Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიმი კარტერის ვიზიტი კუბაში


შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი კუბაში იმყოფება ვიზიტად. ეს ამერიკის პრეზიდენტის – მოქმედის თუ ყოფილის – პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში 1928 წლის შემდეგ.

კუბის პრეზიდენტი ფიდელ კასტრო კარტერს დაჰპირდა, რომ შეეძლება თავისუფლად იმოძრაოს და შეხვდეს ყველას, ვისთანაც კი მოისურვებს შეხვედრას. კარტერი კვირას ჩავიდა ჰავანაში. ორშაბათს იგი ესტუმრა კუბის ბიოლოგიურ კვლევით ცენტრს, რათა შეემოწმებინა, რამდენად შეესაბამება სიმართლეს შეერთებული შტატების მიერ წამოყენებული ბრალდება, რომ კუბა ბიოლოგიურ იარაღს ამზარდებს.

კარტერი კუბაში კასტროს მიწვევით იმყოფება. მისასალმებელ სიტყვაში ფიდელ კასტრომ სტუმარს მიმართა: [კასტროს ხმა] ”შეიძლება არიან ისეთები, ვინც ფიქრობს, რომ ჩვენს მიერ თქვენი მოწვევა მუხთალი პოლიტიკური მიზნის მქონე ფანდიაო.”

კასტროს თქმით, კარტერის მიწვევა ამ უკანასკნელის დამსახურებათა აღიარების გამოხატულებაა. ჯიმი კარტერის პრეზიდენტობის დროს 1977-1981 წლებში, კუბის მიმართ შედარებით დათბობა შეინიშნებოდა.

კასტროსთან შეხვედრის გარდა კარტერის ვიზიტის დღის წესრიგშია შიდსით დაავადებულთა სანატორიუმის მონახულება, სტუმრობა ინვალიდ ბავშვთა სკოლაში. იგი ერთ სრულ დღეს დაუთმობს ადამიანის უფლებების დამცველებთან და რელიგიურ ლიდერებთან შეხვედრებს.

ორშაბათს ჯიმი კარტერმა მოინახულა ჰავანის ბიოტექნოლოგიური ცენტრი. საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტამდე სულ რამდენიმე დღით ადრე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, ჯონ ბოლტონმა, კუბა დაასახელა იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობენ. კასტრომ განრისხებულმა უარყო ეს ბრალდებები და თქვა, რომ ყველას შეუძლია საკუთარი თვალით დარწმუნდეს, მართლაც მუშაობენ კუბელი მეცნიერები ასეთი იარაღის შექმნაზე თუ არა.

ბიოტექნოლოგიურ ცენტრში სტუმრობის შემდეგ ჯიმი კარტერმა განაცხადა, რომ მან ვერ აღმოაჩინა იქ კუბის მიმართ ბრალდების დამადასტურებელი საბუთები. უფრო მეტიც, მან თქვა, რომ ამ ბრალდების შესახებ იგი დაუკავშირდა ამერიკის დაზვერვის ექსპერტებს შეკითხვით, არსებობს თუ არა რაიმე საბუთი, რომ კუბა ბიოლოგიურ იარაღს აწარმოებს. პასუხი უარყოფითი იყოო, თქვა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა.
XS
SM
MD
LG