართალს და შეწყვიტოს ისეთი პროექტები, როგორიცაა მილსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, რომელსაც გერმანია უჭერს მხარს.

იყო უფრო ამბიციური პროექტებიც, მაგალითად, თურქეთის იძულება, რომ რუსეთის გემებს ჩაუკეტოს ბოსფორის სრუტე ან უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ პავლო კლიმკინის იდეა შავი ზღვის 24-საათიანი მონიტორინგის თაობაზე, რომელიც შესაძლებელს გახდიდა კოსმოსიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან იმის შემოწმებას, თუ რა ხდება ზღვაში.

დასავლელ მონაწილეებს საკმაოდ შეშფოთებული რეაქცია ჰქონდათ ასეთ თემებზე.

საქმე ისაა, რომ ევროკავშირმა აქტივები უნდა გაუყინოს და სავიზო შეზღუდვები დაუწესოს რუსეთის რვა მოქალაქეს, რომლებიც პასუხისმგებელი იყვნენ უკრაინის 24 სამხედრო მოსამსახურის დაკავებისთვის გასული წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის შემდეგ. ამ ნაბიჯს ალბათ მისდევს ამერიკის შეერთებული შტატებიც, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამან აიძულოს მოსკოვი, გაათავისუფლოს უკრაინელი მეზღვაურები. სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე, ჯორჯ კენტი გამომიტყდა, რომ დასავლეთის სანქციების პრესი ჯერჯერობით არასაკმარისად ძლიერია კრემლის დასარწმუნებლად, რომ მისი ასეთი ქცევა „არაა მოგებაზე გათვლილი“. მისი თქმით, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც საუბრობენ რუსეთისთვის საზღვაო სექტორული სანქციების დაწესებაზე ისევე, როგორც ეს საფინანსო, ენერგეტიკისა და თავდაცვის სექტორებში ხდება, მაგრამ იდეას, რომ დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს რუსეთის პორტები შავ და აზოვის ზღვებში და ის კომპანიები, რომლებსაც ამ პორტებში ჩააქვთ ტვირთი, არც ისეთი ენთუზიაზმით უყურებენ ბევრ ევროპულ დედაქალაქში.

მე ვკითხე კლიმკინს, როდის მოელის უკრაინელი მეზღვაურების შინ დაბრუნებას. მისი თქმით, კრემლი მათ ექცევა „როგორც ერთგვარ საქონელს ბაზარზე [ურაინის] საპრეზიდენტო არჩევნების წინ“, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

სამხედრო ვითარება კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას იწვევს. აშშ-ის სამხედრო ფლოტის საესკადრო ნაღმოსანმა „დონალდ კუკმა“ თებერვლის ბოლოს დატოვა ოდესის პორტი დაგეგმილი ვიზიტის შემდეგ, რომლის დროსაც თურქეთის საზღვაო ძალებთან ერთად ჩაატარა წვრთნა საზღვაო ურთიერთქმედებაში. გასულ წელს ოდესას ესტუმრა აშშ-ის ოთხი სამხედრო გემი და აშშ უკრაინას გადასცემს სანაპირო დაცვის ორ 110-ფუტიან კატარღას (მას შემდეგ, რაც მან გასულ წელს ერთი წყვილი გადასცა საქართველოს). მაგრამ ეს არის და ეს.

შეკითხვაზე, ვიხილავთ თუ არა შავი ზღვის რეგიონთან ახლოს ნატოს „ერთობლივი სამკაპის“ ტიპის სამხედრო წვრთნას, რომელიც შარშან ნორვეგიაში ჩატარდა ნატოს 50 000 ჯარისკაცის მონაწილეობით, პასუხი უარყოფითი იყო.

მაშინ, როცა ბალტიის ზღვაში სამხედრო ალიანსის სტრატეგია მოიცავს სამ ბატალიონს ბალტიის სამ ქვეყანასა და პოლონეთში, აღმოჩნდა, რომ არ არსებობს მსგავსი მასშტაბის სტრატეგია შავ ზღვაში. ერთ-ერთი პასუხი, რომელიც იქნა შემოთავაზებული, იყო ის, რომ შავი ზღვის გარშემო ვითარება „უფრო რთულია“ და რომ ნატოს სამი წევრი - ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი „ერთნაირად არ აღიქვამს შესაძლო საფრთხეს“.

თურქეთის ოფიციალურმა პირებმა მითხრეს, რომ უკრაინის მიმართ სოლიდარული არიან ყირიმის საკითხში, მაგრამ არ სურთ რეგიონში დაძაბულობის გაძლიერება. როგორც ნატოს ერთ-ერთ საკვანძო მნიშვნელობის წევრს, თურქეთს შეუძლია შეისყიდოს აშშ-ის F-35 სამხედრო თვითმფრინავები და რუსეთის S-400 ანტისაჰაერო სისტემები, რათა ჩამოაგდოს ისინი, თუკი ასე მოისურვებს.

საქმე გვაქვს ძალზე დასანან ამბავთან იმაზე, თუ ვის ხელშია ძალაუფლება შავ ზღვაში და მომავალში რის წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG