Accessibility links

site logo site logo

ტრანსგენდერი ქალები ქუჩაში დარჩენის შიშით: „კარავს გავშლი. თუ დამიჭერენ, ქირაზე მაინც არ ვიფიქრებ"


დღეს არც ერთი მათგანი არ მუშაობს.

ერთადერთი, რისი კეთებაც საქართველოში ტრანსგენდერი ქალების 90%-ს შეუძლია, სექსმუშაკის სამსახურია. თითქმის ყველა ცხოვრობს ქირით. ყველა თავისი ნებით ან იძულებით არის წამოსული საკუთარი ოჯახიდან.

ისინი ცხოვრობდნენ ყოველდღიურად ნაშოვნი ფულით. დღეს - მათ აღარც დანაზოგი აქვთ, არც ახალი შემოსავალი. ერთადერთი იმედი მათ მიმართ სოლიდარულად განწყობილი ხალხი და მათივე მეგობრებია. მაგრამ ყველას დახმარების რესურსი იწურება. ისინი კი ყოველდღე უახლოვდებიან ქუჩაში დარჩენის რეალურ საფრთხეს.

ნასტია (კუზანოვა)

საგანგებო მდგომარეობამდე ერთი კვირით ადრე გავჩერდით. ვიცოდით, რომ ასე გაგრძელება ძალიან სახიფათო იყო. თავი დავიზღვიეთ და მუშაობაზე უარი ვთქვით. ისიც ვიცოდით, რაც გველოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. ძალიან გაგვიჭირდა. ზოგს გაზი არ ჰქონდა, ზოგს საჭმელი გამოელია, ზოგს დენი კინაღამ გაუთიშეს.

მაინც იმედი მქონდა, რომ რომელიმე მოწყვლად ჯგუფში მაინც მოვხვდებოდით. სახელმწიფო ხომ ეხმარება ასეთებს. არა. არსად ჩვენი ადგილი არ აღმოჩნდა. მერე ვფიქრობდი, რომ კომუნალური გადასახადების შეღავათების პროგრამაში მაინც მოვხვდებოდი. შვიდი ლარით მეტი მქონდა დახარჯული დადგენილზე და ამიტომ მაინც გადავიხადე ის 97 ლარი. ეგეც ჩემმა მეგობრებმა შემიგროვეს. ახლაც ასე ვართ, იმის იმედად, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ და არ მიგვატოვებენ.

ბევრს ვფიქრობ. არ მესმის, ასეთ რთულ მომენტში, როცა სახელმწიფო გვეუბნება, რომ სახლში დავრჩეთ, როცა ჩვენ და ათასობით ადამიანი ამ წესს დაემორჩილა და მართლა უკანასკნელი სახსრების გარეშე დარჩა, საპატრიარქომ რატომ არ მოუწოდა ხალხს სახლში დარჩენილიყო? სხვები რატომ დადიან გარეთ? რატომ იკრიბებიან? ძალიან ვბრაზდები ამაზე.

წინა თვეში ბინის ქირაც სხვების შეგროვილი ფულით გადავიხადეთ. მაგრამ დროც ისე სწრაფად გადის. შემდეგ თვეში რა იქნება? აღარავის ფული არა აქვს. რამდენიმე ჩვენიანი ახლაც ქუჩაშია, რადგან სერიოზული პრობლემები აქვს. ჩვენც იგივე გველის.

რა იქნებოდა, სახელმწიფოს თუნდაც ერთჯერადად, საკვები მაინც მოეტანათ ჩვენთვის.

აქამდეც ხომ იზოლაციაში ვიყავით. და ახლა ორმაგად. გუშინ დავწერე, რომ მარტო კორონა არ კლავს. კლავს ჩვენს მიმართ საშინელი დამოკიდებულებაც. ცოტა მეტი სითბო და მხარდაჭერა გვინდა. ჩვენც ხომ ამ საზოგადოების ნაწილი ვართ? ხომ ვართ ადამიანები? გვტკივა. გვიხარია. გვშია და გვწყურია თქვენნაირად. ამ რთულ მომენტში იქნებ არ ღირდეს ასე გარიყვა ადამიანების. იქნებ გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს.

ანა (კოვალენკო)

რამდენჯერმე, რაც სახლში ვზივარ, უმუშევარი, უფულო და ყოველგვარი სახსრების გარეშე, თავში ათასი სულელური აზრი მომივიდა. საერთოდ რატომ ვარ? რა აზრი აქვს?

მაგრამ ვზივარ სახლში და ვემორჩილები საყოველთაო წესებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ვმუშაობ. ჩემი დანაზოგი ნახევარი თვე მეყო. არ ვმუშაობ ყოველდღე - ეს იმას ნიშნავს, რომ იმ დღეს ვერ ვიყიდი პურს, ყავას, სიგარეტს, საჭმელს. ვერაფერს.

რატომ არის ვიღაცისთვის წესი წესი და ვიღაც ამას ასე თავხედურად არღვევს? რატომ უწყობს ხელს ამას ეკლესია? ხალხი გარეთ დარბის, როგორც უნდა და ჩვენ, კანონმორჩილი ხალხი, ნახევრად მშივრები ვსხედვართ სახლში. რატომ არ ესმით, რომ თუ ხალხი ერთმანეთს არ გავუფრთხილდებით, ეს პანდემია არავის დაინდობს?

რა ვქნა. მშობლების სახლიდან წამოსული ვარ - იქ არ მიმესვლება. შეიძლება ერთი დღით ჩემს დასთან მივიდე, მაგრამ იქაც არ არის ჩემი ადგილი. ხვალ ამ ბინიდან რომ წასვლა მომიწიოს, სად უნდა ვიყო? არ ვიცი. იმდენი კითხვა მიტრიალებს თავში. ხან ვფიქრობ, აი, სახელმწიფო. მთავრობა. მაგრამ მერე მახსენდება, ისინი არასოდეს მდგარან ჩვენს მხარეს. საპატრიარქო კი ტაბურეტკებით დაგვდევდა.

რა მოგვივიდოდა, რომ არა ჩვენი მეგობრები? არ ვიცი. არადა, ბევრი არაფერი გვინდა. დილით ყავა მაინც რომ დავლიოთ, რომ დღე გადავაგოროთ.

გაბრიელა

თუთუნზე გადავედი ამ გაჭირვების ფონზე. დაიცა, შევახვევ.

რა მექნა. სხვა გზა არ არის. გზა არ ჩანს, რა უნდა ვქნათ ტრანსმა გოგოებმა, ვინც სექსმუშაკებად ვმუშაობდით. ალბათ, ამ თვის ბოლოს სახლიც უნდა დავცალო. უფრო სწორედ, ჩემი ერთი ოთახი იტალიურ ეზოში.

ამ თვის ქირა სხვების შემოწირულობით გადავიხადე. მაგრამ ხვალ ყველაფერი ბუნდოვანია. ისეთი შეგრძნებაა, რომ ათმაგ იზოლაციაში ვარ. ისედაც ხომ ასე ვიყავით, დამალულები. ახლა საერთოდ.

რას ვიზამ? იმაზე ვფიქრობ, რომ თუ უსახლკაროდ დავრჩი, წავალ და მერიის წინ კარავს გავშლი.

აბა, რა ვქნა? სად წავიდე? მე სახლში არ მიმესვლება, 12 წლის წინ გამომაგდეს ჩემებმა. თუ დამიჭერენ, დამიჭირონ. ქირა მაინც არ მექნება გადასახდელი და საჭმელი საზრუნავი, ვიჯდები ციხეში.

ხვალ, ალბათ, გაზიც გაითიშება, მერე დენი. გუშინ ჩემმა „ხაზეიკამ“ მომაწოდა თეფშით საჭმელი. მაგრამ როდემდე იქნება ასე. მასაც თავისი საზრუნავი აქვს. მეც მრცხვენია.

იმაზე ვფიქრობ, ქუჩაში რომ დავრჩები, არც ინტერნეტი მექნება, არც შუქი, არც სითბო, არც საჭმელი. არც ოჯახია. არც ნათესავები. მარტო მეგობრები და ისინიც ჩემს დღეში.

როცა ვმუშაობდით, მაშინაც კი გვიჭირდა, როგორ არა. მაგრამ ახლა, უბრალოდ სასოწარკვეთას ვგრძნობ. მანქანებიც აკრძალეს. ვინმეს ერთი ლუკმის მოწოდება რომ უნდოდეს, ეგეც შეუძლებელია. ახლა მაინც, რატომ არ ვახსენდებით სახელმწიფოს? რატომ არ გვამჩნევს? რატომ არ მოგვიკითხავს? ჩვენც ხომ აქ გავჩნდით?

***

ნიკოლო ბარტ ღვინიაშვილმა, რომელიც თავად ტრანსგენდერი კაცია და თემის წევრებს როგორც შეეძლო ეხმარებოდა ბოლო დღეებში, ახლა აღარ იცის როგორ მიაწოდოს მათ საკვები ან რაიმე აუცილებელი საჭიროების ნივთი. თავისი მანქანით გადაადგილებაც აღარ შეუძლია. გოგონები კი მთელ ქალაქში არიან გაბნეულები - ზოგი სად ქირაობს ბინას და ზოგი სად.

„საზოგადოებას თავად გაუჭირდა. ისედაც უამრავი ადამიანი დარჩა უსამსახუროდ, ვის რა ვთხოვოთ? ამიტომ მგონია, რომ ამ ადამიანებზე ზრუნვა სახელმწიფოს პირდაპირი ვალდებულებაა. იქნებ ამჯერად მაინც, გადადოს გვერდზე ჩვენს მიმართ არსებული მჩაგვრელი პოლიტიკა და დაეხმაროს ამ ადამიანებს. პირველ რიგში, კი ტრანს გოგოებს, რომლებიც ხვალ ქუჩაში აღმოჩნდებიან“.

ბარტს წინ 55 ტრანსგენდერი ადამიანისგან შემდგარი სია უდევს. ყველა მათგანი ქუჩაში, უსახლკაროდ დარჩენის შიშით ათენებს.

დაწერეთ კომენტარი

სხვა მასალები

XS
SM
MD
LG