Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც პალესტინა სახელმწიფოდ არის ნახსენები


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სამშაბათ საღამოს გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც პალესტინელებსა და ისრაელს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ძალადობის ყველა ფორმა.

რეზოლუციაში პალესტინა პირველად არის ნახსენები, როგორც სახელმწიფო. რეზოლუციის პროექტს, რომელიც შეერთებულმა შტატებმა წარმოადგინა, საბჭოს 15 წევრიდან 14-მა მისცა ხმა, ხოლო ერთმა (სირიამ) თავი შეიკავა.

კონფლიქტის ორივე მხარემ რეზოლუციის გამო კმაყოფილება გამოთქვა. ისრაელის ელჩმა გაეროში იეჰუდა ლანკრიმ თქვა: “ისრაელის დელეგაცია ამ რეზოლუციას გაწონასწორებულად მიიჩნევს. ეს სიახლეა, რომელსაც ისრაელი უშიშროების საბჭოსგან არ მოელოდა”.

უშიშროების საბჭომ პირველად იხმარა სიტყვები “პალესტინის სახელმწიფო” ისრაელის გვერდით და, თუმცა რეზოლუცია არ ავალებს უშიშროების საბჭოს პალესტინელთა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, მას დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს პალესტინელებისთვის. პალესტინელთა წარმომადგენელმა გაეროში მეთვალყურის სტატუსით, ნასერ კიდვამ თქვა, რომ რეზოლუცია ხელს შეუწყობს კონფლიქტის ყოვლისმომცველ მოგვარებას. “ეს პირველი შემთხვევაა, როცა უშიშროების საბჭო ორ სახელმწიფოზე ლაპარაკობსო”, თქვა მან.

რეზოლუციის მიღებამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა მკაცრად გააკრიტიკა ისრაელი. მან პირველად დაახასიათა საჯაროდ პალესტინელთა მიწები, როგორც უკანონოდ ოკუპირებული ტერიტორიები.

ანანმა არც პალესტნელებს დააკლო კრიტიკა და თქვა, რომ თვითმკვლელური ტერორისტული აქტები, მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, მისი სიტყვით, “მორალურად გულისამრევია” და ასუსტებს პალესტინელთა საქმისადმი მხარდაჭერას. “პალესტინელებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ძალადობის ესკალაციაში, საპასუხო ძალადობასა და შურისძიების აქტებში,” თქვა ანანმა.

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა უშიშროების საბჭოს საშუალება არ მისცეს, რეზოლუციის ანანის შენიშვნების საფუძველზე მიეღო. მათი თქმით, ისრაელის ინტერვენციას პალესტინელთა მიწებზე არაბებსა და ისრაელს შორის 1967 წლის ომის მსვლელობაში არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად “უკანონო” ეწოდოს.

ამერიკელების მიერ წარდგენილი რეზოლუციის პროექტი მოულოდნელი იყო უშიშროების საბჭოს ბევრი წევრისთვის და, აგრეთვე, არაბული ქვეყნებისთვის. შეერთებულმა შტატებმა, რომელიც ყოველთვის ბლოკირებას უკეთებდა პალესტინელთა და მათი მოკავშირეების მიერ ისრაელის დაგმობის მცდელობებს, ამჯერად ორივე მხარეს მოუწოდა, შეწყვიტონ სისხლისღვრა და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

ზემოთ მოყვანილი ინიციატივების ფონზე ახლო აღმოსავლეთში ძალადობა გრძელდება. ოთხშაბათ დილას მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ტანკიდან გასროლილმა ტყვიამ იტალიის გაზეთ “კორიერე დელა სერას” ფოტოკორესპონდენტი, 42 წლის რაფაელო ჩირიელო იმსხვერპლა. ისრაელის არმიის წარმომადგენელმა მომხდარის გამო სინანული გამოთქვა, მაგრამ არ მოინდომა ამ ინციდენტის გარჩევა სრული ინფორმაციის მიღებამდე.
XS
SM
MD
LG