Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერის პირდაპირი არჩევნების მოთხოვნას ახალი მიზნები შეემატა


საზოგადოებრივი მოძრაობა ,,სახალხო ფორუმი,” რომელმაც საარჩევნო ადმინისტრაციას ხელმეორედ მოსთხოვა მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევნებთან

დაკავშირებული რეფერენდუმის დანიშვნა, პასუხს 8 ოქტომბრამდე ელის. თუმცა ფორუმის ლიდერებს დადებითი შედეგის იმედი არა აქვთ და პარლამენტისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად ემზადებიან. ამ და კიდევ რამდენიმე სხვა ინიციატივის გასაცნობად “სახალხო ფორუმმა” კინოს სახლში მეცნიერების, ხელოვნებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიწვია.


საიმისოდ, რომ ტრადიციული შეკითხვა “რა გვეშველება” აღარ დაისვას და რომელიმე ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევის შემდეგ ძილის პროცესი არ იწყებოდეს, საზოგადოება მუდმივად აქტიური უნდა იყოს, - ასე ფიქრობს მოძრაობა “სახალხო ფორუმი”, რომელმაც მერებისა და გამგებლების პირდაპირ არჩევნებთან დაკავშირებული, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაწუნებული, განაცხადი შეასწორა და ხელმეორედ წარადგინა. ფორუმის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ასათიანი, დარწმუნებულია, რომ აქტიურ საზოგადოებას შეუძლია ხელისუფლებას თავისთვის სასურველი გადაწყვეტილება მიაღებინოს:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,თვითმმართველობა რაკი ხალხის მმართველობას და რეალურ დემოკრატიას ნიშნავს, თვითონ თვითმმართველობის მოპოვება, მე ვფიქრობ, ხალხის საქმე უნდა იყოს. ამიტომ ჩვენ გვინდა ჩამოვაყალიბოთ თბილისის საზოგადოებრივი საბჭოს მსგავსი ფორუმთან, რომელიც, თუ უარი იქნება რეფერენდუმზე, და ასე ჩანს, დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას საკანონმდებლო ინიციატივაზე. მას კი სჭირდება 30 ათასი, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ 300 ათასის, ნახევარი მილიონის მოგროვებას, რომ შევქმნათ მორალური უპირატესობა.” (სტილი დაცულია)

პარასკევს “სახალხო ფორუმმა” დაასახელა კიდევ ერთი მიზანი, რომელსაც მოძრაობის ლიდერები მთავარს უწოდებენ. აკაკი ასათიანი ამბობს, რომ ხელისუფლებაში ერთი პოლიტიკური ძალის მეორით ჩანაცვლება არაფერს მოიტანს, თუკი ქვეყნის მართვაში სწორედ საზოგადოება არ ჩაერთვება აქტიურად:

[აკაკი ასათიანის ხმა] ,,ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ამის შემდეგ რა იქნება. ეს არასდროს არ ყოფილა ამ ქვეყანაში. ჩვენ სულ ვებრძოდით რაღაცას ან ვიღაცას, ვამარცხებდით ადრე თუ გვიან, მაგრამ მერე ვდგებით ფაქტის წინაშე, რომ გაგრძელება არ ვიცით. ესენი წავლენ. მერე რა იქნება ამ ქვეყანაში, ეს არის ეხლა შესათანხმებელი. დიდი დროც არა გვაქვს. რამდენიმე თვეში უნდა შევთანხმდეთ, ამის მერე რა იქნება.” (სტილი დაცულია)

რა უნდა იყოს შემდეგ? - მხატვარი თემურ გოცაძე ამბობს, რომ ყველაფრის საფუძველი კანონის უზენაესობაა:

[თემურ გოცაძის ხმა] ,,ეს არის კანონი და კანონის პატივისცემა. ეს არის სასამართლო ხელისუფლება, რომელიც არც ერთ კონკრეტულ შემთხვევაში არ მოგცემს იმის უფლებას, რომ დაარღვიო. გინდა ხელისუფალი იყო და ვინც გინდა იყო. ეს არის კანონის მიმართ მორჩილება მხოლოდ და მხოლოდ. ყველაფერი დანარჩენი, რაზეც აქ არის ლაპარაკი, ეს ყველაფერი კანონში გაიწერება და როგორც ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, იგივე მოხდება შენთანაც. გარდა ყველაფერი ამისა, ეროვნულიც იქნები.” (სტილი დაცულია)

“სახალხო ფორუმი” და მისი იდეების მხარდამჭერები გამოდიან საზოგადოების მუდმივი და მიზანმიმართული მოქმედების ინიციატივით და არა ისეთი სპონტანური აქციებისა, როგორიც მოსწავლეთა სასახლესთან დაკავშირებით გაიმართა. ფორუმის საზოგადოებრივი საბჭო, რომლის ფორმირება ამჟამად მიმდინარეობს, განსხვავებულობისა და აქტიურობის პირველი შედეგის გამოვლენას, სავარაუდოდ, მას შემდეგ შეეცდება, რაც ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაცია საბოლოო პასუხს გასცემს მერების და გამგებლების პირდაპირ არჩევნებთან დაკავშირებული რეფერენდუმის მოთხოვნას.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG