Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კავკასიის ხალხთან მეგობრობის მიზნით ქართველმა დეპუტატებმა სპეციალური ჯგუფი შექმნეს


დღეს საქართველოს პარლამენტში კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფის პრეზენტაცია გაიმართა. პირველი საკითხი, რომელიც ახლად შექმნილი ჯგუფის

მსჯელობის საგნად იქცა, ჩეჩნეთში მიმდინარე პროცესები და საქართველო-რუსეთის ურთიერთობა იყო.
მოგითხრობთ კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფის კონკრეტულ მიზნებზე, რომელთა შორის პრიორიტეტული ჩეჩნეთის პრობლემატიკა იქნება.

საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, ლიტვისა და პოლონეთის პარლამენტებისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მსგავსად, კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფი შეიქმნა.
მისი დაარსების ინიციატორები განმარტავენ, რომ სპეციალური ჯგუფების მიზანი ჩეჩენი ეროვნების პირთა უფლებების დაცვა და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში მათი თვითგამორკვევის უფლების უზრუნველყოფაა.
საქართველოს პარლამენტში ანალოგიური ჯგუფის შექმნის მესამე და ყველაზე მთავარ მოტივზე კონსერვატორი დეპუტატი კახა კუკავა საუბრობს:

[კახა კუკავას ხმა] ,,საკითხი,თუ როგორ უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული თვითგამორკვევის პრინციპების ურთიერთშეხამება, არის ჩვენთვის ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ აფხაზეთის მაგალითზე რუსეთი კი გვეუბნება, რომ ის ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ, ამასთან, ის უზრუნველყოფს აფხაზების თვითგამორკვევის უფლებას და იცავს თავის ინტერესებს აფხაზეთში. ამ ფონზე საქართველოს მხრიდან ჩეჩნეთის საკითხებში გარკვეული მედიატორის ფუნქციის შესრულება იქნება ერთგვარი პროვოკაცია რუსეთისადმი.” (სტილი დაცულია)


კახა კუკავა ამბობს, რომ ახლად შექმნილი ჯგუფი, რომელმაც უკვე მიიღო ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს პარლამენტის დადებითი გამოხმაურება, კონკრეტულ შედეგებს არა საქართველოს ხელისუფლებისგან, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისგან ელის:

[კახა კუკავას ხმა] ,,ჩვენ რუსეთს ვერასდროს ვერ ვაჯობებთ შეიარაღებული მოქმედებების წარმოებაში. ჩვენ რუსეთს უნდა ვაჯობოთ საერთაშორისო სამართლის გამოყენებით და ჩვენი მიზანი ეს არის, რომ დაპირისპირება გადავიტანოთ საერთაშორისო ასპარეზზე. თორემ საქართველოს ხელისუფლებისგან რაიმე გამოხმაურებას და, მით უფრო, მხარდაჭერას არ ველით, რა თქმა უნდა.” (სტილი დაცულია)

კავკასიის, მათ შორის, უმთავრესად, ჩეჩნეთის პრობლემატიკის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა რუსეთთან პრობლემებს წარმოშობს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლების ყველაზე მარტივი პოზიციის საფუძველი სამართლებრივი სტრატეგია უნდა იყოს, - დარწმუნებულია ადვოკატი ლია მუხაშავრია:

[ლია მუხაშავრიას ხმა] ,,სამწუხაროდ, ხელისუფლება ამასაც არ აკეთებს, იმიტომ რომ იმ ორი ჩეჩნის თბილისის ტერიტორიიდან დაკარგვა და რუსეთისთვის ადამიანების გატაცების ფორმით გადაცემა იყო სრულიად დაუშვებელი.” (სტილი დაცულია)

ლია მუხაშავრია მიიჩნევს, რომ, კავკასიის საკითხებისადმი ერთიანი ოფიციალური პოზიციისა და სტრატეგიული პროგრამის უქონლობის ფონზე, პარლამენტში შექმნილ ჯგუფში თავს მოიყრის ალტერნატიული მოსაზრებები.
უახლოეს ხანში ახლად ჩამოყალიბებული ჯგუფის წევრები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მოსკოვსა და გროზნოს შორის საქართველოს მიერ შუამავლის მისიის შესრულებას შესთავაზებენ. კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფი წინასწარვე დარწმუნებულია, რომ მისი ინიციატივისადმი რუს დეპუტატებს მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ექნებათ.
მოსკოვის დამოკიდებულება ჯერ კიდევ საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალურად ჩამოყალიბებამდე რუსულმა პრესამ გამოხატა. მან ქართველ დეპუტატთა ჯგუფს ,,პროჩეჩნური ორიენტაციის მოუსვენრები” უწოდა და თბილისში ჯოჰარ დუდაევის ძეგლის გახსნასთან დაკავშირებული წინადადების ავტორად გამოაცხადა. ამგვარი ინიციატივის არსებობას კავკასიის ხალხთან მეგობრობის ჯგუფი კატეგორიულად უარყოფს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG