Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ელიან საქართველოში ბუშისა და პუტინის შეხვედრისგან


ხუთშაბათს ბრატისლავაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას საუბარი რომ საქართველოსაც შეეხება, ამაში ეჭვი პრაქტიკულად არავის ეპარება.

ამასთან, ქართველი პოლიტიკოსებისა და პოლიტოლოგების უმრავლესობა არ ელის, რომ ბუშისა და პუტინის მოლაპარაკება საქართველოსადმი რუსეთის ამჟამინდელ დამოკიდებულებას შეცვლის. თბილისში მიიჩნევენ, რომ მოსკოვთან ურთიერთობის მოსაგვარებლად მხოლოდ საქართველოს პოტენციალი არასაკმარისია და ამ პროცესში დასავლეთის მონაწილეობაა აუცილებელი.

ბრატისლავაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს ხვდებიან კრემლის მიერ დემოკრატიის პრინციპთა დარღვევით დასავლეთში გამოწვეული სულ უფრო მზარდი უკმაყოფილების ფონზე. ბუში პუტინის საჯარო კრიტიკას არ აპირებს და რუსეთში მიმდინარე პროცესების განხილვას მასთან პირადი საუბრისას გეგმავს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის შიდა სიტუაციაზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრაცია ვაშინგტონის სხვა მნიშვნელოვან პრიორიტეტებს დააზარალებს. აშშ-ის ინტერესთა სფეროს წარმოადგენს სამხრეთ კავკასია, სადაც რუსეთს საკუთარი მონოპოლიის შენარჩუნება სურს:

[სალომე სამადაშვილის ხმა] ,,ასეთი მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველოს საკითხი საერთოდ თუ დაისვა, ესეც უკვე დიდი მიღწევაა ჩვენი ქვეყნისთვის. ის, რომ რაღაც დეტალებზე იყოს საუბარი, ვფიქრობ, არარეალური მოლოდინია. თუმცა არ გამოვრიცხავ იმას, რომ ბატონმა ბუშმა, უბრალოდ, წამოჭრას საკითხები, რომლებიც მათ მიაჩნიათ, რომ უნდა გადაწყდეს საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში და შესთავაზოს მათი ქვეყნის როლი, როგორც ხელისშემწყობის ამ პროცესის.” (სტილი დაცულია)

მოსაგვარებელ საკითხთა შორის საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი რუსულ სამხედრო ბაზებს ასახელებს და არ გამორიცხავს, რომ მოსკოვი ამ პრობლემასთან დაკავშირებულ ვაჭრობას განაგრძობს:

[სალომე სამადაშვილის ხმა] ,,რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ, საბოლოო ჯამში, მან ეს ბაზები უნდა გაიყვანოს და არსებული ფორმით ვერ შეინარჩუნებს. რასაკვირველია, ისინი ფიქრობენ მათთვის საუკეთესო პირობების გამორჩენას და, ალბათ, დანამდვილებით ვერავინ ვერ გეტყვით, გახდება თუ არა ეს საკითხი ისეთი მაღალი დონის შეხვედრის ერთ-ერთი საგანი, როგორიცაა ბუშისა და პუტინის შეხვედრა, მაგრამ ის, რომ საქართველოზე, ალბათ, რაიმე იქნება ნათქვამი, ვფიქრობ, ეჭვგარეშეა.” (სტილი დაცულია)

ბუშისა და პუტინის შეხვედრის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აშშ აპირებს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას საქართველოში არსებულ კონფლიქტურ ზონებში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციების ინტერნაციონალიზაციის მიზნით. ბრატისლავის სამიტზე ამ საკითხის დასმას ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს პოლიტოლოგი არჩილ გეგეშიძე:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ,,შესაძლოა, აშშ-ში ამის გაგება უკვე არსებობს და ბრატისლავის სამიტზე ამ იდეამ გაიჟღეროს. მე ვერ გეტყვით ამის თაობაზე, მე მოულოდნელად გამიხარდებოდა და გამიკვირდებოდა, თუ აშშ ახლა დააყენებს ამ საკითხს. უფრო მეტად ამას არ ვივარაუდებდი, მაგრამ ღმერთმა ქნას, რომ მე ვცდებოდე. მაშინ დაიწყება სერიოზული პროცესი, რომელმაც უნდა მიგვიყვანოს სამშვიდობო ოპერაციის ინტერნაციონალიზაციამდე, რითიც უკვე უფრო ქმედითუნარიანი საერთაშორისო ფორმატი შეიქმნებოდა ამ კონფლიქტის მოგვარების.” (სტილი დაცულია)

ბრატისლავის სამიტს წინ უძღოდა აშშ-ის სენატის საკმაოდ მკაცრი განცხადება რუსეთისადმი, რომელიც დემოკრატიული სტანდარტების, სამართლის ნორმებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულეს. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მხარს უჭერს საქართველოში არსებულ სეპარატისტულ რეჟიმებს. პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს მიაჩნია, რომ საგარეო პოლიტიკის მხრივ, რუსეთისთვის ერთგვარ ტესტს სწორედ საქართველო წარმოადგენს:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ,,საქართველო არის ერთგვარი ძალიან კარგი ლაბორატორია იმისა, რომ რუსეთი გამოიცადოს, რამდენად გულწრფელია იგი თავის მისწრაფებებში, იმ დაპირებებში და იმ დეკლარაციებში, რასაც იგი მსოფლიოს გასაგონად აკეთებს.” (სტილი დაცულია)

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ოთხი წლის წინანდელ შეხვედრას მოჰყვა ჯორჯ ბუშის ცნობილი ფრაზა იმის თაობაზე, რომ მან თვალებში ჩახედა საბჭოთა უშიშროების ყოფილ პოლკოვნიკს და მიხვდა, რომ მისი ნდობა შეიძლება. მას შემდეგ რუსეთმა დემოკრატიული განვითარება შეწყვიტა, ბირთვული საწვავით ირანის უზრუნველყოფა განაგრძო და სირიისთვის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების მიყიდვას გეგმავს. ამ ფონზე ბრატისლავის შეხვედრისას, სავარაუდოდ, საქართველოსთვის ყურადღების მხოლოდ უმცირესი ნაწილი დარჩება.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG