Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებები წლის მთავარი ეჭვის საფუძვლად იქცა


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდაცვალებამ ქვეყანაში შინაარსით ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე ეჭვი წარმოშვა.

საუბრობდნენ იმის თაობაზე, რომ ზურაბ ჟვანიას დაღუპვის შემდეგ საქართველოში პრემიერ-მინისტრობის ინსტიტუტი კვლავ გაუქმდებოდა, კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების კურსს კი საომარი მოქმედებების განახლების გადაწყვეტილება შეცვლიდა.
თუმცა დღემდე მთავარი ეჭვი ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს უკავშირდება. მინდა ოფიციალურად დასრულებული გამოძიების ზოგიერთი სადავო დეტალი გავიხსენო.


საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება თებერვლის დასაწყისში გორში განხორციელებულ ტერაქტს უკავშირდებოდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ზურაბ ჟვანია ქვეყანაში დესტაბილიზაციის შესაძლებლობაზე საუბრობდა:

[ზურაბ ჟვანიას ხმა] ,,ის, რაც მოხდა გუშინ გორში, გარდა ადამიანური ტრაგედიისა, ასევე ძალიან სერიოზულ კითხვის ნიშნებს სვამს: ვის აქვს ჩაფიქრებული ახალი, სერიოზული დესტაბილიზაციის მცდელობა საქართველოში?” (სტილი დაცულია)

სამ თებერვალს, დილით, შინაგან საქმეთა მინისტრმა პრემიერის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა და განაცხადა, რომ გამოძიება დაწყებულია. ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობით ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებსა და სხვა მასალებზე დაყრდნობით, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზად გენერალურმა პროკურატურამ გაზით მოწამვლა დაასახელა. მათ შორის, ვინც სამართალდამცავთა განმარტებებს არ დაუჯერა, დეპუტატი კობა დავითაშვილიც იყო:

[კობა დავითაშვილის ხმა] ,,ჩვენ მოვითხოვთ, უკვე გამოქვეყნებული მასალების საფუძველზე სამართლებრივი რეაგირება რატომ არ არის შესაბამისი გაკეთებული. ანუ რატომ არ განიხილება მკვლელობის ვერსია, რატომ არის ის თავიდანვე გამორიცხული და რატომ არ არის სამართლებრივი დევნა დაწყებული დაცვის წევრების მიმართ, როცა ამის ყველა საფუძველი, სამართლებრივი, არსებობს.” (სტილი დაცულია)

ოფიციალურ დასკვნაში ეჭვი თავად ზურაბ ჟვანიას ოჯახის წევრებმა შეიტანეს, ტელევიზიით ჟურნალისტური გამოძიების ამსახველი ფილმის ჩვენების შემდეგ კი ოპოზიციამ სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. ამას პარლამენტში უმრავლესობის უარი, სპეკულაციის ბრალდება და გარდაცვლილი პრემიერის მეგობრობა-მტრობის გარკვევა მოჰყვა:

[მიხეილ მაჭავარიანის ხმა] ,,თქვენგან განსხვავებით, არც პრეზიდენტი, ზურაბ ჟვანიას უახლოესი მეგობარი, და არც ჩვენ, ვინც ამ დარბაზში ვზივართ, არც მისი მეგობრები, რომლებიც ძალოვანი მინისტრები არიან, არ დაუშვებენ იმას, რომ ეს თემა გახდეს სალაპარაკო და სავაჭრო თემა.” (სტილი დაცულია)

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ,,მე მაინტერესებს, ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის გარდაცვალების რეალური საფუძველი რა იყო. ეს არის საზოგადოებრივი შეკვეთა და არა ექსკლუზივი იმაზე, ვინ იყო ჟვანიას მეგობარი თუ მისი ფსევდო მეგობარი. ყველას კარგად გვახსოვს, რანაირი მეგობრები იყავით ერთმანეთის!” (სტილი დაცულია)

დავით ბერძენიშვილისადმი მიხეილ მაჭავარიანის დანაპირების მსგავს კიდევ არაერთ განცხადებას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებათა ობიექტური გამოძიების თაობაზე არც არსებული ეჭვი გაუფანტავს და არც გამოძიების ოფიციალური დასკვნა შეუცვლია - პრემიერ-მინისტრი გაზის გაჟონვამ იმსხვერპლა.
შემდეგ იყო მოედნების, ხიდებისა და სასწავლებლებისთვის ზურაბ ჟვანიას სახელის დარქმევის ცერემონიები, პრემიერის ხსოვნისადმი მიძღვნილი გამოფენები და პრეზენტაცია მისი წიგნისა ,,ჩვენი თაობის პრივილეგია.” თაობის ფორმირებაში ზურაბ ჟვანიას დამსახურება ვარდების რევოლუციიდან ორი წლისთავზე პრეზიდენტმა დღემდე უცნობი ფორმულირებით გაიხსენა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ,,ჩვენ ვართ პირველი ყოფილი საბჭოთა ქვეყანა,სადაც მთლიანად გამოიცვალა პოლიტიკური კლასი. ამაში გადამწყვეტი როლი ითამაშა ზურაბ ჟვანიას ფაქტორმა და ზურაბ ჟვანიას პიროვნებამ. იმიტომ რომ ის გვაგროვებდა ჩვენ თითო-თითოდ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.” (სტილი დაცულია)

პრემიერის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წლისთავზე ზურაბ ჟვანიას ყველაზე მკაცრი კრიტიკოსებიც კი კომპრომისის განსაკუთრებული უნარისგან ქართული პოლიტიკის დაცლაზე საუბრობენ.

  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG