Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ადგილის ძებნა გრძელდება


უახლოეს ხანში თბილისში მისამართს რამდენიმე სახელმწიფო უწყება შეიცვლის. საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო

მარქსიზმ-ლენინიზმის ყოფილი ინსტიტუტის შენობას დაიკავებს და მისი ერთადერთი ბინადარი იქნება. შესაბამისად,

,,იმელად” წოდებული შენობა ერთდროულად რამდენიმე სახელმწიფო დაწესებულებამ უნდა დაცალოს. მათ შორისაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც თბილისიდან გადატანას ჯერ კიდევ შარშან უპირებდნენ.

მინდა მოგითხროთ წლევანდელ სიახლეზე, რომელიც თავად საკონსტიტუციო სასამართლოში ტელევიზიით შეიტყვეს.



უცნაური დამთხვევაა, მაგრამ, უკვე მეორე წელია, იანვრის თვეში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ადგილის შეცვლაზე საუბარი იწყება. შარშან ქვეყნის მთავრობამ, რეგიონების განვითარებისა და დეცენტრალიზაციის საბაბით, საკონსტიტუციო სასამართლოს თბილისიდან ქუთაისში გადატანა გადაწყვიტა, პრეზიდენტის თანხმობაც მიიღო და პარლამენტის თავმჯდომარის მხარდაჭერაც. მაგრამ აღმასრულებელი ხელისუფლების ამ განზრახვას წინააღმდეგობა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტმა გაუწია, პოლიტიკურად არასწორი გადაწყვეტილების მოტივით. თბილისიდან ქუთაისში საკონსტიტუციო სასამართლოს გადატანის იდეა გასული რამდენიმე თვის განმავლობაში აღარავის გახსენებია:


[ჯონი ხეცურიანის ხმა] ,,ეს საკითხი არ გადაწყვეტილა, ქუთაისში გადასვლის, ან სხვაგან განთავსების საკითხი. კანონში ცვლილება არ მომხდარა და ამაზე გადაწყვეტილება არ არის მიღებული.” (სტილი დაცულია)


საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ჯონი ხეცურიანის მიერ მოხსენიებული კანონი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” პირველად ზუსტად 10 წლის წინ ამოქმედდა. მის 53-ე მუხლში ეწერა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელი ქალაქი მცხეთაა. 2002 წელს კანონის ეს მუხლი შეიცვალა და დღემდე ასეთი რედაქციით მოქმედებს:


[ჯონი ხეცურიანის ხმა] ,,საკონსტიტუციო სასამართლოს ადგილსამყოფელია თბილისი. საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა გააჩნდეს თავისი შენობა. ეს არ შეცვლილა, ამიტომ იმედია, რომ კანონის ეს მოთხოვნა შესრულდება.” (სტილი დაცულია)


კანონის მოთხოვნის შესრულების საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალ შენობაში გადასვლის განკარგულება გასცა. საუბარია რუსთაველის გამზირზე მდებარე ე.წ. იმელის შენობაზე, სადაც დღემდე, კიდევ რამდენიმე უწყებასთან ერთად, საკონსტიტუციო სასამართლო ფუნქციონირებს. ჯონი ხეცურიანი ამბობს, რომ შენობიდან გადასვლის ოფიციალური შეტყობინება სასამართლოს არ მიუღია:


[ჯონი ხეცურიანის ხმა] ,,რაც შეეხება თვითონ შენობის გადაცემის საკითხს სხვა უწყებისთვის, როგორც ჩვენ ეს ტელევიზიით შევიტყვეთ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, ამის თაობაზე ჩვენ ინფორმირებული არა ვართ.” (სტილი დაცულია)


თავის მხრივ, სრულადაა ინფორმირებული საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელიც ჩიტაძის ქუჩიდან გადასვლას, როგორც თავად ამ უწყებაში აცხადებენ, 1997 წლიდან ცდილობდა. სამინისტროში ისიც იციან, რომ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობას გარემონტების შემდეგ ჩაიბარებენ.

ქუთაისში გადატანას გადარჩენილი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის თბილისში ახალი შენობის რაიმე ვარიანტი ჯერჯერობით არ შეუთავაზებიათ. კანონის თანახმად კი, ეს სწორედ ის ორგანოა, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. მომავალი მისამართი, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლოს ქვეყნის მოქალაქეებმა ამ მიზნით უნდა მიაკითხონ, ჯერჯერობით გაურკვეველია.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG