Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ დაიხურა პარლამენტის სხდომა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რამდენიმე კვირის განმავლობაში ანონსირებული პარლამენტის სხდომა, რომელსაც აფხაზეთის საკითხი უნდა განეხილა, უცნაურ ვითარებაში გაიმართა.

სხდომა, რომლის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სხდომათა დარბაზს “გაფიცული” ახალფრაქციელებიც კი დაუბრუნდნენ, მოულოდნელად დახურულად გამოცხადდა.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] “ჩვენი პარლამენტის წევრთა აბსოლუტური უმრავლესობის თხოვნით და გადაწყვეტილებით, ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ დღევანდელი ჩვენი სხდომის დახურვა.”

პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ამ განცხადებას მხარი პარლამენტართა უმრავლესობამ დაუჭირა. ფრაქცია “აფხაზეთის”წევრის გენო კალანდიას პროტესტი, რომ აფხაზეთიდან დევნილები მოუთმენლად ელოდნენ სხდომას და რომ სხდომის დახურვა მათ მოლოდინს გააწბილებდა, უშედეგო აღმოჩნდა – პარლამენტის სხდომა დაიხურა.
ერთი მხრივ, პარლამენტის სხდომის დახურვა შემთხვევით არ უნდა მომხდარიყო, ისევ და ისევ, პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებიდან გამომდინარე. ნინო ბურჯანაძის განცხადებით, პარლამენტის სხდომის დახურულად გამოცხადება შემდეგ შემთხვევაში ხდება: [ნინო ბურჯანაძის ხმა] “ისეთი საკითხის განხილვისას, რომელიც საჭიროებს სახელმწიფო საიდუმლოს დაცვას, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, ფრაქციას, კომიტეტს შეუძლია დააყენოს საკითხი სხდომის ან მისი ნაწილის დახურულად გამოცხადების შესახებ.”
შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ დახურულ სხდომაზე საიდუმლო ინფორმაცია უნდა გაცხადებულიყო, თუმცა პროტესტის ნიშნად სხდომის დატოვების შემდეგ აფხაზეთის დევნილი უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი აცხადებს, რომ აფხაზეთის საკითხისადმი მიძღვნილი ეს სხდომაც მხოლოდ ორთქლის გამოშვებისთვის იყო განკუთვნილი და რომ პარლამენტი ისევ არ მიიღებს პრინციპულ გადაწყვეტილებებს აფხაზეთთან დაკავშირებით.
სხვათა შორის, ერთადერთი გადაწყვეტილება, რომელიც პარლამენტმა და საქართველოს აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთსულოვნად მოიწონა, პარლამენტის დადგენილება გახლდათ, აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის თობაზე. იმ დადგენილების მიღების შემდეგ 4 თვე გავიდა, მაგრამ პარლამენტი აღარ აქტიურობს ამ მიმართულებით.
რაც შეეხება პარლამენტის დახურულ სხდომას, მასალის მომზადების დროისათვის, ის ჯერ დასრულებული არ იყო. სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებული ცნობებით, სხდომაზე გამოვიდნენ სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე და საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი. სხდომის დაწყებამდე, საინფორმაციო სააგენტო გეას ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აფხაზეთის სამშვიდობო პროცესში შესაძლო კორექტივები ახსენა, თუმცა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობს ეს კორექტივი.
XS
SM
MD
LG