Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწარმეები არაორაზროვან კანონებს ითხოვენ


მიუხედავად ფინანსური ამნისტიის ამოქმედებისა, მისი განმსაზღვრელი კანონი კვლავ არაერთ გაუგებრობას იწვევს. მეწარმეები აცხადებენ,

რომ არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის კანონი, ისევე როგორც ახალი საგადასახადო კოდექსი, არაერთგვაროვანი აღსრულების საფუძველს ქმნის.
ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციაში მეწარმეებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა დისკუსია გაიმართა.

მეწარმეები აცხადებენ, რომ ორაზროვანი და რთული კანონებით დაიღალნენ.
ისინი მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ერთი წლის წინანდელი დანაპირები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და მეწარმეთა ინტერესების დაცვის თაობაზე სათანადოდ არ შესრულდა.

იანვრიდან ოფიციალურად ამოქმედებულ ფინანსურ ამნისტიასთან დაკავშირებით მეწარმეებს არაერთი შეკითხვა გაუჩნდათ. მათ ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე საკითხების გარკვევა სურთ და ახალი კანონის აღსრულების პროცესში პრობლემების თავიდან ასაცილებლად ხელისუფლებას განმარტებებს სთხოვენ. ბიზნესმენთა ფედერაციაში შეკრებილი მეწარმეების შეკითხვებს საგადასახადო დეპარტამენტისა და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელები პასუხობდნენ. საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გალეგაშვილი აცხადებს, რომ მისი უწყება ასრულებს ისეთ კანონებს, როგორიც არსებობს, მათ შორის - ფინანსური ამნისტიის მოთხოვნებსაც:

[დავით გალეგაშვილის ხმა] "თავისთავად კანონი ისეთია, რომ შენიშვნა შეიძლება მრავალ ადამიანს ჰქონდეს. მაგრამ მან უკვე მიიღო საბოლოო სახე და ჩვენ ვალდებულები ვართ ის შევასრულოთ.” (სტილი დაცულია)

გალეგაშვილი ამბობს, რომ საგადასახადო დეპარტამენტს უკვე ორი-სამი თვეა აღარ შეუმოწმებია 2004 წლის პირველ იანვრამდე წარმოებული ოპერაციები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შემოწმებას სამართალდამცავი სტრუქტურები მოითხოვდნენ. ამ ტიპის რევიზიების რაოდენობა კი, საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის მტკიცებით, გასულ ექვს თვესთან შედარებით არ გაზრდილა.

რაც შეეხება კანონის აღსრულების პროცესში პრობლემების თავიდან აცილებას, მეწარმეებს დახმარებას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი პირდება:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] "ის მოსაზრებები, ის რეკომენდაციები, რაც მეწარმეებს აქვთ, გათვალისწინებული იქნეს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების პროექტში და პარლამენტის მსჯელობის საგანი გახდება, რათა კანონის აღსრულების პროცესში არც მეწარმეებს შეექმნათ სათანადო პრობლემები, არც საგადასახადო ორგანოების თანამშრომლებს, არც მოსამართლეებს და ა.შ.” (სტილი დაცულია)

ლევან ბეჟაშვილის ამ დანაპირებით კმაყოფილია ბიზნესმენთა ფედერაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე:

[გიორგი ისაკაძის ხმა] "ბიზნესმენებს აწუხებდათ უმთავრესი. მათ წინაშეა კანონი, რომლისგანაც ისინი ელიან გარკვეულ ეკონომიკურ ეფექტს და შვებას. ჩვენ დღეს მივიღეთ დასტური, რომ შესაძლებელია ორმაგი ინტერპრეტირება გამოვრიცხოთ და არ ჩავთვალოთ ეს კანონი მხოლოდ პოლიტიკურ ჟესტად ქვეყნის ხელისუფლებისა, არამედ მეწარმემ მართლა რაღაც მაქსიმალური სიკეთე ნახოს.” (სტილი დაცულია)

მეწარმეთა იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ ფინანსური ამნისტია მხოლოდ არადეკლარირებულ ვალდებულებებს შეეხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კანონმორჩილი მეწარმეები, რომლებმაც თავის დროზე საგადასახადო ვალდებულებები არ დამალეს, არაპრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათთვის არაფერი შეიცვლება, რადგან ამნისტიის განმსაზღვრელი კანონის გადამოწმება მოსალოდნელი არ არის.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG