Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით აღდგენილმა შოთა რუსთაველის ფრესკამ საკუთარი სული დაკარგა


ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტმა საქართველოს გადმოსცა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გასულ ზაფხულს დაზიანებული შოთა რუსთაველის ფრესკის რესტავრაციის

დასრულებასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. ამ მასალის მიხედვით, უნიკალური ფრესკა საერთაშორისო ნორმების მიხედვითაა აღდგენილი, თუმცა, ქართველი მეცნიერების შეფასებით, შოთა რუსთაველის ერთადერთი ფრესკა ადრინდელ ემოციას აღარ იწვევს. რა სახის სამუშაო ჩატარდა ქართველი სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე და რა ახალი საფრთხის წინაშეა წმინდა მიწაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობა?

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ერთადერთი ფრესკის დაზიანების გამო დამნაშავენი არავის დაუსჯია, საქართველოში დაწყებული აჟიოტაჟიც საკმაოდ მალე ჩაცხრა, ქართველ სპეციალისტებს კი, რომლებისთვისაც წმინდა მიწაზე არსებული საგანძური ყოველდღიური ფიქრის საგანია, რესტავრაციის პროცესში მონაწილეობა აუკრძალეს. იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქოს აკრძალვისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია არც ისრაელს, რომლის სიძველეთა დეპარტამენტმა ფრესკის აღდგენა, ქართველი სპეციალისტებისგან მიღებული მასალების საფუძველზე, მარტში დაასრულა. რამდენიმე დღის წინ საქართველომ რესტავრაციის ამსახველი დოკუმენტაცია მიიღო. იერუსალიმის ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელი თამილა მგალობლიშვილი განმარტავს, რომ დოკუმენტაცია საერთაშორისო ნორმების დაცვითაა შედგენილი:

[თამილა მგალობლიშვილის ხმა] ,,მადლობის მეტი, ფაქტობრივად, დღეს ჩვენ არაფერი გვეთქმის, იმიტომ რომ ერთი წლის თავზე ფრესკა აღდგენილია, დოკუმენტაციის თვალსაზრისით, არის შესანიშნავად გაკეთებული. ძალიან ძნელია ამ შემთხვევაში შედავება, მაგრამ რომ უყურებ შოთას ფრესკას- ის ყოველი ქართველისთვის იყო რაღაც სხვა- და ახლა უყურებ, კი, ცხვირი ცხვირის ადგილზეა, თვალი თვალის ადგილზეა, მაგრამ შოთა არ არის. აი, ახლა გამახსენდა ,,არაჩვეულებრივი გამოფენა” ელდარ შენგელაიასი. აი, ზუსტად იმ სიტუაციაში ვართ.” (სტილი დაცულია)

ისრაელიდან მიღებულ დოკუმენტაციაში ერთმანეთის გვერდითაა დაბეჭდილი ჯერ კიდევ რუსთაველის ფრესკისთვის მარჯვენა თვალის დაზიანებისას და ამჟამინდელი რესტავრაციის შემდეგ გადაღებული ფოტოები. ის, რომ ფრესკის ხასიათი აბსოლუტურად შეცვლილია, ცხადი თუნდაც ამ ორი ფოტოს ხილვისას ხდება. თამილა მგალობლიშვილი ამბობს, რომ რესტავრაციაზე ქართველი სპეციალისტების თუნდაც დასწრება შოთა რუსთაველის ფრესკას სულს შეუნარჩუნებდა:

[თამილა მგალობლიშვილის ხმა] ,,ჩვენთვის იგივე ხელნაწერი ან რაღაც სიძველე არ არის სიძველე, როგორც ნივთი, ხელნაწერი, როგორც დოკუმენტი. ის არის ცოცხალი, რომელსაც ასევე ვექცეოდით, იმიტომ რომ ჩვენი მასწავლებლები ამას გვასწავლიდნენ. ფსიქოლოგიურად, იცით, ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვა არის.” (სტილი დაცულია)

დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტი მზად არის ქართველი ექსპერტების შენიშვნები გაითვალისწინოს და ფრესკა ხელახლა აღადგინოს. ნათქვამია ისიც, რომ დაცულია რუსთაველის ფრესკის ჩამოფხეკის შემდეგ დარჩენილი ძველი ფენების ნაწილი. თუმცა რამდენადაა ეს ფენები გამაგრებული, უცნობია. არადა, ეს აუცილებელია შემდგომი ანალიზისათვის, რომელიც ქართველ მეცნიერებს ფრესკის შექმნის ზუსტი თარიღის დასადგენად სჭირდებათ. პირადად ისრაელის წარმომადგენლებს ეს არ აინტერესებთ და არც შესაბამისი სამუშაო ჩაუტარებიათ.
რუსთაველის ფრესკის დაზიანების გამო, შარშან ზაფხულში თბილისში რამდენიმე ემოციური საპროტესტო აქცია ჩატარდა, ხელისუფლებამაც პროტესტი არაერთხელ გამოხატა და ყველაფერი მხოლოდ ამით შემოიფარგლა. გასული წლის განმავლობაში საქართველოს რომ თანმიმდევრულად ემოქმედა, ბერძნულ საპატრიარქოზე ზეწოლის მეთოდები აქტიურად გამოეყენებინა და იმის განცდა ჰქონოდა, რომ წმინდა მიწაზე ქართული კულტურული მემკვიდრეობა მისი განძია, შედეგი, შესაძლოა, სულ სხვაგვარი ყოფილიყო:

[თამილა მგალობლიშვილის ხმა] ,,პრეტენზია მაქვს ჩვენ თავთან, ქართველებთან. საზოგადოებასთან, მეცნიერებთან, მთავრობა გინდათ, თუ....რა ვიცი, ჩემთვის სულერთია. და, მით უმეტეს, შოთა რუსთაველის ფრესკა, რომელიც იყო ერთადერთი, უნიკალური და იმდენად არათანმიმდევრული ვართ, რომ შედეგიც მივიღეთ. ჩვენ მფლობელობას არ ვედავებით, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა და ხომ შეიძლება დავანახვოთ იქ, რომ ჩვენ ვართ პატრონები ამისა. ამით სახელმწიფოს იმიჯი ექნება, იცით?! მაგრამ ჩვენ დღეს ამას რატომღაც ვერ ვახერხებთ.” (სტილი დაცულია)

თამილა მგალობლიშვილი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის პრეტენზია, მსოფლიოს და კერძო პირების დახმარება და საერთაშორისო კანონები ქმნის იმის საფუძველს, რომ ქვეყანამ უცხოეთში არსებულ ქართულ ძეგლებზე იზრუნოს. საგულისხმოა, რომ, იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოში ამჟამად არსებული ვითარების გამო, წმინდა მიწაზე ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას ახალი საფრთხე ემუქრება. პატრიარქ ირინეოსს აღარავინ ემორჩილება, საეკლესიო კანონების გამო კი - მის შემცვლელს ვერ ირჩევენ:

[თამილა მგალობლიშვილის ხმა] ,,დღეს იქ აბსოლუტური ქაოსია და რა გარანტია გვაქვს, რომ უმნიშვნელოვანესი, უმდიდრესი ხატები, ნაქარგობები, უძვირფასესი თუნდაც ფრესკები, რომლებიც შესანიშნავად შეიძლება გაიყიდოს, რატომ არ გააკეთებენ ამას, როდესაც, მაგალითად, 80-იანი წლების დასასრულს რამდენიმე ფრესკა ჯვრის მონასტრის კედლებიდან ჩამოიხსნა და გაიყიდა, იმიტომ რომ მის ერთ-ერთ წინამძღვარს ფეხები სტკიოდა და ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი ბელგიაში. აი, ამ ჩამოხსნილი ფრესკების საფასურად გაიკეთა მან ოპერაცია.” (სტილი დაცულია)

,,გადავარჩინოთ დაღუპვის პირას მისული კულტურული მემკვიდრეობა წმინდა მიწაზე” - ამ სათაურით მომზადებულ წერილს და ფოტომასალას იერუსალიმის ქართული ექსპედიციის ხელმძღვანელი თამილა მგალობლიშვილი უახლოეს ხანში უცხოელ კოლეგებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნის. სანამ სახელმწიფო უმოქმედოდაა, ქართველი მეცნიერები იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოზე ზემოქმედებისთვის დახმარებას თავად ითხოვენ, თუმცა მხოლოდ ამ ძალისხმევას არასაკმარისად მიიჩნევენ.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG