Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის პოლიტიკურ ცხოვრებაში თანამდებობრივი შეუთავსებლობის პერიოდი დასრულდა


დღეს საქართველოს პარლამენტს ორი ახალი დეპუტატი შეემატა და ერთი გამოაკლდა. უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ბათუმისა და შუახევის მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილება ცნო

და ანალოგიური სტატუსი ვადამდე შეუწყვიტა მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს. გიორგი არველაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად ოფიციალურად ერთი კვირის წინ დაინიშნა, თუმცა ამ მოვალეობას ზაფხულიდან ასრულებს, რაც დეპუტატთა ნაწილის უკმაყოფილებას იწვევდა. მინდა თანამდებობრივი შეუთავსებლობის ამოწურულ პრეცედენტზე მოგითხროთ.

გიორგი არველაძე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში მესამე ნომერი იყო. მის წინასაარჩევნო ანკეტურ მონაცემებში პროფესიად საერთაშორისო ურთიერთობები და სახელმწიფო მართვა იყო მითითებული, თანამდებობის გრაფაში კი - უმუშევარი. პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ, დეპუტატობის გარდა, არველაძეს დამატებითი სამუშაო გაუჩნდა. 3 თვის წინ ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, თბილისის მერად დანიშნული გიგი უგულავას ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შესრულება დაევალა. იმავე დღეს არველაძემ განაცხადა, რომ ამ პოსტზე დროებითაა, რის გამოც დეპუტატის მანდატზე უარის თქმას არ აპირებს. საპარლამენტო ოპოზიციამ ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისთვის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სტატუსის არაოფიციალურად მინიჭება ზაფხულშივე შეაფასა საჯარო სამსახურის ეთიკის დარღვევად, საშემოდგომო სესიაზე კი პარლამენტის თავმჯდომარისგან იმის გარკვევა მოითხოვა, თუ რომელ თანამდებობაზე მუშაობს გიორგი არველაძე და რატომ ინარჩუნებს დეპუტატის მანდატს. უმრავლესობა კოლეგის თანამდებობრივი შეუთავსებლობის ფაქტს უარყოფდა და განმარტავდა, რომ არველაძე, რომელიც პრეზიდენტის დავალებებს ასრულებს, ადმინისტრაციის უფროსად ოფიციალურად არ დანიშნულა. ოფიციალური სტატუსი გიორგი არველაძეს პრეზიდენტმა ოც ოქტომბერს მიანიჭა, რის შემდეგაც 8 დღის განმავლობაში არველაძე უკვე აშკარად ითავსებდა ერთდროულად ორ პოსტს. ეს ხარვეზი პარლამენტმა პარასკევს გამოასწორა და მას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ,,ნამდვილად არ მივესალმები იმ ფაქტს, რომ ბატონი გიორგი ტოვებს პარლამენტს და გადადის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ყველა შემდგომ მცდელობას, პარლამენტიდან წაიყვანონ ადამიანები, ვისაც შეუძლია ძალიან კარგად შეასრულოს პარლამენტარის მოვალეობა, მე ძალიან მწვავედ შევეწინააღმდეგები.” (სტილი დაცულია)

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა თავისი გამოსვლა, დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ნინო ბურჯანაძისადმი მადლიერების გამოხატვით დაიწყო, პარლამენტის წევრობას პატივი და ღირსება უწოდა და განაცხადა, რომ იდეურად უმრავლესობის წევრად რჩება:

[გიორგი არველაძის ხმა] ,,მე, მართლაც, მეამაყება ის რამდენიმე ისტორიული, ჩემი აზრით, გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვასწარით, რომ მიგვეღო. რომელშიც ჩემი, თუნდაც, ერთი ხმა, მაგრამ მაინც რაღაც მოკრძალებული წვლილი არსებობს.” (სტილი დაცულია)

გიორგი არველაძე დარწმუნებულია, რომ პარლამენტის მიერ მომავალში მიღებულ გადაწყვეტილებათაგან ისტორიული კიდევ არაერთი იქნება. ამ მისიას, უმრავლესობის სახელით, პარასკევიდან კიდევ ორი დეპუტატი შეასრულებს, რადგან პარლამენტმა ბათუმისა და შუახევის მაჟორიტარების -ჯემალ ინაიშვილისა და ელგუჯა მაკარაძის - უფლებამოსილება ცნო.
პარასკევსვე, ბიზნესფორუმზე გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დათვალა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და შედეგი პოლიტიკური სისტემის სტაბილურობის დასტურად გამოაცხადა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ყველა ელოდებოდა, რომ უმრავლესობა დაიშლებოდა ნახევარი წლის წინ, ერთი წლის წინ. ნაციონალურმა მოძრაობამ, რომელსაც ჰქონდა სრულიად უპრეცედენტო უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში, ამ პერიოდში დაკარგა 7 დეპუტატი და მაჟორიტარული არჩევნებით შემოვიდა 8 წევრი. ესე იგი, უფრო მეტი გვყავს დღეს, ვიდრე გვყავდა პარლამენტში შესვლის დღეს.” (სტილი დაცულია)

პარლამენტში ხელმეორედ შესვლას და უმრავლესობასთან შეერთებას კვლავ ელის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ხაბაზი, რომლის უფლებამოსილება ჯერჯერობით ოფიციალურად დადასტურებული არ არის. რაც შეეხება გიორგი არველაძეს, როგორც ნაციონალური მოძრაობის პრეს-სამსახურში გვითხრეს, მას, ალბათ, ზურაბიანი შეცვლის. საარჩევნო სიაში ის 151-ე ნომერი იყო, პროფესიით საქონელმცოდნეა და სიაში ჩართვის მომენტში, არველაძის მსგავსად, უმუშევარი იყო.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG