Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლებას ამომრჩეველთა მოსყიდვაში ადანაშაულებს


პრაიმერის იდეით გაერთიანებული ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. ხელახალ შუალედურ საპარლამენტო

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ახალი მემარჯვენეებისა და კონსერვატორების ლიდერებმა მმართველი პარტიის კანდიდატების მიერ ამომრჩეველთა მოსყიდვის ამსახველი მასალები გამოაქვეყნეს. გარდა მოსყიდვისა, ოპოზიცია ხელისუფლებას ამომრჩევლების დაშინებასა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატების სასარგებლოდ საბიუჯეტო თანხის ხარჯვაში ადანაშაულებს.

პრაიმერის იდეით გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა, როგორც თავად ამბობენ, საარჩევნო განგაშის გამოცხადება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პირადად შეისწავლეს პირველ ოქტომბერს დაგეგმილი შუალედური საპარლამენტო არჩევნების მომცველ ხუთ ოლქში არსებული სიტუაცია. ახალი მემარჯვენეები და კონსერვატორები აცხადებენ, რომ ისნის, ტყიბულის, ბათუმის, ქობულეთისა და შუახევის ოლქებში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატები უნდა აირჩიონ, ხელისუფლება თავისი კანდიდატების გამარჯვებას კანონმდებლობის სრული დარღვევით ცდილობს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ,,ეს განპირობებულია ერთი მარტივი მიზეზით, რომელიც პირდაპირ წამოსცდა საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ სააკაშვილს, რომ მისთვის ტყიბული კი არ არის მნიშვნელოვანი, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს მისმა კანდიდატმა და ჰყავდეს კიდევ ერთი ადამიანი პარლამენტში.” (სტილი დაცულია)

დავით გამყრელიძე და კობა დავითაშვილი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს საარჩევნო კოდექსის დარღვევასა და სხვადასხვა ოლქებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატთა აგიტაციაში ადანაშაულებენ. ხელისუფლებისადმი ოპოზიციის ბრალდებებს შორისაა მმართველი პარტიის კანდიდატთა სასარგებლოდ საბიუჯეტო თანხების ხარჯვა, ამომრჩევლებისა და პირადად გამგებლების დაშინება და ელექტორატის მოსყიდვა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,მე მრავალ არჩევნებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ ესოდენ ბრიყვული მოსყიდვა არ მინახავს - როდესაც წერილობით დოკუმენტებს ქმნიან მოსყიდვის მონაწილეები, მოსყიდვის დამადასტურებელს. ჩვენ გვაქვს ვიდეომასალა და დოკუმენტური მტკიცებულება. ამაზე მეტი რა უნდა იყოს აუცილებელი, რომ დადასტურდეს ამომრჩევლის მოსყიდვა?!” (სტილი დაცულია)

კობა დავითაშვილის მიერ დასახელებულ მასალებს შორის, რომელიც ხუთშაბათს ჟურნალისტებს გააცნეს, ერთ-ერთს ხელს თერაპიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი აწერს. ის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ კობა ხაბაზს ოფიციალური ბლანკით ამცნობს, რომ მის კენჭისყრასთან დაკავშირებით, 8 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, თერაპიის ცენტრი ქობულეთის მოსახლეობისთვის უფასო კონსულტაციებს ატარებს. მემარჯვენეებმა და კონსერვატორებმა წარმოადგინეს რამდენიმე ადგილობრივი მცხოვრების ხელწერილებიც, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ კობა ხაბაზის მიერ მიწვეულმა ექიმებმა გასინჯეს და 5 ლარის მედიკამენტებიც უფასოდ მიიღეს. გაცილებით მძიმეა ის ბრალდება, რომელიც დავით გამყრელიძემ ისნის დეპუტატობის კანდიდატს წაუყენა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ,,ბატონი ბრეგაძის წარმომადგენლები ,,სუბოტექსს” არიგებენ ისნის მოსახლეობის იმ წარმომადგენლებთან, ვისაც, ეტყობა, ეს მიდრეკილება აქვს. ეს ხდება მეტრომშენის დასახლებაში, შეიძლება სხვაგანაც, მაგრამ მე ფაქტები მაქვს მეტრომშენის დასახლებიდან. მე მეტს ვერ ვიტყვი და შემიძლია ვუთხრა პროკურატურის წარმომადგენლებს, რომ არც მათ არ ვეტყვი. იმიტომ რომ შემდგომ რეპრესიები არ გაატარონ იმ ადამიანებზე, ვინც მე ეს ინფორმაცია მომაწოდა.” (სტილი დაცულია)

პრაიმერის იდეით გაერთიანებულ ოპოზიციურ პარტიებს პრეტენზიები აქვთ ცსკ-ისადმი, რომელმაც, მიუხედავად არსებული კანონისა, ამომრჩეველთა სიები თხუთმეტ სექტემბრამდე არ მოამზადა. თავად სიებში გარდაცვლილი მოქალაქეებიც არიან, პრაიმერის მონაწილე ამომრჩეველთა ნაწილი კი საერთოდ არ შეუტანიათ:

[დავით გამყრელიძის ხმა] ,,ესეთი ქაოსი სიებთან დაკავშირებით ჩემთვის იყო მოულოდნელი. ეტყობა, აქაც სერიოზული ჩანაფიქრია. მდგომარეობა არის ანალოგიური, როგორიც იყო 2 ნოემბერს, რასაც მოჰყვა ხალხის სერიოზული მღელვარება და რომელიც გამოიყენა მერე სააკაშვილმა თავის გადატრიალების ორგანიზებისთვის.” (სტილი დაცულია)

მემარჯვენეებმა და კონსერვატორებმა ცსკ-ს კონკრეტული კანდიდატის, კობა ხაბაზის, რეგისტრაციის გაუქმება მოსთხოვეს. ამ მოთხოვნას საარჩევნო ადმინისტრაციამ პასუხი პრაქტიკულად უკვე გასცა, როდესაც ხუთშაბათს ქობულეთის დეპუტატობის კანდიდატთან დაკავშირებული ანალოგიური საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარი უთხრა ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG