ვითარება უკრაინაში და მზარდი შიში ომის დაწყების საფრთხის გამო
უკრაინის ცა ღიაა, - ასე გამოეხმაურა გუშინ ვოლოდიმირ ზელენსკის აპარატი ავიაკომპანიების გადაწყვეტილებას, რომ უკრაინის გავლით ფრენისგან თავი შეიკავონ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ კირილ ტიმოშენკომ Facebook-ზე დაწერა, რომ საჰაერო სივრცის ღიად დატოვების გადაწყვეტილება არის მიღებული იმ ფაქტებისა და ვარაუდების საფუძველზე, რომლებიც მათ ხელთ აქვთ.
ავიაკომპანიებს სადაზღვევო კომპანიებთან შექმნილი პრობლემების გამო მოუხდათ მარშრუტის ცვლილება.
ასევე რამდენიმე ქვეყანამ თავის მოქალაქეებსაც ურჩია უკრაინის დატოვება. მათ შორისაა, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, იტალია, ავსტრალია, ქუვეითი და სხვა.
აშშ-მ კიევში, ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ნაწილის ევაკუაციის გადაწყვეტილებაც მიიღო. როგორც თავის ბოლო შეფასებაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თქვა, რუსეთისგან მომდინარე საფრთხე „საკმაოდ მოახლოებულია“.
ამ საფრთხეების ფონზე ისევ უშედეგოა დასავლეთის ყოველი პირისპირ თუ სატელეფონო საუბარი მოსკოვთან. გუშინ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ბაიდენ-ზელენსკის სატელეფონო საუბარი შედგა.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ამ თემაზე ასევე ნახე:
- პრეზიდენტი ბაიდენი ზელენსკის რუსეთის აგრესიაზე სწრაფ რეაქციას დაჰპირდა
- ჯეიკ სალივანი: აშშ სადაზვერვო მონაცემებს აქვეყნებს, რათა შეაჩეროს ომის დაწყება
- Conflict Intelligence Team-ი უკრაინის საზღვართან რუსეთის სატანკო არმიის გადასროლას იუწყება
- ირაკლი კობახიძე: "უკრაინაში ვიზიტს არ ვაპირებ"
- აშშ-დან და ლიეტუვიდან უკრაინაში საბრძოლო აღჭურვილობა ჩაიტანეს
საქართველოში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
საქართველოში, თბილისის დროით 22:25 საათზე 6,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ეპიცენტრი სომხეთის საზღვრის სიახლოვეს სოფელ სამებასთან იყო. სომხური მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა იგრძნობოდა ერევანშიც.
სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ინფორმაციით, ძლიერ ბიძგებს მოჰყვა შედარებით სუსტი აფთერშოკებიც.
სამცხე-ჯავახეთი, იქ სადაც სოფელი სამება მდებარეობს, საქართველოში სეისმურად აქტიური ერთ-ერთი ზონაა. მხოლოდ გასული წლის ივლისში სამება 10 მიწისძვრის ეპიცენტრი გახდა. როგორც სპეციალისტებმა მაშინ რადიო თავისუფლებას განუმარტეს, ამგვარი აქტიურობა ასეთ ზონებში რაიმე განსაკუთრებულის მიმანიშნებელი არ არის.
მორიგი ცდა 5-6 ივლისის მოვლენებზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად
„რეფორმების ჯგუფი“ პარლამენტს მიმართავს მოთხოვნით, რომ შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის 2021 წლის 5-6 ივლისს მომხდარi ძალადობის ფაქტებს. პარლამენტს დადგენილების პროექტი დღეს, 14 თებერვალს წარედგინება.
„რეფორმების ჯგუფს“ ეს ინიციატივა აგვისტოშიც ჰქონდა წარდგენილი, თუმცა საკითხი დღის წესრიგში აღარ შეიტანეს. მაშინ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტის რეჟიმში ყოფნის გამო, სხდომაზე საკითხის გასატანად საჭირო 50 ხმის მობილიზება გაჭირდა.
პროექტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს ამ ორი დღის განმავლობაში განვითარებული მოვლენები: მოქალაქეების კონსტიტუციურად გათვალისწინებული უფლებების დარღვევა, მედიის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებზე ძალადობა, თავდასხმები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებზე. შესასწავლ საკითხთა ჩამონათვალშია ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების ქმედებების შესაძლო კავშირი რუსეთის ფედერაციასთან.
თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალი ამბების სექციაში.
ვიქტორ ორბანმა პირველად გააკეთა მინიშნება უნგრეთის ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პირველად მიანიშნა, რომ უნგრეთმა შესაძლოა დატოვოს ევროკავშირი, რომელიც, ვიქტორ ორბანის თქმით, „წმინდა ომს, ჯიჰადს“ ეწევა „კანონის უზენაესობის“ სახელით.
12 თებერვალს მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა „ტოლერანტობა“ უნდა გამოავლინოს უნგრეთის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აზრით, შეუძლებელი გახდება ერთ გზაზე სვლის გაგრძელება.
რამდენიმე დღეში ლუქსემბურგში მდებარე ევროპის სასამართლომ (ECJ) უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონის უზენაესობის ახალი მექანიზმის შესახებ. ამ სქემის თანახმად, ქვეყნებმა, რომლებიც დაარღვევენ კანონის უზენაესობას, შესაძლოა დაკარგონ ევროკავშირის საერთო ბიუჯეტიდან მათთვის განკუთვნილი თანხები. უნგრეთმა და პოლონეთმა საჩივარი შეიტანეს 2020 წელს მიღებული ამ მექანიზმის წინააღმდეგ. ევროკავშირის სასამართლო თავის ვერდიქტს ამ საჩივარზე ოთხშაბათს გამოიტანს.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი კვირას მეორედ აირჩიეს გერმანიის პრეზიდენტად. 66 წლის პოლიტიკოსს მხარი დაუჭირა ფედერალური კრების უმრავლესობამ, რომელშიც შედიან როგორ ბუნდესტაგის, ისე ფედერალური მიწების წარმომადგენლები.
რეზიდენტის პოსტზე კენჭს იყრიდა 4 კანდიდატი. მოქმედ პრეზიდენტს მხარს "სოციალ-დემოკრატები", "მწვანეები" და "ქრისტიან-დემოკრატები" უჭერდნენ, რის გამოც შტაინმაიერის მეორე ვადით არჩევა ეჭვს იმთავითვე არ იწვევდა.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს 2005–2009 და 2013–2017 ეკავა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, 2017 წელს კი გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.
"ეს არის დასჯა" - მეცნიერები კვლევის უფლების გარეშე რჩებიან
„შეურაცხყოფილები ვართ”, - ასე იწყებენ საუბარს ეროვნული მუზეუმის ის მეცნიერ-თანამშრომლები, რომელთა კვლევითმა პროექტებმაც რუსთაველის ეროვნული ფონდის კონკურსში 1 თვის წინ გაიმარჯვა.
საქმე ისაა, რომ ეროვნული მუზეუმის დირექტორატის ერთ-ერთმა წევრმა, ნიკა ახალბედაშვილმა 9 თებერვალს წერილით მიმართა რუსთაველის ფონდს და სთხოვა, არ მისცენ გრანტები გამარჯვებულებს. ის ამბობს, რომ მეცნიერებს დაფინანსების მოპოვება მის „ზურგს უკან” უნდათ.
თუკი ფონდი მისთვის წაყენებულ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ჯამში 130-მდე მეცნიერი დაფინანსების გარეშე დარჩება და მათი კვლევებიც შეჩერდება.
„ეს არის უპრეცედენტო თავდასხმა ქართულ მეცნიერებაზე, აკადემიურ თავისუფლებაზე, რომელიც ისეთივე მონაპოვარი და ისეთივე დასაცავი ფასეულობაა, როგორც სიტყვის თავისუფლება“, - უთხრა ჟურნალისტებს 11 თებერვალს ეროვნული გალერეის და ხელოვნების მუზეუმის ყოფილმა მმართველმა, ეკა კიკნაძემ. ეკა კონკურსში გამარჯვებული ერთ-ერთი მეცნიერია. ამ კონკურსისთვის მზადება მუზეუმის თანამშრომლებმა 2021 წლის დასაწყისში დაიწყეს, საკონკურსო პროექტები კი მარტში აარჩიეს. იმ დროს, როცა კონკურსის შედეგები გამოცხადდა, ანუ 2022 წლის 28 იანვარს, ეკაც და მისი გუნდის წევრებიც უკვე აღარ იყვნენ ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლები. ფორმალურად ისინი სამსახურიდან რეორგანიზაციის პროცესში დაითხოვეს, თუმცა თავად თვლიან, რომ მინისტრს მათი სამოქალაქო აქტიურობა არ მოსწონდა.
26-წლიანი ბრძოლა „რუსთავი 2“-ისთვის და მთავრობები თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. Რატომ მიაკუთვნა სასამართლომ ტელეკომპანია ქიბარ ხალვაშს? ხელისუფლების ხელი სამართლის ძიების გზაზე. „თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიება.
დაწერეთ კომენტარი