Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამნისტიის კანონპროექტი მეორე კენჭისყრაზეც გავიდა - რა არ უნდა გამოგრჩეს 10 ივნისს


პარლამენტმა ამნისტიის კანონის „ოცნების“ ვერსიას მეორედაც დაუჭირა მხარი

ხანგრძლივი პოლიტიკური დებატების შემდეგ, პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონს მეორე მოსმენითაც დაუჭირა მხარი: 77 - 23-ის წინააღმდეგ. საუბარია კანონპროექტის იმ ვერსიაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოამზადა და ის შეეხება 19-20 ივნისის მოვლენების ყველა ფიგურანტს, მათ გარდა, ვინც თავად აცხადებს უარს, რომ ამნისტია მას შეეხოს.

2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების ამნისტიის საკუთარი პროექტი აქვს მომზადებული ოპოზიციასაც. ოპოზიციის კანონპროექტის თანახმად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდებიან 19-21 ივნისს განვითარებული საპროტესტო აქციების მონაწილეები, ასევე საპოლიციო ღონისძიების განმახორციელებელი სამართალდამცავები, რომლებიც ბრალდებული ან მსჯავრდებული არიან და მათ ნასამართლობაც მოეხსნებათ.

რა განცხადებები გაკეთდა 9 ივნისს პლენარულ სხდომაზე, წაიკითხე აქ:

"რიგგარეშე არჩევნები მაინც იქნება" - რა იცის გახარიამ?

ყოფილი თანაგუნდელებისგან ღალატში დადანაშაულებული ექსპრემიერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ საქართველოში ვადამდელი არჩევნების დანიშვნა გარდაუვალია და რომ ასეთი ვითარება ხელისუფლების ლეგიტიმაციის არარსებობით არის განპირობებული.

ტელეკომპანია „პირველის “ გადაცემა „რეაქციაში “ გახარიას მიერ გაკეთებულმა განმარტებებმა „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთი საბაბი მისცა იმისათვის, რომ თავისი ყოფილი პრემიერ-მინისტრი ოპოზიციასთან გარიგებაში დაედანაშაულებინა.

9 ივნისს პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ გახარიას რიტორიკა ზუსტად ემთხვევა რადიკალური ოპოზიციისას.

„ძალიან მნიშვნელოვანი რამ წამოსცდა და აქ კიდევ ერთხელ ფიქსირდება საეჭვო კავშირები ინტერესებს შორის... მან ზუსტად იცის, რომ ჩვენ არ გაგვიჭირდება 43%-იანი ბარიერის გადალახვა და იმიტომ წამოსცდა... მან ასეთი რამ თქვა, რომც აიღოს 43 %-ზე მეტი, შეიძლება მაინც ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის პრობლემა... ეს არის საბოტაჟის წინასწარ გამოცხადებული ქრონიკა... აქ პირდაპირ ემთხვევა, რა თქმა უნდა, გახარიასა და რადიკალური ოპოზიციის რიტორიკა ერთმანეთს... ეს იყო წამოცდენა, რომელიც ანალიზისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა“, - უთხრა ირაკლი კობახიძემ 9 ივნისს ჟურნალისტებს.

შეუძლია თუ არა გახარიას გუნდს ზეგავლენა მოახდინოს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის პერსპექტივაზე? რას გულისხმობდა ყოფილი პრემიერი და ვინ როგორ გაიგო მისი გზავნილები? ვრცლად წაიკითხე ლელა კუნჭულიას სტატიაში.

ირაკლი ღარიბაშვილი: „ნამახვანჰესი“ არსებული პროექტით არ აშენდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას მემკვიდრეობით ერგო "ნამახვანჰესის" მშენებლობის არსებული პროექტი და პრობლემა, თუმცა ინვესტორთან ერთად მუშაობს, რათა პროექტში ცვლილებები შევიდეს და ჰესი აქამდე არსებული პროექტის მიხედვით არ აშენდეს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში ყოფნისას, მედიასთან საუბარში განაცხადა.

პრემიერთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც. მან დაამატა, რომ 12 თვის ვადაში კაშხლის პროექტი უნდა გაუმჯობესდეს და ყველა დაარწმუნოს მის უსაფრთხოებაში.

პრემიერის გუშინდელ განცხადებას რიონის ხეობის მცველები გამოეხმაურნენ, რომლებიც 225 დღეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. მათი ერთ-ერთი ლიდერის ვარლამ გოლეთიანის თქმით რადგან საკითხს „პრობლემური“ დაერქვა, აუცილებელია ხელისუფლება ამ პრობლემების წამომწევ მხარეს ესაუბროს. მისი სიტყვებით, რომ არა აქციები, ხელისუფლებას არც ეცოდინებოდა პროექტის პრობლემებზე.

წაიკითხე მეტი.

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპულ ტურნეს იწყებს

ჯო ბაიდენი, აშშ-ის პრეზიდენტის სტატუსით, პირველ ვიზიტს იწყებს ევროპაში. 9 ივნისს ის გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს შეხვდება და მონაწილეობას მიიღებს „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოთა ლიდერების სამიტში.

გაერთიანებული სამეფოდან ჯო ბაიდენი გაემგზავრება ბრიუსელში, სადაც 14 ივნისს გაიმართება ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი. ბრიუსელში დაგეგმილია აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერების უმაღლესი დონის შეხვედრაც.

ბრიუსელის შემდეგ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავა ჟენევაში, სადაც 16 ივნისს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

თვალი ადევნე სიახლეებს ამ თემაზე რადიო თავისუფლების ახალ ამბებში.

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 28 %-ით შემცირდა

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2021 წლის პირველ კვარტალში შეადგინა 125.4 მლნ. აშშ დოლარი, რაც 2020 წლის პირველი კვარტალის მონაცემებზე 28.3%-ით ნაკლებია. წინასწარი მონაცემები გუშინ გამოაქვეყნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად დასახელებულია რეინვესტიციის მოცულობის შემცირება და რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში.

2021 წლის პირველ კვარტალში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანა იყო დიდი ბრიტანეთი.

წაიკითხე მეტი.

„სხვადასხვა ვაქცინის დოზების შერევა თეორიულადაც და პრაქტიკულადაც დასაშვებია“, - ამბობს ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინების შერევასთან დაკავშირებით მედიისთვის გამართულ ვებინარზე რადიო თავისუფლების კითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ დასაშვებია აცრისას სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინები გაიკეთოს მსურველმა, მაგრამ რეკომენდებულია, რომ 2 დოზით აცრისას მაინც ერთი ფირმის ვაქცინით მოხდეს აცრა.

„როცა საჭირო გახდება მესამე დოზით აცრა, მაშინ თავისუფლად შესაძლებელია იყოს სხვა [ვაქცინა]. ისე როგორც გრიპის ვირუსზე ვაკეთებთ, 1 წელიწადში შეიძლება ვიყოთ აცრილები ერთი ვაქცინით, მეორე წელს სხვა მწარმოებლის ვაქცინით. აქაც შეეძლებათ, ვინც ორჯერ აცრილია "ასტრაზენეკათი", მერე აიცრას "ფაიზერით" ან "სინოვაკით", ან "სინოფარმით". ვინც ორჯერ აცრილია "სინოფარმით", მერე აიცრას "ფაიზერით" ან "ასტრაზენეკათი", 8 თვის შემდეგ ეს, რა თქმა უნდა, დაშვებული იქნება“, - თქვა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

რა ელის ნინოწმინდის პანსიონატს - გარდაიქმნება თუ არა ის საოჯახო ტიპის სახლად?

World Vision-ის ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების პროგრამის მენეჯერი მაია მგელიაშვილი მეექვსე დღეა, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში მუშაობს. სწავლობს იქ არსებულ ვითარებას, ხვდება პანსიონატში მცხოვრებ ბავშვებსა და აღმზრდელებს. უკანასკნელი მონაცემებით, პანსიონატში 28 ბავშვი რჩება. ბოლო ხუთ დღეში პანსიონატიდან გაყვანილია 25 ბავშვი. მათგან 11 ალტერნატიული ზრუნვის ფორმაში, ანუ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლსა და მინდობით აღზრდაში, 14 კი ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნდა.

მაია მგელიაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი იმ ფორმითა და მოცულობით, რა ფორმითაც აქამდე არსებობდა, ვეღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის თანახმადაც, პანსიონატის ტრანზიციის (ცვლილების) სტრატეგია შეიქმნება:

„ეს პანსიონატი ნამდვილად აღარ იქნება დიდი ზომის პანსიონატი. ნინოწმინდის დაწესებულება ამ ფორმით ნამდვილად აღარ გააგრძელებს ფუნქციონირებას. თუმცა, როგორი იქნება მისი ტრანზიციის გეგმა, ეს ჯერჯერობით, არ ვიცით. ამ გეგმაზე მუშაობა დაიწყება უახლოეს პერიოდში. გეგმაზე ვიმუშავებთ როგორც world vision, ისე გაეროს ბავშვთა ფონდი, ჯანდაცვის სამინისტრო და საპატრიარქო, რადგან სწორედ ისინი არიან მომსახურების მიმწოდებლები".

რა ფორმას მიიღებს პანსიონი? წაიკითხე მეტი ნინო თარხნიშვილის სტატიაში.

ცოტა ხნის წინ, ლიტერატურის მუზეუმში გაიხსნა თავის დროზე ძალიან ცნობილი ენათმეცნიერის და ეთნოლოგის, ადოლფ დირის ფოტოგამოფენა, რომელიც ასი წლის წინ საქართველოსა და კავკასიაში გადაღებულ ფოტოებს მოიცავს. ფოტოები, რომლებიც მიუნხენის ხუთი კონტინენტის მუზეუმში ინახებოდა, საგანგებოდ საქართველოსთვის გაციფრულდა და ისინი გამოფენისათვის ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ შეარჩია. ადოლფ დირი იღებდა იმ კავკასიას და მის მრავალფეროვნებას, რომელიც დღეს აღარ არსებობს.

ამ ვიდეოში ლაშა ბაქრაძე გვიამბობს ადოლფ დირის, ასი წლის წინ მისი კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის და იმ ფოტოების შესახებ, რომელშიც მან იმდროინდელი ცხოვრების სურათები გადაარჩინა.

XS
SM
MD
LG