Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სად არის ვაქცინა?" - რა არ უნდა გამოგრჩეს 4 მარტს


COVID ვაქცინაცია - პროტესტი მთავრობის ადმინისტრაციასთან და მთავარი კითხვა პასუხის გარეშე

„სად არის ვაქცინა?“ - ეს იყო მთავარი შეკითხვა, რომელიც მდუმარე აქციის მონაწილეებმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციასთან დასვეს. აქცია ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებმა, აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა გამართეს.

ჯანდაცვის ექსპერტმა, „ლელოს“ წევრმა ვატო სურგულაძე აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. მისი თქმით, ვაქცინის შემოსატანად მთავრობის მცდელობები არასაკმარისი იყო.

„არ იმუშავეს, არ იყო ის მოწოდება და მუშაობის ტემპი, სურვილი და პოლიტიკური ნება, რომ ეს გაგვეკეთებინა. არ ვიცი, ეს რატომ ხდება, არ მინდა შეთქმულების თეორიები, მაგრამ ფაქტია, არ ვიმუშავეთ. ამაზე ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი“, - უთხრა ვატო სურგულაძემ „ინტერპრესნიუსს“.

საქართველოში ვაქცინის შემოტანის თარიღმა თებერვლის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე გადაიწია. 2 მარტს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განმარტა, რომ ამის მიზეზი „პფაიზერის“ მიერ წაყენებული დამატებითი პირობა გახდა, რომელიც დაზუსტდება სამმხრივი სატელეფონო საუბრისას.

ამ თემაზე ასევე ნახე:

ოპოზიცია, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში, აქციების ჩატარების გეგმებს ცვლის

ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც ხელისუფლებასთან მოლაპარაკების პროცესში არიან და, ამავდროულად, ჯერ არ შესულან პარლამენტში, აქციებთან დაკავშირებით არსებულ გეგმებს ცვლიან. ამით ოპოზიცია შეეცდება ხელისუფლებას არ მისცეს საბაბი, უარი თქვას მოლაპარაკებებზე.

წინა გეგმის მიხედვით ოპოზიციას ერთ-ერთი აქცია 13 მარტს ჰქონდა დაგეგმილი. ვინაიდან მოლაპარაკებების ვადად 16 მარტია განსაზღვრული, აქციამ დროში გადაიწია და ის 20 მარტს გაიმართება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, დღეს 1 საათზე აღარ გაიმართება მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტი. ნაცვლად ამისა ოპოზიცია ავტომსვლელობით რუსთავის ციხისკენ გაემართება, სადაც ენმ-ის ლიდერი ნიკა მელია იმყოფება.

ვრცლად ოპოზიციის გეგმებს გაეცანი აქ.

საქართველო "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიშში ისევ უკუსვლას აჩვენებს

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, „ფრიდომ ჰაუსმა“ გამოაქვეყნა ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2021“, რომელიც ასახავს მსოფლიოს 195 ქვეყანაში პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლების მხრივ არსებულ ვითარებას.

საქართველო ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნად რჩება და 100-იდან 60 ქულა აქვს. ბოლო წლებია ქვეყნის რეიტინგი უარესდება. 2017 და 2018 წლებში საქართველოს 64 ქულა ჰქონდა, 2019-ში 63 და 2020 წელს 61. მაღალი ქულა, ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის მიხედვით, უკეთესი ვითარების ამსახველია.

2021 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში პოლიტიკური უფლებები 40-იდან 23 ქულითაა შეფასებული, ხოლო სამოქალაქო თავისუფლებები - 60-იდან 37-ით.

წაიკითხე მეტი.

ნავალნიმ მოსკოვიდან ეტაპირების შემდეგ პირველი შეტყობინება გამოგზავნა, ის ვლადიმირის მხარეშია იზოლატორში

ალექსეი ნავალნიმ მოსკოვიდან ეტაპირების შემდეგ გამოგზავნა პირველი შეტყობინება, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა პოლიტიკოსის ინსტაგრამ გვერდზე.

შეტყობინების თანახმად, იგი იმყოფება საგამოძიებო იზოლატორში ვლადიმირის მხარეში და, როგორც ნავალნის შტაბი იტყობინება, იქ დარჩება მინიმუმ მანამდე, სანამ შეიტანენ აპელაციას დიდი სამამულო ომის ვეტერანის, იგნატ არტემენკოს მიმართ ცილისწამების საქმეზე. ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს 850 ათასი რუბლი ჯარიმა დააკისრა.

ნავალნი საგამოძიებო იზოლატორიდან იტყობინება, რომ მასთან ყველაფერი რიგზეა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ იღებს წერილებს და გარე სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე ცოტა იცის.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„დედები ნერვიული აშლილობის ზღვარზე“ - როგორია ცხოვრება, როცა ქალი ხარ და პანდემიაა

“ერთი და იგივე დღე ვიცხოვრე რამდენიმე თვის განმავლობაში. ცალკე იზოლაცია, ცალკე მუდმივი პასუხისმგებლობის გრძნობა, ცალკე, ეს წყეული სინდისის ქენჯნა, რომ კიდევ მეტია საჭირო, კიდევ მეტი შეგიძლია, საკმარისს არ აძლევ, საკმარისს ვერ აკეთებ”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნათიამ, სამი მცირეწლოვანი შვილის დედამ, როცა ვთხოვეთ, რამდენიმე წინადადებით გადმოეცა თავისი პანდემიური გამოცდილება.

ეს განცდები ნაცნობია ათასობით ქალისთვის, რომლებმაც მთელი წელი სახლში ჩაკეტილებმა შვილებთან ერთად გაატარეს, გაორმაგებული დატვირთვით, რადგან პანდემიამ წაშალა ზღვარი სახლისა და სამსახურის საქმეებს შორის.

ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ჯერ კიდევ პანდემიამდე ამბობდნენ, რომ ქალის ტვირთი ოჯახში გაცილებით დიდია, ვიდრე კაცის - პანდემიამ ეს უთანასწორობა მხოლოდ გააღრმავა.

საქმეების, მოვალეობებისა და ემოციური გამოცდების პირისპირ დარჩენილი ქალების ნაამბობი წაიკითხე ნასტასია არაბულის სტატიაში.

XS
SM
MD
LG