Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ახალი ფინანსთა მინისტრი ჰყავს


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 14 მაისს პარლამენტმა გასაოცარი ერთსულოვნება გამოამჟღავნა და საქართველოს ფინანსთა მინისტრად ანტიკორუფციული საბჭოს ყოფილი მდივანი მირიან გოგიაშვილი უმტკივნეულოდ დაამტკიცა.

მართალია, ფრაქციებს ფინანსთა სამინისტროს მუშაობის რადიკალური გამოსწორების იმედი არა აქვთ, მაგრამ პირადად მირიან გოგიაშვილისადმი სიმპათია კენჭისყრისას გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ფინანსთა მინისტრად მირიან გოგიაშვილის ერთსულოვნად დამტკიცების პარალელურად, პარლამენტარები კულისებში ეჭვს გამოთქვამდნენ ქვეყნის მთავარი ფინანსისტის პერსონის პერმანენტულ ცვლასთან დაკავშირებით. მართალია, ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნისას მირიან გოგიაშვილის ყველაზე დიდ გამარჯვებად ორი თანამდებობის პირის – მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის კობა ბუჩუკურისა და პრეზიდენტის კანცელარიის რეგიონალური სამსახურის უფროსის ბადრი ხატიძის გათავისუფლება ითვლება, მაგრამ ახალგაზრდა ფინანსისტის განსაკუთრებული წარმატების შესაძლებლობა ქვეყნის მთავარი ფინანსისტის რანგში ბევრს აეჭვებს. თავის საპროგრამო გამოსვლაში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტარებს მიანიშნა, რომ იგი ჯადოქარი არ არის, ანუ ყველა ხარჯის გაღებას მწირი საბიუჯეტო შემოსავლების პირობებში, უბრალოდ, ვერ შეძლებს, მაგრამ პირობა დადო, რომ, საგადასახადო შემოსავლების გაზრდის თვალსაზრისით, ეცდება წესრიგი დაამყაროს საგადასახადო და საბაჟო სტრუქტურებში; გარდა ამისა, ეცდება შექმნას სახელმწიფო სახსრების ფინანსური მენეჯმენტის სისტემა, მწირი რესურსების ეფექტურად გამოსაყენებლად.
ფინანსთა მინისტრის დამტკიცების შემდეგ გაირკვა, რომ ზურაბ ნოღაიდელისა და ლევან ძნელაძის თანამდებობიდან გათავისუფლება პარლამენტისთვის საკმარისი არ არის იმის გასარკვევად, თუ რატომ ვერ შესრულდა 2002 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი. რამდენიმე ფრაქციის მოთხოვნით, პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად სახელმწიფო მინისტრი ავთნდილ ჯორბენაძე მივიდა.როგორც გახსოვთ, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებისას სახელმწიფო მინისტრმა ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებაზე სრული პასუხისმგებლობა იტვირთა.
[ავთანდილ ჯორბენაძის ხმა] “კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ: მე თქვენ წინაშე, როგორც მაშინ, ახლაც ვიღებ პასუხისმგებლობას, დაახლოებით, 4 თვის შემდეგ მოგმართოთ და გაცნობოთ – რა გავაკეთეთ, რა შედეგი გვაქვს, რა ტენდენცია იკვეთება ამ ქვეყანაში.”

პარლამენტმა ფინანსთა მინისტრის მოადგილის შემდეგ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოხსენება მოისმინა 2001 წელს სახელმწიფო თანხების განკარგვის თაობაზე. პარლამენტი დიდხანს მსჯელობდა, ვინ უნდა დაისაჯოს ბიუჯეტის ხარჯების უკანონო ხარჯვისთვის მაშინ, როცა პასუხისმგებელი პირები თანამდებობაზე აღარ არიან. ამ პრობლემაზე მსჯელობას პარლამენტი ოთხშაბათსაც განაგრძობს.
XS
SM
MD
LG