Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის კრიზისული ურთიერთობის დაძლევის პერსპექტივა ჯერჯერობით ბუნდოვანია


იანვრის ენერგოკრიზისის გამო საქართველოსა და რუსეთის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა თებერვალში ახალ ეტაპზე გადაინაცვლებს. მომავალ კვირაში საქართველოს

პარლამენტი ცხინვალის რეგიონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გასვლის საკითხს განიხილავს.
კონფლიქტურ ზონებში რუსი მშვიდობისდამცველების საქმიანობისადმი თბილისის უარყოფითი პოზიცია, რომელიც პარლამენტის მიერ შარშან ოქტომბერში დამტკიცებულ დადგენილებაში გამოიხატა, უცვლელია.
თავის მხრივ, რუსეთი საქართველოს მოუწოდებს, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ფაქტორი - მათ შორის, მომავალი ურთიერთობის პერსპექტივაც - გაითვალისწინოს.

სიტყვები: ისტერია, ვაკხანალია და კაცუნები საქართველოსა და რუსეთის ბოლოდროინდელი ურთიერთობის ლექსიკონიდანაა. ამასთან, პერიოდულად კონსტრუქციული და საქმიანი თანამშრომლობისთვის მზადყოფნაც გაისმოდა. თუმცა, საერთო ჯამში, ორი ქვეყნის ამჟამინდელი ურთიერთობა - როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში - შეფასდა უკიდურეს კრიზისად, რომლის გაგრძელება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი. საფუძველს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტის მიერ შარშან დამტკიცებული დადგენილება, ,,ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი ვითარებისა და სამშვიდობო ოპერაციების მიმდინარეობის შესახებ.”
ამ დოკუმენტის თანახმად, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში დისლოცირებული სამშვიდობო ძალების საქმიანობა უარყოფითად შეფასდა.
პარლამენტმა დაადგინა, რომ თუ 2006 წლის თებერვლამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მყოფი რუსი მშვიდობისდამცველების მოქმედებაში არაფერი შეიცვლება, ისინი რეგიონს დატოვებენ. ვითარება რომ არ შეცვლილა, ამ დღეებში არაერთხელ განაცხადეს საქართველოს როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებაში. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტი საგაზაფხულო სესიის პირველსავე სხდომაზე გეგმავს. მანამდე კონკრეტული კომენტარისგან თავს იკავებს საქართველოში რუსეთის ელჩი ვლადიმერ ჩხიკვიშვილი, თუმცა იმას, რომ კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალების გასვლა სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს, დიპლომატი არც ამჟამად მალავს:

[ვლადიმერ ჩხიკვიშვილის ხმა] ,,თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს საკითხი გააშუქა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მხოლოდ საქართველოს შიდა პოლიტიკური ფაქტორები, არამედ კონფლიქტის ზონებში არსებული სიტუაცია და რუსეთთან ურთიერთობა. წინასწარ არ მსურს იმის თქმა, თუ რა მოხდება, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ სიტუაცია, შესაძლოა, სერიოზულად გამწვავდეს.”

რუსეთთან სერიოზულად გართულებული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების თავიდან აცილების მცდელობად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების ამასწინანდელი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ქვეყანა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრად დარჩება. თუმცა კიდევ ერთ მიზეზს, რომელიც სწორედ სამშვიდობო ძალებს უკავშირდება, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ასახელებს:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ,,რა პასუხი გავცეთ და როგორ მოვიქცეთ სამშვიდობო ძალებთან დაკავშირებით? ეგრევე შევწყვიტოთ ყველაფერი? თუ გამოვიყენოთ დსთ-ს ფორმატი იმისათვის, რომ, როცა ივლისში ვილაპარაკებთ და გადავწყვეტთ აფხაზეთში სამშვიდობო ძალების ყოფნას, მაშინ დავტოვოთ ერთი შანსი იმისა, რომ რუსეთი ჩაანაცვლოს დსთ-ს სხვა ქვეყანამ. მე არ გეუბნებით, რომ ეს აუცილებლად ასე იქნება, მაგრამ ხომ არის ამის შანსი?!” (სტილი დაცულია)

აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობო ძალები სწორედ დსთ-ს ეგიდით მოქმედებენ და ეს გაეროს მიერაა აღიარებული. ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული კონტინგენტისგან განსხვავებით, აფხაზეთში მოქმედ რუს სამხედროებს მოვალეობის რეალურად შესრულების ვადა საქართველოს პარლამენტმა პირველ ივლისამდე დაუწესა. თუკი ამ დრომდე თბილისის პრეტენზიები პრეტენზიებად დარჩება, აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალების გასვლის საკითხს პარლამენტი 15 ივლისისთვის გადაწყვეტს.
საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში რუსი სამხედროების შემდგომი ყოფნის პერსპექტივა მეტ-ნაკლებად რეალურ სახეს მომავალი კვირიდან შეიძენს. ცხინვალის რეგიონის მაგალითზე, დასახული ამოცანის შესრულების საკითხს მომავალ კვირას განიხილავენ ჯერ პრემიერ-მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობა, შემდეგ - ბიურო და, ბოლოს, პარლამენტის სრული შემადგენლობა. მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო სახეს 10 თებერვლისთვის შეიძენს. მის შინაარსს რუსეთში უკვე მიიჩნევენ საქართველოსთან შემდგომი ურთიერთობის ახალ ტესტად.
  • 16x9 Image

    ნინო როდონაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან.

XS
SM
MD
LG