Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როდის ჩნდება დამოუკიდებლობის შეგრძნება


დამოუკიდებლობა ნებისმიერი ქვეყნის განსაკუთრებული სიამაყის საგანს წარმოადგენს, თუმცა ამ სტატუსს კონკრეტული შინაარსით შევსება სჭირდება. რით უნდა გამოიხატებოდეს

ქვეყნის დამოუკიდებლობა და როდის ჩნდება დამოუკიდებლობის შეგრძნება?

ოთხი წლის წინ, 26 მაისს, თბილისში, იმ შენობასთან, სადაც საბჭოთა პერიოდში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი მდებარეობდა, ძეგლი დაუდგეს ადამიანს, რომელიც არასდროს მალავდა, რომ ,,მთელი ქვეყნის აზროვნების გაუნათლებლობის” დაძლევის პრეტენზია ჰქონდა.
,,მოქალაქე შეიძლება გახდეს ის, ვისაც უკვე აქვს მოქალაქედ ყოფნის მოთხოვნისა და მოლოდინის უნარი. თუკი შენში ეს ჰორიზონტი არ არის, გარედან მოქალაქეობრიობის აზრს ვერ აღიქვამ. როდესაც ეს წარმოსახვითი ჰორიზონტი დასაშვებ ცხოვრებას ემთხვევა, ადამიანს შეუძლია რთულ, დემოკრატიულ ინსტიტუტებში იცხოვროს. ამ ინსტიტუტების გადმოღება არ შეიძლება, რადგან არაფერი გამოვა.” - ეს ფრაგმენტია ცნობილი ფილოსოფოსის მერაბ მამარდაშვილის ლექციების კურსიდან ,,აზროვნების ესთეტიკა,” რომელიც მან 1986-87 წლებში თბილისის უნივერსიტეტში წაიკითხა.
4 წლის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა და კიდევ 10 წლის შემდეგ, 26 მაისს, მერაბ მამარდაშვილს ძეგლი დაუდგა იქ, სადაც ამჟამად ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლო მდებარეობს.
შენი ქვეყნის დამოუკიდებლობა შეიძლება რამდენიმე ნიშნით შეიგრძნო - ამბობს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ,,დამოუკიდებლობის შეგრძნება მოდის მაშინ, ქვეყნის დამოუკიდებლობის, როდესაც მოსახლეობა გრძნობს, რომ მას აქვს მყარი სახელმწიფოებრიობა და მას ჰყავს მმართველი ფენა თუ მმართველი კლასი, თუ ელიტა, რომელიც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს. აი, როცა ეს შეგრძნებები აქვს, მაშინ ის გრძნობს, რომ დამოუკიდებელია. თუ ეს არ არის, მაშინ დამოუკიდებლობა არის მოჩვენება მხოლოდ.” (სტილი დაცულია)

შეგვიძლია თუ არა თანამედროვე საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად მოვიაზროთ? - სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრის დირექტორს ნიკო მელიქაძეს მიაჩნია, რომ ჩვენს საზოგადოებას დამოუკიდებლობის საკითხი კარგად გათვითცნობიერებული არა აქვს:

[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,პოპულარული მიდგომა და პოპულარული გაგება საკმაოდ გავრცელებული, ქვეყანას დამოუკიდებლად განიხილავს, თუ სხვა ქვეყნის პოლიტიკური ნება მას საკუთარ მოთხოვნებს არ ახვევს თავს. ამ თვალსაზრისით სწორედ, გვინდა ყველას, რომ რუსეთის სამხედრო ბაზები წავიდეს აქედან. ამ ტიპის საფრთხედ გვევლინება ისევ რუსეთის სამხედრო კონტინგენტის ყოფნა სეპარატისტულ ტერიტორიაზე.” (სტილი დაცულია)

ამგვარ ხედვას ნიკო მელიქაძე ზედაპირულს უწოდებს, რადგან შესაძლოა, უცხო ბაზები არ არსებობდეს, სეპარატისტული ტერიტორიები დაბრუნებული და ინტეგრირებული იყოს, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყანა არ გვქონდეს და, პირიქით. ფილოსოფიური თვალსაზრისით, აბსოლუტურად დამოუკიდებელი არავინაა. მით უმეტეს, როდესაც პატარა ქვეყანა ხარ, გარკვეულ დაქვემდებარებას ვერ გაექცევი, - ამბობს ალექსანდრე რონდელი:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ,,მაგრამ ლაქია არ უნდა იყო, ესაა მთავარი. იმიტომ რომ ლაქია ყველას ეზიზღება, იმასაც კი, ვისი ლაქიაც ხარ. მაგრამ თანდათანობით ჩვენ იმ სუვერენულობას ნამდვილ დამოუკიდებლობასაც შევძენთ, იმიტომ რომ პოლიტიკური კულტურა ვითარდება ჩვენი, სტრატეგიული კულტურა ვითარდება. დამოუკიდებლად არსებობის ჩვევები მხოლოდ ახლა მუშაობს, არა?! მაგრამ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ იზოლირებული ხარ. ყველა ერთმანეთს ანგარიშს უწევს, მით უმეტეს, თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში ამას ჩვენ ვერ გავექცევით. მაგრამ გადაწყვეტილების მიმღები შენ უნდა იყო და არა სხვა.” (სტილი დაცულია)


მსოფლიოს სახელმწიფოთა ურთიერთობების სისტემა სხვადასხვა ქვეყნებზე სხვადასხვა ფორმით მოქმედებს. არსებობს საკმაოდ ძლიერი ზემოქმედების ისეთი სახეობაც, რომლის წარმოქმნის პოლიტიკური წყარო არ ჩანს. მისი დანახვის და შესაბამისი ზომების მიღების გარეშე განვითარებას და ღირსეულ არსებობას ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებს, - ამბობს ნიკო მელიქაძე:


[ნიკო მელიქაძის ხმა] ,,ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას დღეს, ჩემი შეფასებით, არ გააჩნია ამ ტიპის პრობლემათა დანახვის, მათზე ადეკვატური რეაგირების პოლიტიკის დამუშავების უნარი. ქვეყანას არ გააჩნია სტრატეგია, არ გააჩნია ერთიანი ხედვა. დომინირებს ილუზია, რომ ყველა კონკრეტული პოლიტიკის ერთიან სტრატეგიაზე დაფუძნების გარეშეც გავალთ ფონს. აი, ეს კი ღრმა შეცდომაა.” (სტილი დაცულია)

ამგვარი პირობების შენარჩუნებამდე საქართველოს მუდმივად ექნება გარემოებების მსხვერპლად გადაქცევის საფრთხე. შესაბამისად, დამოუკიდებლობაზე საუბარი შეუძლებელი იქნება. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის მიერ უკვე მიღწეული, გარკვეული შედეგების საფუძველზე ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ზრუნვა რეალურ განვითარებაზე, რომლის გარეშეც დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG