Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლება ახალქალაქის მოსახლეობას მაქსიმალური პირობების შექმნას ჰპირდება


ახალქალაქის მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელმაც რუსული სამხედრო ბაზის შენარჩუნებისა და რამდენიმე სხვა მოთხოვნით კვირას საპროტესტო აქცია გამართა,

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაგზავნილი მიმართვის ასლები ორშაბათს ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს გაუგზავნა. მიმართვის ავტორები პასუხს 31 მარტამდე ელიან და ამ დრომდე საპროტესტო აქციის განახლებას არ აპირებენ. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ახალქალაქის მოსახლეობას პრობლემების მაქსიმალურად მოგვარებას ჰპირდება და აცხადებს, რომ ქვეყანას შესაბამისი რესურსი მოეპოვება. მინდა შექმნილ ვითარებაზე მოგითხროთ:

რუსული სამხედრო ბაზის ნაჩქარევად დახურვა დაუშვებელია, მოსაწესრიგებელია ცენტრალური საავტომობილო გზა, სკოლებში სომხური ენა და ისტორია უნდა ისწავლებოდეს, ადგილობრივი მოსახლეობა უნდა დასაქმდეს და საქართველოს მოქალაქის პასპორტები ადგილზე მიიღოს - ამგვარია ხელისუფლებისადმი ახალქალაქის სომეხი მოსახლეობის მიმართვის ზოგადი შინაარსი. შეგახსენებთ, რომ მათ საპროტესტო აქცია მას შემდეგ გამართეს, რაც საქართველოს პარლამენტმა რუსეთის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული დადგენილება დაამტკიცა. აქციაში, რომლის ორგანიზატორი სომხური ორგანიზაცია ,,ერთიანი ჯავახკი” იყო, ოფიციალური მონაცემებით, 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
ორშაბათს პრეზიდენტი სააკაშვილი სამხედრო ბაზაზე დასაქმებულ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში სამსახურით უზრუნველყოფას დაჰპირდა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,იმასთან დაკავშირებით, რომ რუსული ბაზები გადის საქართველოდან, ყველა მოსამსახურეს, საქართველოს მოქალაქეს, ვინც არის რუსულ ბაზებზე, გარანტირებულად მივცემთ სამსახურს ქართულ შეიარაღებულ ძალებში. მაგალითად, ახალქალაქში ჩვენ ყველას მათ გადავიყვანთ ადგილობრივ, ჩვენს სახელმწიფო ნაწილში, და ჩვენი ამოცანაა, რომ არც ერთი კვალიფიცირებული ადამიანი, ვინც სამხედროსთან შეხებაშია, არ დარჩეს სამსახურის გარეშე.” (სტილი დაცულია)


გაზეთ ,,კვირის პალიტრის” სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ ახალქალაქის ბაზაზე შტატის მიხედვით მსახურობდა 1700 სამხედრო, მათ შორის - 800 ადგილობრივი სომეხი ეროვნების ოფიცერი, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღეს:

[ირაკლი ალადაშვილის ხმა] ,,ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით იქ სამოქალაქო მოსამსახურე, ანუ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ემსახურება ამ ბაზას, 100-120, მაქსიმუმ 150 შეიძლება იყოს. ეს რიცხვი იცვლება. ამ ბაზის გაყვანა იქ რამე სოციალურ ტრაგედიას, ჩემი აზრით, არ მოახდენს.” (სტილი დაცულია)

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელსაც ახალქალაქში არსებული რუსული ბაზის დახურვის მოწინააღმდეგენი იყენებენ, ის არის, რომ რეგიონიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ მათ თურქები შეცვლიან. ამ ვერსიას სრულ აბსურდს უწოდებს რუსეთის ბაზებთან დაკავშირებული საპარლამენტო დადგენილების ერთ-ერთი ავტორი, დეპუტატი გიგა ბოკერია:

[გიგა ბოკერიას ხმა] ,,საქართველოს ხელისუფლებამ, როგორც ადგილობრივმა წარმომადგენლებმა, ისე მაღალი თანამდებობის პირებმა, ეს ეხება დეპუტატებს და განსაკუთრებით აღმასრულებელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს, ძალიან მკაფიოდ თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე უნდა მიიტანონ ის ამბავი, რომ ეს ინფორმაცია, რომელსაც იქ ავრცელებენ, თავისთავად კომიკური, რომ ჩანაცვლება მოხდება თურქული შეიარაღებული ნაწილებით, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.” (სტილი დაცულია)

ორშაბათიდან მუშაობა დაიწყო სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის განახლებულმა შემადგენლობამ. ახალქალაქში კვირას გამართული საპროტესტო აქციისადმი ადგილობრივი ხელისუფლების რეაქციას ჩვენი კორესპონდენტის მაია იველაშვილისგან შეიტყობთ:

[მაია იველაშვილის ხმა] ,,საპასპორტო განყოფილების რამდენიმე თანამშრომლისგან შემდგარი სპეციალური კომისია დღეს ახალქალაქში გაემგზავრა ადგილობრივი მოსახლეობისათვის პასპორტების გასაცემად. ისინი ჯავახეთში პერიოდულად ავლენ და იმუშავებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადგილზე შეიძლება გაიხსნას საპასპორტო განყოფილება, - აცხადებს პრეზიდენტის რწმუნებული გოგა ხაჩიძე. იგი 62-ე ბაზაში დასაქმებულ თანამშრომლებს ქართული ჯარის ჩანაცვლების შემდეგ სამხედრო ბინების საკუთრებაში გადაცემასაც ჰპირდება. რაც შეეხება სკოლებში სომხური ენისა და ისტორიის სწავლებას, ხაჩიძე ვერც ამაში ხედავს პრობლემას. მისი აზრით, მოლაპარაკებით ყველა საკითხის მოწესრიგება შესაძლებელია, მრავალათასიანი მიტინგებით კი მიზანს ვერავინ მიაღწევს.” (სტილი დაცულია)


ახალქალაქის სომხურმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია 31 მარტამდე შეწყვიტა და საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვაში ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების დაწყებას ამ დრომდე მოითხოვს. საგულისხმოა, რომ ადგილობრივი ანალიტიკოსები რუსეთის ხელისუფლებას კვლავ აქტიურად ურჩევენ რეგიონში შექმნილი სიტუაცია სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით ხელსაყრელი გადაწყვეტილების მისაღწევად გამოიყენონ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG