Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


ანდრო ეული, პრაღა როგორც გაზეთი "ნიუ-იორკ ტაიმსი" აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში,

კრემლის პოლიტიკა ხშირად გაუგებარია ხალხისთვის თავად რუსეთში და მის საზღვრებს გარეთაც. დრო გვიჩვენებს, პირადად პრეზიდენტი პუტინი დგას თუ არა იმ კამპანიის მიღმა, რომელიც კრემლმა გააჩაღა უდიდესი ნავთობკომპანია "იუკოსის" წინააღმდეგ. მაგრამ ის კი ცხადია, რომ ამგვარი "ძლიერი ხელის ტაქტიკა" ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლისგან ძალზედ შორსაა. გაზეთი განაგრძობს:

"რუსეთში მიმდინარე უკანასკნელ მოვლენათა ანალიზმა ცხადყო, რომ ყოველივე ეს პოლიტიკური მანევრირებისა და მოახლოებული არჩევნებისთვისაა გამიზნული. საქმე იმაში როდია, რომ "იუკოსს" კონკრეტული ბრალდებები წაუყენეს. პუტინმა კარგა ხნის წინათ დადო გაუხმაურებელი შეთანხმება - არ დაიწყოს იმის ქექვა, რაოდენ ბარბაროსულად წარიმართა რუსეთში პრივატიზაციის პროცესი, თუ ყველანი თამაშის წესებს დაიცავენ. მოარული ხმების თანახმად, "იუკოსის" მფლობელ მიხაილ ხოდორკოვსკისა და მის გუნდზე თავდასხმა იმითაა გამოწვეული, რომ ამ ადამიანებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი იმ მემარცხენე და მემარჯვენე ოპოზიციურ პარტიებს, რომლებიც სახელისუფლებო ძალებს დაუპირისპირდებიან დეკემბრისათვის დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში. ვიდრე "იუკოსის" წინააღმდეგ დაიწყებოდა კამპანია, რუსეთში უკანასკნელი დამოუკიდებელი ტელეარხი დაიხურა. მოვლენათა ამგვარი განვითარება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ბატონი პუტინი ძირს უთხრის რუსეთში დემოკრატიას".

ერთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული ორგანიზაციის თანამშრომელი, ჰოლანდიელი არიან ერკელი ჩრდილოეთ კავკასიაში გაიტაცეს, რასაც, როგორც მოგვიანებით გამოირკვა, რუსეთის უშიშროების სამსახურის ორი ოფიცერი მშვიდად უყურებდა. გაზეთ "ვაშინგტონ პოსტის" ცნობით, ახლახან მიღებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ერკელი ცოცხალია და ტყვეობაში რჩება, რაც პირველ რიგში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უქმნის ცუდ იმიჯს, მაგრამ არც შეერთებული შტატებისა და ევროპელი ლიდერების ავტორიტეტისთვისაა სასურველი; ლიდერებისა, რომლებსაც თავი არ შეუწუხებიათ არიან ერკელის გასათავისუფლებლად. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

"საბოლოო მსხვერპლი ამგვარი უმოქმედობისა, ბატონ ერკელისა და მისი ოჯახის გარდა, ომით გატანჯული ჩეჩნეთის მშვიდობიანი მოსახლეობაა, რომელიც ჰუმანიტარული ორგანიზაციებისაგან ღებულობს დახმარებას. კრემლის მხრიდან ზეწოლისა და ჩეჩნეთში შექმნილი სახიფათო ვითარების გამო ძალზედ ცოტა ჟურნალისტი თუ ბედავს ჩეჩნეთის ომის გაშუქებას. ორგანიზაცია "ექიმები უსაზღვრებოდ", რომელშიც არიან ერკელი მსახურობს, ერთ-ერთი უკანასკნელი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, ყოველდღე რომ ხედავს ადგილზე ჩეჩენი ხალხის ტანჯვას. არ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ ერკელის გატაცებაში რუსეთის უშიშროების სამსახურის ხელი ურევია. შესაძლოა ამიტომაც არ ცდილობს რუსეთის მთავრობა ერკელის გათავისუფლებას: ვინაიდან რეგიონი ესოდენ სახიფათოა უცხოელთათვის, ნაკლებად მოინახებიან რუსი ჯარისკაცების მიერ ჩეჩენი ქალების გაუპატიურების, ჩეჩენი მამაკაცების წამებისა და გაუჩინარების თვითმხილველნი. ჩეჩნეთში გრძელდება ომი, ხოლო ევროპისა და შეერთებული შტატების მთავრობები, პუტინთან რომ სურთ თანამშრომლობა სხვა საკითხებში, დუმილით უვლიან გვერდს ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობას".

გაზეთ "უოლ სტრიტ ჯორნალის" მიმომხილველი მეტიუ კამინსკი გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ პოლონეთში 1944 წლის 1 აგვისტოს მომხდარ აჯანყებას იხსენებს. პოლონელი ჟურნალისტი წერს:

დიქტორი: "პოლონეთის სახალხო არმიამ, ლონდონში მყოფი ლტოლვილი მთავრობისაგან მიიღო ნაცისტების წინააღმდეგ აჯანყების დაწყების ბრძანება, რაც ვარშავის გათავისუფლებას ისახავდა მიზნად წითელი არმიის შემოსვლამდე, ან მასთან ერთად, რათა ომისშემდგომი პოლონეთის ბედი სტალინის გადასაწყვეტი არ გამხდარიყო. მაგრამ აჯანყება ტრაგიკულად დამთავრდა. გერმანელებთან ბრძოლა 63 დღეს გასტანა ისე, რომ წითელი არმია ჩარეულა. სტალინმა მხარი დაუჭირა აჯანყებას, ხოლო შემდეგ აუკრძალა თავის ჯარსა და დასავლელ მოკავშირეებს - დახმარებოდნენ აჯანყებულ პოლონელებს. ადოლფ ჰიტლერმა ვარშავის მიწასთან გასწორება ბრძანა, და პოლონეთის სახალხო არმიაც განადგურდა. პოლონელები როგორც ჩანს იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ თავისუფლება თავისთავად არ მოდის; მას დაცვა ესაჭიროება".
XS
SM
MD
LG