Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წვრილი საქმეების მოგვარება დასავლეთ ბალკანეთთან სამიტზე


რა იყო ევროკავშირისა და დასავლეთი ბალკანეთის სამიტის დანიშნულება?

ისე ჩანს, რომ მსგავსი ღონისძიებები ბრიუსელისთვის გადაიქცა ჩვეულებრივ, თავიდან მოსაშორებელ საქმედ. გეოპოლიტიკის სფეროს რაც შეეხება, ბოლო დროს თითქმის აქ ყველაფერი ასე კეთდება.

სამიტმა შექმნა პლატფორმა, რათა ევროკავშირს ეჩვენებინა, თუ რამდენი რამით ასაჩუქრებს რეგიონის 6 ქვეყანას. მაგრამ, ამავე დროს მან ისიც აჩვენა, თუ როგორი დისფუნქციური გახდა ალიანსი და რომ ბალკანეთის ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობა პრაქტიკულად ფუჭი ოცნებაა.

ევროკავშირის დიპლომატები, რა თქმა უნდა, ამგვარ შეფასებას ბრაზით გააპროტესტებდნენ.

ცხადია, მათ კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შეუძლიათ, თუ რამდენს მიაღწიეს 6 ოქტომბერს სლოვენიაში ჩატარებულ სამიტზე.

აი, კულუარებში ჩატარებული შეხვედრები ავიღოთ. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს შეხვდნენ და აჩვენეს, რომ ბელგრადისა და პრიშტინას ურთიერთობებს ევროპის დიპლომატიის უმაღლეს ეშელონებში განიხილავენ. ასევე, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ლიდერების საუზმე ევროკავშირის ორ პრეზიდენტთან შეიძლება მიანიშნებდეს, რომ საგზაო რუკა სოფიის ვეტოს მოსახსნელად სკოპიეს ევროკავშირის წევრობაზე ჯერაც ძალაშია.

ამას ემატება სხვა კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალური პირების დეკლარაციებშია ასახული. დეკლარაციებში, რომლებიც სამიტამდე ჩატარებული რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა. აქ ნახავთ 30 მილიარდ ევროს, რომელსაც ევროკავშირი დააბანდებს დასავლეთ ბალკანეთში მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ვაქცინის 2,9 მილიონ დოზას, რომელსაც ბრიუსელი ექვს ქვეყანას გადასცემს და თან ჰპირდება, რომ ევროკავშირი ამ ქვეყნებს დაეხმარება, 2021 წლის ბოლოსთვის მიაღწიონ ვაქცინაციის ისეთ მაჩვენებელს, როგორიც, საშუალოდ, ევროკავშირში იქნება. აქვე ნახავთ განცხადებას, რომ მკაფიო მიზნები იქნება დასახული ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთში როუმინგის ფასების შესამცირებლად.

დეკლარაციაში მოცემულია პირობაც, რომ შემდეგი სამიტი მომავალ წელს ჩატარდება და მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ღონისძიებებად გადაიქცევა. თუმცა, ამ ყველაფერში შემაშფოთებელი ტენდენციებიც იკვეთება. ამ რეგიონის ქვეყნები ევროკავშირს ბოლო 4 წლის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ მაღალი დონის ღონისძიებებზე. თუმცა, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ბევრი არაფერი თქმულა.

სამწუხარო სიმართლე კი იმაშია, რომ პირველი მსგავსი სამიტი, რომელიც 2003 წელს თესალონიკში ჩატარდა, ყველაზე ამბიციური აღმოჩნდა. მაშინდელი დეკლარაცია ხმამაღლა აცხადებდა, რომ „ბალკანეთის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია“ და ამატებდა, რომ „ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია და, საბოლოოდ, ევროკავშირის წევრობა, ევროპული სტანდარტების მიღების გზით, შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება.“

შემდეგი მსგავსი სამიტი 15 წლის შემდეგ, 2018 წელს ჩატარდა. აქ უცებ გაჩნდა პირობა, რომ შეკრებები ყოველწლიური გახდებოდა, მაგრამ გაქრა წინმსწრები განცხადებები. წლევანდელ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ერთგულებას გაფართოების პროცესთან დაკავშირებით და მისი შემდგომი გადაწყვეტილებები დაეყრდნობა პარტნიორების მიერ გატარებულ რეფორმებს, პირობების სამართლიანად და გულმოდგინედ შესრულებას და დაეყრდნობა ღირსეულების პრინციპს.“ ევროკავშირის დიპლომატები, რომლებსაც რეგიონის ალიანსში გაწევრიანება სურთ, ხარობენ, რომ ტექსტში სიტყვა „გაფართოება“ მოხვდა. აი, ამბიციის ასეთი დონე აქვთ დღეს!

და იმისთვის, რომ დააწყნარონ გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი დანია, საფრანგეთი და ნიდერლანდი, ტექსტში წერია: „ჩვენ ასევე გვახსოვს ევროკავშირის მიერ საკუთარი განვითარების შენარჩუნებისა და გაღრმავების შესაძლებლობის მნიშვნელობა და განსაზღვრა ახალი წევრების ინტეგრაციის საშუალებისა“. დიპლომატების ენიდან რომ ვთარგმნოთ, აქ წერია: „ევროკავშირში ახლა უამრავი შიდა პრობლემა გვაქვს და წევრობას ახლა ნუ გვთხოვთ“. რა გასაკვირია, რომ სლოვენიის შეთავაზება, ექვსი ქვეყნის წევრობისთვის რამე განრიგი შეემუშავებინათ, უმალ იქნა უარყოფილი.

აზრის შესაქმნელად საკმარისი იყო, რომ შეხვედრების წინ ევროკავშირის ლიდერებს მიჰყოლოდი და სამიტის შემდგომ პრეს-კონფერენციებს დასწრებოდი. შეკითხვების ნახევარი, რომლებსაც ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელი ჟურნალისტები სვამდნენ, სულ არ შეეხებოდა დასავლეთ ბალკანეთს. მათ უფრო აინტერესებდათ სამიტის წინ ჩატარებული სადილი, სადაც ევროკავშირის ლიდერები განიხილავდნენ გაზის ფასს, ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიას ავღანეთის ქაოსის ფონზე და ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმებას, რომელიც პარიზს ახლაც აღიზიანებს.

ევროკავშირი სრულადაა მოცული საკუთარი თავით და დასავლეთ ბალკანეთს მათ გონებაში ადგილი არ უჭირავს. გარდა იმისა, რომ სამიტი ახლა ყოველ წელს ჩატარდება, სადაც მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ საჩუქრებს დაარიგებენ. ოჯახური შეკრების მსგავსად. ოღონდ, არ უნდა ითქვას რომ ისინიც ოჯახის წევრები არიან, ან ოდესმე გახდებიან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG